ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა
სტიპენდიის პროგრამა, რომელიც 2009 წელს დაიწყო, გრძელდება 5-9 თვის განმავლობაში და შერჩეულ ახალგაზრდებს სთავაზობს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგზრდა მკვლევარებისათვის შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. პროგრამა ასევე აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად.

ნინო მჟავანაძე
ნინო მაგისტრატურის ბოლო კურსის სტუდენტია და სწავლობს სოციოლოგიის პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, ის ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ის მონაწილეობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოებულ პროექტში – მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერა – სადაც ჩართული იყო როგორც მოსამზადებელ სამუშაოებში, ისე უშუალოდ მოსახლეობის აღწერის პროცესში ლოკალურ ზედამხედველად. მას აქვს სოციოლოგიურ კვლევებში მონაწილების გამოცდილებაც.
ნინოს კვლევითი ინტერესები, ძირითადად, უკავშირდება სოციალურ და კულტურულ საკითხებს.

ზაქარი ფაბოსი
ზაქარი ფაბოსმა ბაკალავრის საფეხური რუზველტის უნივერსიტეტში დაასრულა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, მაგისტრის ხარისხი კი ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღო ანთროპოლოგიაში. CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ზაქარი საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისედ მუშაობდა. იგი სამხრეთ კავკასიაში ამერიულ კვლევითი ინსტიტუტის (ARISC) კოლაბორაციული მემკვიდრეობის მართვის პროგრამის სტაჟიორი იყო და კახეთის რეგიონში კულტურის შენარჩუნების საკითხებზე მუშაობდა. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: მემკვიდრეობას, მეხსიერებას, ადგილისა და სივრცის ტრანსფორმაციასა და მის გავლენას იდენტობასა და კულტურულ გამოხატულებაზე კავკასიაში.

ზაკ ვაისი
ზაკს მიღებული აქვს ბაკალავრის ორმაგი ხარისხი პოლიტიკური მეცნიერებისა და რუსეთისა და ევრაზიის კვლევების მიმართულებით კოლორადოს კოლეჯიდან, სადაც მისი კვლევის ფოკუსი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა იყო. CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, ზაკი ერთი სემესტრის განმავლობაში თბილისში სწავლობდა პოსტ-საბჭოთა პოლიტიკასა და რუსულ ენას. მას ასევე ჩატარებული აქვს კვლევები შიდა პოლიტიკისა და საგარეო ურთიერთობების შესახებ ყირგიზეთში, ალბანეთსა და მონტენეგროში. მისი კვლევითი ინტერესები საჯარო პოლიტიკას, საგარეო დახმარებასა და დიპლომატიას მოიცავს.

ოლივია რუთი
პენსილვანიისა (ბაკალავრის ხარისი) და ოქსფორდის (მაგისტრის ხარისხი) უნივერსიტეტების კურსდამთავრებული ოლივია რუთი ბოლო პერიოდში ისეთ ორგანიზაციებში მუშაობდა, როგორებიცაა “გასაჭირში მყოფი ხალხი” (People in Need) და კონფლიქტის ტრანსფორმაციის ცენტრი (Imagine Center for Conflict Transformation). მანამდე ოლივია მშვიდობის კორპუსის მოხალისე იყო სომხეთში და ლუცის მკვლევარი ტაილანდში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს მიგრაციასა და იდენტობას, უმცირესობებს, ნაციონალიზმსა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესებს.

საშა სლობოდოვი
საშა სლობოდოვი ამჟამად ტორონტოს უნივერსიტეტში, ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში მაგისტრატურას ასრულებს. CRRC-ში მოსვლამდე იგი კანადაში მუშაობდა ასოცირებულ მკვლევრად მშვიდობისა და დიპლომატიის ინსტიტუტში, ასევე კვლევის ასისტენტად ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, და ინგლისური ენის მასწავლებლად ესპანეთში. მან ბაკალავრის დიპლომი ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტიდან მიიღო, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, და ერთი წელი ლიონის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში ევროპეისტიკის შესწავლას მიუძღვნა.
მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ენერგო გეოპოლიტიკას, სამოქალაქო საზოგადოებასა და განახლებად ენერგიაზე გადასვლას, ფართო ფოკუსით სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, ცენტრალურ აზიასა და რუსეთზე. საშა ინგლისურად, ფრანგულად, რუსულად და ესპანურად საუბრობს.

ჯულია შავიერი
ჯულია მაგისტრატურას ასრულებს ევროპისა და რუსეთის საკითხების მიმართულებით ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის მეცნიერებათა ცენტრში, ტორონტოს უნივერსიტეტში. იგი იმავე უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საბჭოს სტიპენდიანტია. ჯულიას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი წარჩინებით ტორონტოს უნივერსიტეტში ისტორიისა და გენდერულ საკითხთა მიმართულებით. მისი ინტერესები მოიცავს გენდერის გავლენას საჯარო პოლიტიკის წარმოებაზე და გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ქალთა წინააღმდეგობის ფორმებს. ჯულიას მშობლიური ენა ინგლისურია. იგი რუსულ ენასაც ფლობს.

შაიმა ელჰოუილი
შაიმა ელჰოუილის სოციოლოგიის ბაკალავრის ხარისხი ეგვიპტეში ალექსანდრიას უნივერსიტეტიდან აქვს მიღებული. სწავლის დროს მისი კვლევა ძირითადად საზოგადოების მდგრადობასა და ქალთა უფლებებს ეხებოდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იგი ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობდა, სადაც ახლო აღმოსავლეთში ადამიანის უფლებებითა და რეგიონში ძალადობის მიზეზებით ინტერესდებოდა. ასევე წერდა ხელოვნებისა და საზოგადოების განვითარების შესახებ. 2018 წელს შაიმამ გამოიკვლია და გამოაქვეყნა სტატია ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების შესახებ. გარდა ამისა, იგი ანტისემიტიზმის საკითხებზე თავისუფალ მკვლევრად მუშაობდა ეგვიპტეში კინო წარმოების კომპანიაში და გრაფიკული ილუსტრატორიც იყო.