ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

„ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა“ CRRC-საქართველოს სასტიპენდიო პროგრამას წარმოადგენს, რომელიც 2009 წლიდან არსებობს. პროგრამა 5-9 თვე გრძელდება და შერჩეულ ახალგაზრდებს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას სთავაზობს. ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგაზრდა მკვლევართათვის, შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული პროგრამები, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. ასევე, „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა“ საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად. ახალგაზრდა მკვლევრებს მოეთხოვებათ ისეთ კომპლექსურ კვლევით პროექტებში ჩართვა, რომლებიც საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. ასევე, მათ მოეთხოვებათ ანალიტიკური პოლიტიკის ნარკვევების წერაში მონაწილეობის მიღება, გუნდის აქტიური წევრობა და შრომისმოყვარეობა.

საკონტაქტო ინფორმაცია: თამარ ხოშტარია, ელფოსტა: tamuna@crrccenters.org 

ოთო სალდაძე

ოთო სალდაძე ფლობს სოციოლოგიის ბაკალავრის დიპლომს და ამჟამად სწავლობს სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სამაგისტროზე პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, იგი მონაწილეობდა სხვადასხვა სოციოლოგიურ და ანთროპოლოგიურ კვლევით პროექტებში. ბაკალავრიატის პერიოდში, სტუდენტურ საინიციატივო ჯგუფთან ერთად ახორციელებდა პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს სოფლებში მცხოვრებთა და ეკოლოგიურ მიგრანტთა პრობლემების შესწავლასა და საზოგადოებისთვის გაცნობას. მისი კვლევითი ინტერესები სოციალურ და კულტურულ საკითხებს უკავშირდება.

მახარე აჭაიძე

მახარე ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და მედიის სოციოლოგიის მაგისტრანტია. ასევე, მას დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მეორადი სპეციალობით ჟურნალისტიკაში. მას სხვადასხვა კვლევით კომპანიაში სატელეფონო და პირისპირ ინტერვიუერად მუშაობის გამოცდილება აქვს. ასევე, მუშაობდა მონაცემთა ბაზების ფორმატირებაზე. მახარე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „ნოვაციოს“ თანადამფუძნებელია. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: კულტურას, მედიასა და მასობრივი კომუნიკაციებს.

ნათია მოსიაშვილი

ნათიამ 2016 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს სოციოლოგიის ბაკალავრის ხარისხს. ფართო კვლევითი ინტერესების გამო, მან გადაწყვიტა ჯერ მიეღო პრაქტიკული გამოცდილება და ამის შემდეგ გაეგრძელებინა აკადემიური საქმიანობა. ნათიას კვლევით ინტერესებს წარმოადგენს გარდამავალი დემოკრატიული პროცესები, საჯარო პოლიტიკა, განათლება, სტრუქტურული უთანასწორობა და გენდერული საკითხები.

თორნიკე ბაქაქური

თორნიკე ბაქაქური ფლობს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს ფსიქოლოგიაში, ამჟამად კი ასრულებს გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი გახლდათ ერაზმუს მუნდუსისა და სხვა გაცვლითი პროგრამების მონაწილე. CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, გაიარა სტაჟირება GPI-ჰოლდინგსა და საქართველოს რეფორმების ასოციაციაში. მისი ინტერესები მოიცავს სოციალური ინტერვენციის პროგრამებს, წინასაარჩევნო განწყობებსა და განათლების რეფორმებს.

თამარ გველესიანი

თამუნა მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ფსიქოლოგიაში ამავე უნივერსიტეტიდან. 2015 წელს იყო ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ მონაწილეობამდე, ის ჩართული იყო სხვადასხვა ფსიქოლოგიურ და სოციოლოგიურ კვლევებში. ასევე, მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში. მისი კვლევითი ინტერესები უმაღლესი განათლებისა და სოციალური პრობლემების სფეროებს უკავშირდება.

ნიკა ნასრაშვილი

ნიკა ნასრაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრის აკადემიური ხარისხით პოლიტიკის მეცნიერებებში. ამჟამად ის სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. მის კვლევით ინტერესებს მოიცავს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, დემოკრატია, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები.

ეთო გაგუნაშვილი

ეთო გაგუნაშვილი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს სოციოლოგიაში. ამჟამად იმავე უნივერსიტეტში სწავლობს სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე. CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ეთო მუშაობდა მარკეტინგის მიმართულებით. ასევე, იგი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კვლევით პროექტში.

ნინო მჟავანაძე

ნინო მაგისტრატურის ბოლო კურსის სტუდენტია და სწავლობს სოციოლოგიის პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, ის ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ის მონაწილეობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოებულ პროექტში – მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერა – სადაც ჩართული იყო როგორც მოსამზადებელ სამუშაოებში, ისე უშუალოდ მოსახლეობის აღწერის პროცესში ლოკალურ ზედამხედველად. მას აქვს სოციოლოგიურ კვლევებში მონაწილების გამოცდილებაც. ნინოს კვლევითი ინტერესები, ძირითადად, უკავშირდება სოციალურ და კულტურულ საკითხებს.