ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

სტიპენდიის პროგრამა, რომელიც 2009 წელს დაიწყო, გრძელდება 5-9 თვის განმავლობაში და შერჩეულ ახალგაზრდებს სთავაზობს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგზრდა მკვლევარებისათვის შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. პროგრამა ასევე აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად.

ალექსანდრე ჯიშკარიანი

ალექსანდრე ჯიშკარიანი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ეკონომიკაში და არის ჯიპა-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) სახელმწიფო მართვის მაგისტრი. CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, ალექსანდრე იყო სხვადასხვა კვლევითი და ანალიტიკური პროექტის მონაწილე. 2011-2012 წლებში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) პროგრამის ფარგლებში, ის მუშაობდა პოლიტიკის დოკუმენტის შედგენაზე, რომელიც ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო და კერძო სექტორთან თანამშრომლობის პერსპექტივების შესწავლას. ალექსანდრეს ასევე აქვს განვითარების პროექტებსა და ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება (ბრიტანეთის საბჭო, ბრიტანეთის საელჩო) და არის მრავალი საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის მონაწილე. მისი ძირითადი კვლევითი ინტერესი მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების განვითარებისა და სპორტის სფეროებს.

ედიშერ ბაღათურია

ედიშერ ბაღათურია ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში და აგრძელებს სწავლას ამავე უნივერსიტეტში დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე. CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ედიშერი ჩართული იყო ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მედიამონიტორინგის პროექტში. ასევე, მუშაობდა დარმშტადტის უნივერსიტეტის პროექტში – ,,ევროკავშირის მიერ დემოკრატიის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში“ – მკვლევარ-ინტერვიუერად. ედიშერმა ასევე გაიარა ანალიტიკოსთა მომზადების სტაჟირების პროგრამა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS). მისი ინტერესის სფეროები მოიცავს საგარეო პოლიტიკის ანალიზსა და უსაფრთხოების საკითხებს. ასევე, სოციალურ და კულტურის გეოგრაფიას.

თამარ ჩხაიძე

თამუნა ჩხაიძე ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძირითადი სპეციალობით ფსიქოლოგიაში. ამჟამად სწავლობს ამავე ფაკულტეტის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე – ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია. CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, თამუნა მონაწილეობდა შვეიცარიის აკადემიური ქსელის მიერ დაფინანსებულ კვლევით პროექტში, რომლის მიზანი იყო ქართველი ახალგაზრდების ეროვნული და რელიგიური შეხედულებების შესწავლა და ასრულებდა ფოკუს-ჯგუფების მოდერატორის მოვალეობას USAID-ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) დაფინანსებით განხორციელებულ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შუალედურ შეფასებით კვლევაში. ასევე, მონაწილეობა მიიღო აუტისტური სპექტრის დარღვევების სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტის ქართულ პოპულაციაზე ადაპტაცია-ნორმირების მიზნით თბილისის მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში და იყო პრაქტიკანტი მაკლეინის ასოციაციაში (McLain Association for Children (MAC). ის ასევე მონაწილეობდა „Youth in Action Program“-ში, რომელიც ჩატარდა მასარიკის უნივერსიტეტში, ბრნოში, ჩეხეთში. მისი ძირითადი კვლევითი ინტერესია ადამიანის არსებობის ისტორიის მანძილზე სხვადასხვა კულტურათა მრავალფეროვნებისა და კომპლექსურობის შესწავლა.

მაკა ჩხაიძე

მაკა ჩხაიძეს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურული, პოლიტიკური და სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით. ამჟამად ის არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი კულტურის კვლევების მიმართულებით. „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ მონაწილეობამდე, მას უმუშავია არაერთ კვლევით პროექტზე. მის კვლევის ინტერესებში შედის უმცირესობათა საკითხები, ქალთა უფლებები და სუბკულტურები.

ზაქარია თავბერიძე

ზაქარია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტია. CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, ზაქარია ჩართული იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „ინტერნიუსი – საქართველოს“ მედიამონიტორინგის პროექტებში. ის ასევე მუშაობდა მონიტორინგის სპეციალისტად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. მისი კვლევითი ინტერესები მედიას, სოციალურ კაპიტალსა და სეგრეგაციას უკავშირდება. გარდა ამისა, ზაქარია დაინტერესებულია ფილოსოფიით, თანამედროვე სოციალური თეორიებითა და ვიზუალური სოციოლოგიით.

რატი შუბლაძე

რატი შუბლაძე ფლობს ბაკალავრის დიპლომს სოციალურ მეცნიერებებში სოციოლოგის სპეციალობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად სწავლობს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სამაგისტრო პროგრამაზე. CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, ის მონაწილეობდა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებულ 2012 წლის წინასაარჩევნო მედიამონიტორიგნის პროგრამაში. მისი ინტერესის სფეროებია კავკასიური კვლევები, მედია და არჩევნები.

დავით ქობალია

დავითი ფლობს ბაკალავრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში და აგრძელებს სწავლას ევროპისმცოდნეობის მაგისტრის სპეციალობაზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში მოსვლამდე, დავითი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში ადამიანური რესურსების მართვისა და სხვა მიმართულებით. მისი კვლევითი ინტერესის სფერო მოიცავს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარდაქმნის დინამიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მადონა შილდელაშვილი

მადონა შილდელაშვილს აქვს ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში. მისი სპეციალობაა საერთაშორისო ურთიერთობები. ვიდრე კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის“ მონაწილე გახდებოდა, პროგრამა “Joint Civic Education”-ის ფარგლებში, იგი ხელმძღვანელობდა მოხალისეობრივ პროექტს. მადონამ ასევე გაიარა სტაჟირება ამერიკის საელჩოსა და საქართველოს მშვიდობის კორპუსში. მის კვლევით ინტერესებში შედის არასრულწლოვანთა დანაშაული და უმუშევრობა.