ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

„ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა“ CRRC-საქართველოს სასტიპენდიო პროგრამას წარმოადგენს, რომელიც 2009 წლიდან არსებობს. პროგრამა 5-9 თვე გრძელდება და შერჩეულ ახალგაზრდებს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას სთავაზობს. ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგაზრდა მკვლევართათვის, შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული პროგრამები, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. ასევე, „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა“ საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად. ახალგაზრდა მკვლევრებს მოეთხოვებათ ისეთ კომპლექსურ კვლევით პროექტებში ჩართვა, რომლებიც საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. ასევე, მათ მოეთხოვებათ ანალიტიკური პოლიტიკის ნარკვევების წერაში მონაწილეობის მიღება, გუნდის აქტიური წევრობა და შრომისმოყვარეობა.

საკონტაქტო ინფორმაცია: თამარ ხოშტარია, ელფოსტა: tamuna@crrccenters.org 

ოთარ ჯინჭარაძე

ოთარ ჯინჭარაძე პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია. მას, ასევე, მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი. Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბაკალავრის საფეხურზე, განათლება მიღებული აქვს იანოს კოდოლანის უნივერსიტეტში, ბუდაპეშტში, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, ოთარს სამუშაო გამოცდილება დაუგროვდა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის კვლევების განყოფილებაში და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში. ასევე, მან მიიღო საუკეთესო დელეგატის წოდება ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ LEAP-ის სიმულაციურ პროექტში, რომელიც გაიმართა კოსოვოში. ოთარის კვლევითი ინტერესები მოიცავს რუსეთისა და ევროკავშირის აქტივობებზე დაკვირვებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

ნინო ანჩაბაძე

ნინო ანჩაბაძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხს. CRRC- საქართველოს “ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში” ჩართვამდე, უნივერსიტეტში სწავლისას, მას ჩატარებული აქვს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევები, საიდანაც ერთ-ერთი დაიბეჭდა სტუდენტურ სამეცნიერო ჟურნალ „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებებში“. ასევე, მოხალისეობრივად ჩართული იყო საერთაშორისო კვლევით პროექტში – „რელიგიურობა, სულიერება და რწმენა, რომელიც ამართლებს ომს“. მისი კვლევითი  ინტერესები მოიცავს  სოციალური ფსიქოლოგიის საკითხებს.

თეიმურაზ კობახიძე

თეიმურაზ კობახიძეს მიღებული აქვს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი. თეიმურაზი ჩართულია პროევროპულ კამპანიაში – „27+1“,  სადაც ის მკვლევრის პოზიციაზე მუშაობს. კამპანიის ფარგლებში, იგი აქტიურად არის ჩართული ღონისძიებების ორგანიზებაში. მისი კვლევის ინტერესებია: დემოკრატია, პროპაგანდა, ჩინეთის პოლიტიკა და საერთაშორისო უსაფრთხოება. მისი საბაკალავრო ნაშრომი იკვლევს ჩინეთის პოლიტიკას რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს.

ქრისტინე ჯინჭველეიშვილი

ქრისტინე ჯინჭველეიშვილი დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრია. მას ასევე მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში. როგორც ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის სტიპენდიატი, ქრისტინე სწავლობდა საფრანგეთში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში. CRRC-საქართველოს ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში ჩართვამდე, ის აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში და მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობების სხვადასხვა საკითხზე. ქრისტინეს კვლევითი ინტერესები მოიცავს დემოკრატიზაციას, უსაფრთხოების გამოწვევებსა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

ნუცა მეცხვარიშვილი

ნუცა მეცხვარიშვილს მიღებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში. CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, ნუცას კვლევით კომპანია ACT-ში სატელეფონო ინტერვიუერად და ტრანსკრიპტერად მუშაობის გამოცდილება აქვს. იგი მუშაობდა შემდეგ კვლევებზე: ბაზრის კვლევა, კმაყოფილების კვლევა და სხვა. ასევე, უნივერსიტეტში სწავლის დროს ჩართული იყო სხვადასხვა კვლევით პროექტში. მისი კვლევითი ინტერესები ეხება დასაქმებისა და შრომითი უსაფრთხოების საკითხებს.

ნინო თოფჩიშვილი

ნინო თოფჩიშვილს მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ბაკალავრის ხარისხი. CRRC-საქართველოში მოსვლამდე გავლილი აქვს სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ანალიტიკურ დეპარტამენტში. მას უნივერსიტეტის კურსების ფარგლებში შესრულებული აქვს სხვადასხვა კვლევა, უმეტესწილად თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს სოციალურ სტრატიფიკაციას, ეკონომიკურ და სოციალურ უთანასწორობას, მიგრაციას, ურბანულ განვითარებასა და შრომის სოციოლოგიას. მისი საბაკალავრო ნაშრომი შრომის სოციოლოგიის საკითხებს ეხება.

ეკა ჯიქიძე

ეკა ჯიქიძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიაში. ამავე უნივერსიტეტში მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში. CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, იგი მუშაობდა კვლევით პროექტებზე განათლების მიმართულებით. მისი კვლევითი ინტერესები ძირითადად კულტურულ და სოციალურ საკითხებს მოიცავს.

ნათია ლილუაშვილი

ნათია ლილუაშვილს მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში. ასევე, ფლობს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სახელმწიფო მართვასა და საჯარო ადმინისტრირებაში. CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, ნათია აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა კვლევით პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში. საკვლევი საკითხები ძირითადად მოიცავდა ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში და საარჩევნო ქცევის განსაზღვრას. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს გენდერის, გარემოსდაცვით და კულტურის საკითხებს.