ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

სტიპენდიის პროგრამა, რომელიც 2009 წელს დაიწყო, გრძელდება 5-9 თვის განმავლობაში და შერჩეულ ახალგაზრდებს სთავაზობს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგზრდა მკვლევარებისათვის შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. პროგრამა ასევე აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად.

ქეთრინ ქამჰენგუონგი

ქეთრინს აქვს მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევრაზიის კვლევებში ინდიანას უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ახლო აღმოსავლეთის კვლევებში ტულანის უნივერსიტეტიდან. მას მიღებული აქვს ფულბრაითის გრანტი ხულოსა და დმანისში სამაგისტრო კვლევის ჩასატარებლად საქართველოს სოფლის მუსლიმების გამოცდილების შესწავლასთან დაკავშირებით. CRRC-საქართველოს გარდა, ის მუშაობს როგორც თავისუფალი მწერალი და რედაქტორი Binding Hook-ში (პუბლიკაცია, რომელიც ორიენტირებულია ციფრულ და განვითარებად ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოებაზე ევროპაში). ის ასევე ასწავლიდა ინგლისურ ენას მთიან აჭარაში ორი წლის განმავლობაში და მუშაობდა მოხალისედ Batumi Raptor Count-ში. მისი ფართო კვლევის ინტერესები ქართველ მუსლიმ თემებს უკავშირდება, თუმცა ის ასევე დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში რელიგიური, ეთნიკური და ენობრივი უმცირესობებით, კვების კულტურებითა და გარემოსდაცვითი საკითხებით. ის არის ავტორი ბრილის ევროპის მუსლიმთა შესახებ ყოველწლიური წიგნის “მუსლიმები ევროპაში 2022 წლიდან” საქართველოს ნაწილისა.

თინათინ გაგოშიძე

თინათინ გაგოშიძე გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრია. ის ასევე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხს. უნივერისტეტში სწავლისას მას ჩატარებული აქვს როგორც თვისებრივი ასევე რაოდენობრივი კვლევები. მისი სამაგისტრო ნაშრომი შეეხებოდა სკოლის მასწავლებელთა აღქმული სოციალური სტატუსის, მათი სოციალური იდენტობისა და კარგად ყოფნის ურთიერთმიმართების დადგენას. თინათინი იყო ახალგაზრდული გუნდის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციაში ,,პრევენცია პროგრესისთვის“ სადაც მუშაობდა  ორგანიზაციის პრიორიტეტულ მიმართულებებზე – ბავშვთა კეთილდღეობა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. ამასთან, აქვს სამუშაო გამოცდილება სერვისის განვითარებისა და მონიტორინგის მიმართულებით. თინათინის კვლევითი ინტერესები შეეხება განათლების პოლიტიკის, ბავშვთა კეთილდღეობისა და საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებებისა და სოციალური განვლენების კვლევას.

თამარ უზუნაშვილი

თამარ უზუნაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის მაგისტრია. ხოლო ბაკალავრის ხხარისხი მიღებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით. CRRC-ში მოსვლამდე გავლილი აქვს GIPA-სა და სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის ერთობლივი სასერთიფიკატო პროგრამა საჯარო პოლიტიკის ანალიზის მიმართულებით. უმუშავია პოლიტიკის დოკუმენტების შექმნაზე.  უნივერსიტეტის კურსების ფარგლებში შესრულებული აქვს სხვადასხვა კვლევა, ძირითადად თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. გარდა ამისა, მას ACT Georgia-ს მუნიციპალური სერვისებით კმაყოფილების კვლევის ფარგლებში სიღრმისეული ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების ჩატარების გამოცდილება აქვს.  მისი ძირითადი კვლევითი ინტერესი უკავშირდება განათლების პოლიტიკასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს.

ნინო ლობჟანიძე

ნინო ლობჟანიძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ბაკალავრია. ვიდრე CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამას“ შემოუერთდებოდა, ნინომ ქოფირაითერად მუშაობის გამოცდილება მიიღო. ის პარალელურად ჩართულია კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაციის, „სტუდია გეორგიკას“ პროექტში – „Podcast De Re Publica“, რომლის მიზანია კულტურული იდენტობისა და ქართული სახელმწიფოებრივი აზრის განვითარების დინამიკის შესწავლა-გავრცელება. მისი კვლევითი ინტერესები კულტურულ და სოციალურ საკითხებს მოიცავს.

ჯონ ამუნდსონი

ჯონ ამუნდსონი CRRC-საქართველოს 2014 წლის მაისში შემოუერთდა “საერთაშორისო სტაჟირების პროგრამის” ფარგლებში. ის არის მაგისტრატურის სტუდენტი ტორონტოს უნივერსიტეტში, მუნკის სკოლის ევროპული, რუსული და ევრაზიული კვლევების ცენტრში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს საინფორმაციო მედიას, საგარეო პოლიტიკას, აღმოსავლეთ ევროპასა და ამერიკას. ჯონი ორი წელი ცხოვრობდა და მუშაობდა ოდესაში, უკრაინაში და სანქტ-პეტერბურგში, რუსეთში.

ოთარ ჯინჭარაძე

ოთარ ჯინჭარაძე პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია. მას, ასევე, მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი. Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბაკალავრის საფეხურზე, განათლება მიღებული აქვს იანოს კოდოლანის უნივერსიტეტში, ბუდაპეშტში, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, ოთარს სამუშაო გამოცდილება დაუგროვდა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის კვლევების განყოფილებაში და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში. ასევე, მან მიიღო საუკეთესო დელეგატის წოდება ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ LEAP-ის სიმულაციურ პროექტში, რომელიც გაიმართა კოსოვოში. ოთარის კვლევითი ინტერესები მოიცავს რუსეთისა და ევროკავშირის აქტივობებზე დაკვირვებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

ნინო ანჩაბაძე

ნინო ანჩაბაძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხს. CRRC- საქართველოს “ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში” ჩართვამდე, უნივერსიტეტში სწავლისას, მას ჩატარებული აქვს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევები, საიდანაც ერთ-ერთი დაიბეჭდა სტუდენტურ სამეცნიერო ჟურნალ „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებებში“. ასევე, მოხალისეობრივად ჩართული იყო საერთაშორისო კვლევით პროექტში – „რელიგიურობა, სულიერება და რწმენა, რომელიც ამართლებს ომს“. მისი კვლევითი  ინტერესები მოიცავს  სოციალური ფსიქოლოგიის საკითხებს.

თეიმურაზ კობახიძე

თეიმურაზ კობახიძეს მიღებული აქვს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი. თეიმურაზი ჩართულია პროევროპულ კამპანიაში – „27+1“,  სადაც ის მკვლევრის პოზიციაზე მუშაობს. კამპანიის ფარგლებში, იგი აქტიურად არის ჩართული ღონისძიებების ორგანიზებაში. მისი კვლევის ინტერესებია: დემოკრატია, პროპაგანდა, ჩინეთის პოლიტიკა და საერთაშორისო უსაფრთხოება. მისი საბაკალავრო ნაშრომი იკვლევს ჩინეთის პოლიტიკას რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს.