ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

„ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა“ CRRC-საქართველოს სასტიპენდიო პროგრამას წარმოადგენს, რომელიც 2009 წლიდან არსებობს. პროგრამა 5-9 თვე გრძელდება და შერჩეულ ახალგაზრდებს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას სთავაზობს. ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგაზრდა მკვლევართათვის, შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული პროგრამები, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. ასევე, „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა“ საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად. ახალგაზრდა მკვლევრებს მოეთხოვებათ ისეთ კომპლექსურ კვლევით პროექტებში ჩართვა, რომლებიც საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. ასევე, მათ მოეთხოვებათ ანალიტიკური პოლიტიკის ნარკვევების წერაში მონაწილეობის მიღება, გუნდის აქტიური წევრობა და შრომისმოყვარეობა.

საკონტაქტო ინფორმაცია: თამარ ხოშტარია, ელფოსტა: tamuna@crrccenters.org 

ნინო თოფჩიშვილი

ნინო თოფჩიშვილს მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ბაკალავრის ხარისხი. CRRC-საქართველოში მოსვლამდე გავლილი აქვს სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ანალიტიკურ დეპარტამენტში. მას უნივერსიტეტის კურსების ფარგლებში შესრულებული აქვს სხვადასხვა კვლევა, უმეტესწილად თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს სოციალურ სტრატიფიკაციას, ეკონომიკურ და სოციალურ უთანასწორობას, მიგრაციას, ურბანულ განვითარებასა და შრომის სოციოლოგიას. მისი საბაკალავრო ნაშრომი შრომის სოციოლოგიის საკითხებს ეხება.

ეკა ჯიქიძე

ეკა ჯიქიძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიაში. ამავე უნივერსიტეტში მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში. CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, იგი მუშაობდა კვლევით პროექტებზე განათლების მიმართულებით. მისი კვლევითი ინტერესები ძირითადად კულტურულ და სოციალურ საკითხებს მოიცავს.

ნათია ლილუაშვილი

ნათია ლილუაშვილს მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში. ასევე, ფლობს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სახელმწიფო მართვასა და საჯარო ადმინისტრირებაში. CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, ნათია აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა კვლევით პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში. საკვლევი საკითხები ძირითადად მოიცავდა ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში და საარჩევნო ქცევის განსაზღვრას. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს გენდერის, გარემოსდაცვით და კულტურის საკითხებს.

მელორ შენგელია

მელორ შენგელიას მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციოლოგიაში. ამჟამად ის ამავე უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრანტია. მელორს აქვს მიზნობრივ სამეცნიერო კვლევით პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს საჯარო პოლიტიკის,მედიისა და ჯანდაცვის საკითხებს.

დავით ლურსმანაშვილი

დავითმა საერთაშორისო ურთიერთობებში ბაკალავრის ხარისხი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მიიღო. იგი ერაზმუს მუნდუსისა და მომავლის ლიდერთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობდა ნიდერლანდებსა და აშშ-ში. დავითი თავისი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მუშაობდა სტაჟიორად. ასევე, მას აქვს ტურისტულ კომპანიაში ინგლისურენოვან გიდად მუშაობის გამოცდილება. დავითის კვლევითი ინტერესები მოიცავს ექსტრემიზმსა და ექსტრემისტულ მოძრაობებს ევროპასა და საქართველოში, რელიგიის ზეგავლენას საზოგადოებრივ განვითარებაზე და დემოკრატიზაციის პროცესებს კავკასიაში.

მარიამ მამაცაშვილი

მარიამ მამაცაშვილს მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციოლოგიაში დამატებითი სპეციალობით ფსიქოლოგიაში (GPA: 3.7). ამასთანავე, მარიამი ფლობს ამავე უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების მაგისტრის ხარისხს მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA: 4.0). CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, მარიამი სტაჟირებას გადიოდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი ამჟამინდელი კვლევითი ინტერესები კულტურულ და საგანმანათლებლო პროცესებს უკავშირდება.

ავთო დოლიძე

ავთო დოლიძეს სოციოლოგიის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული. CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, იგი კვლევითი ორგანიზაცია “We Research”-ის წევრი და “სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International)“ საქართველოს ოფისის პროექტის ასისტენტი და მკვლევარი იყო. იგი მუშაობდა შემდეგ კვლევებზე: გენდერის კვლევა, მედიის მონიტორინგი, ბაზრის კვლევა, ორგანიზაციებისთვის პროექტებში საჭიროებისა და კმაყოფილების კვლევა და სხვ. მისი კვლევითი ინტერესები ეხება კულტურის, ევროპეიზაციისა და ურბანისტიკის საკითხებს.

ელენე ერგეშიძე

ელენე ერგეშიძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს სოციოლოგიაში. ამჟამად იმავე უნივერსიტეტში სწავლობს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე. CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, მან სამაგისტრო პრაქტიკა გაიარა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სადაც ჩართული იყო რეგიონული განვითარების პროგრამის მოსამზადებელ სამუშაოებსა და რეგიონული უთანაბრობის შესახებ კვლევის მომზადებაში. ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში, ელენე მონაწილეობდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა კვლევით პროექტში. ელენეს კვლევითი ინტერესები მოიცავს საჯარო პოლიტიკის საკითხებს, თვითმმართველობის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობას.