ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

„ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა“ CRRC-საქართველოს სასტიპენდიო პროგრამას წარმოადგენს, რომელიც 2009 წლიდან არსებობს. პროგრამა 5-9 თვე გრძელდება და შერჩეულ ახალგაზრდებს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას სთავაზობს. ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგაზრდა მკვლევართათვის, შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული პროგრამები, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. ასევე, „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა“ საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად. ახალგაზრდა მკვლევრებს მოეთხოვებათ ისეთ კომპლექსურ კვლევით პროექტებში ჩართვა, რომლებიც საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. ასევე, მათ მოეთხოვებათ ანალიტიკური პოლიტიკის ნარკვევების წერაში მონაწილეობის მიღება, გუნდის აქტიური წევრობა და შრომისმოყვარეობა.

საკონტაქტო ინფორმაცია: თამარ ხოშტარია, ელფოსტა: tamuna@crrccenters.org 

დავიდ მზიკიანი

დავით მზიკიანი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში და მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებებში და დემოკრატიზაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური სამაგისტრო პროგრამიდან. CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, იგი ჩართული იყო არასამთავრობო და კერძო სექტორის სხვადასხვა პროექტში. მისი კვლევითი ინტერესები ეხება პოლიტიკურ ტრანსფორმაციებს სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

ნინო ზუბაშვილი

ნინო ფლობს მაგისტრის ხარისხს პოლიტიკის მეცნიერებაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ევროპისმცოდნეობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ის ასევე სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტში გაცვლითი სტუდენტის სტატუსით. „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, ნინო მონაწილეობდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის რამდენიმე კვლევით პროექტში: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ პროექტში კავშირი საჯარო პოლიტიკას, მიგრაციასა და განვითარებას შორის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებულ 2014 წლის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის პროექტში. ის ასევე იყო კვლევითი სტაჟიორი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში, ამას გარდა გავლილი აქვს სტაჟირება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტსა და საქართველოს პარლამენტში. მის კვლევით ინტერესებში შედის როგორც საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური განვითარების სხვადასხვა საკითხი, სამოქალაქო ცნობიერება და სოციალური კაპიტალი, ასევე ადამიანის უფლებები, ადამიანის უსაფრთხოება და კონფლიქტები.

მარი მეხრიშვილი

მარი მეხრიშვილს მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ოსთფოლდის უნივერსიტეტში, სადაც გაიარა ბაკალავრიატის ბოლო კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის განხრით სამწლიანი სწავლის შემდეგ. CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, მარი მუშაობდა ორგანიზაცია “GeoWel Research“-ში, სადაც ჩართული იყო სამაგიდო კვლევებსა და ინტერვიუებში ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. მისი კვლევითი ინტერესები ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასთანაა დაკავშირებული. ასევე, ის დაინტერესებულია უმცირესობათა საკითხებით.

მარიამ ლონდარიძე

მარიამ ლონდარიძემ 2014 წელს მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მეორადი სპეციალობით ბიზნესის ადმინისტრირებაში. CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ის იყო ახალგაზრდა მკვლევარი პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფში (PMCG). ის მუშაობდა ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენის შექმნაზე, რომელშიც მიმოხილული იყო ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროცესები. მანამდე, ის ჩართული იყო ინფორმაციული ტექნოლოგიების კერძო სადისტრიბუციო კომპანიის მარკეტინგულ კვლევაში. მის კვლევით ინტერესებში შედის ეკონომიკური და სოციალური საკითხები.

მაია კომახიძე

მაია ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში2009 და 2013 წლებში მან მოიპოვა სტიპენდია აშშ-სა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სწავლის გასაგრძელებლად. „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ მონაწილეობამდე, ის მუშაობდა ფაქტჩეკში, როგორც პროექტის ასისტენტი და გრანტების ოფიცერი. მისი კვლევით ინტერესების სფერო მოიცავს განვითარებადი ქვეყნების საჯარო პოლიტიკას, სოციალურ და პოლიტიკურ ტრანსფორმაციებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სამოქალაქო ჩართულობასა, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და გლობალურ მმართველობას.

თამარ გზირიშვილი

თამარს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი პოლიტოლოგიასა და ფილოსოფიაში კლარკის უნივერსიტეტიდან. კლარკში სწავლისას, მან ერთი სემესტრი ამერიკულ უნივერსიტეტში გაატარა, სადაც გაიარა მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების პროგრამა. ამჟამად თამარი ასრულებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპაიერის უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას საჯარო მმართველობაში. CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, თამარი მუშაობდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ მკვლევრის პოზიციაზე. მისი ინტერესები მოიცავს კონფლიქტებს, იდენტობის საკითხებსა და ნაციონალიზმს.

ალექსანდრე ჯიშკარიანი

ალექსანდრე ჯიშკარიანი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ეკონომიკაში და არის ჯიპა-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) სახელმწიფო მართვის მაგისტრი. CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, ალექსანდრე იყო სხვადასხვა კვლევითი და ანალიტიკური პროექტის მონაწილე. 2011-2012 წლებში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) პროგრამის ფარგლებში, ის მუშაობდა პოლიტიკის დოკუმენტის შედგენაზე, რომელიც ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო და კერძო სექტორთან თანამშრომლობის პერსპექტივების შესწავლას. ალექსანდრეს ასევე აქვს განვითარების პროექტებსა და ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება (ბრიტანეთის საბჭო, ბრიტანეთის საელჩო) და არის მრავალი საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის მონაწილე. მისი ძირითადი კვლევითი ინტერესი მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების განვითარებისა და სპორტის სფეროებს.

ედიშერ ბაღათურია

ედიშერ ბაღათურია ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში და აგრძელებს სწავლას ამავე უნივერსიტეტში დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე. CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ედიშერი ჩართული იყო ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მედიამონიტორინგის პროექტში. ასევე, მუშაობდა დარმშტადტის უნივერსიტეტის პროექტში – ,,ევროკავშირის მიერ დემოკრატიის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში“ – მკვლევარ-ინტერვიუერად. ედიშერმა ასევე გაიარა ანალიტიკოსთა მომზადების სტაჟირების პროგრამა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS). მისი ინტერესის სფეროები მოიცავს საგარეო პოლიტიკის ანალიზსა და უსაფრთხოების საკითხებს. ასევე, სოციალურ და კულტურის გეოგრაფიას.