ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

„ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა“ CRRC-საქართველოს სასტიპენდიო პროგრამას წარმოადგენს, რომელიც 2009 წლიდან არსებობს. პროგრამა 5-9 თვე გრძელდება და შერჩეულ ახალგაზრდებს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას სთავაზობს. ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგაზრდა მკვლევართათვის, შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული პროგრამები, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. ასევე, „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა“ საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად. ახალგაზრდა მკვლევრებს მოეთხოვებათ ისეთ კომპლექსურ კვლევით პროექტებში ჩართვა, რომლებიც საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. ასევე, მათ მოეთხოვებათ ანალიტიკური პოლიტიკის ნარკვევების წერაში მონაწილეობის მიღება, გუნდის აქტიური წევრობა და შრომისმოყვარეობა.

საკონტაქტო ინფორმაცია: თამარ ხოშტარია, ელფოსტა: tamuna@crrccenters.org 

ირინა ვარდანაშვილი

ირინა ვარდანაშვილი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში და ფსიქოლოგიაში. ამჟამად ის სწავლობს ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწავლების პერიოდში, ირინამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სოციოლოგიურ და ფსიქოლოგიურ კვლევაში. 2012 წლის მარტიდან ის მონაწილეობს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“. მისი ინტერესის სფეროებში შედის პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური საკითხები.

ნინო ქერქაძე

ნინო ქერქაძე ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და ილიას უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში. მისი სპეციალობაა სოციოლოგია. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში მოსვლამდე, ნინო მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა მარკეტინგულ და სოციოლოგიურ კვლევით პროექტში. ის ასევე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში – უმცირესობების საკითხთა ევროპულ ცენტრში – პროექტის ასისტენტად. მისი კვლევითი ინტერესის სფერო მოიცავს სხვადასხვა ტიპის უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს.

გვანცა ნადირაძე

გვანცა ნადირაძეს აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში. მისი მეორე სპეციალობაა ადამიანური რესურსების მენეჯმენტი. ამჟამად აგრძელებს სწავლას ამავე უნივერსიტეტში მაგისტრატურის პროგრამაზე სოციოლოგიის განხრით. სწავლის პერიოდში, ის მონაწილეობდა სხვადასხვა სოციოლოგიურ და მარკეტინგულ კვლევაში. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია გენდერული პრობლემები, ღირებულებათა სისტემები და სოციალური კაპიტალი. ის ასევე დაინტერესებულია სოციოლოგიური თეორიებით, განსაკუთრებით, თანამედროვე სოციოლოგიით.

სალომე მინესაშვილი

სალომე მინესაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში. ბაკალავრიატის დროს, ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა აშშ-ში, ნებრასკის შტატის კოლეჯში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლიტიკური მეცნიერების განხრით. ამჟამად სალომე არის მაგისტრატურის სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობაზე – “ტრასფორმაცია სამხრეთ კავკასიაში”. CRRC-საქართველოში მოსვლამდე, სალომემ გაიარა სტაჟირება საქართველოს მშვიდობის კორპუსში და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამაში. მის კვლევით ინტერესებში შედის საგარეო პოლიტიკის ანალიზი, კულტურისა და ტრადიციების როლი ტრანსფორმაციის პროცესში და რეგიონალიზმი.

მერაბ ბოჭოიძე

მერაბ ბოჭოიძემ 2004 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თ. გეგელიას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატი. 2008 წელს მან კავკასიის ბიზნეს სკოლაში მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მენეჯმენტის სპეციალობით. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში (CRRC) მოსვლამდე, ის ჩართული იყო მარკეტინგულ კვლევებში. მას ასევე წვლილი მიუძღვის ქართული ვიკიპედიის განვითარებაში. მის კვლევით ინტერესებში შედის სოციალური ეკონომიკა, მარკეტინგი და ინტერპერსონალური ურთიერთობები.

სოფიო მჭედლიშვილი

სოფიო მჭედლიშვილს აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში. მისი სპეციალიზაციაა სოციალური ფსიქოლოგია. სოფიო ამჟამად სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 2011 წლის თებერვლიდან ის არის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის“ მონაწილე. იგი, ძირითადად, დაინტერესებულია პოლიტიკური, ეროვნული უსაფრთხოებისა და სოციალური საკითხებით.

ცისანა ხუნდაძე

ცისანა ხუნდაძე ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში და ასევე, მაგისტრის ხარისხს ფსიქოლოგიაში. ამჟამად არის დოქტორანტურის სტუდენტი თსუ-ში. მისი სპეციალობა არის სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია. CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ის ჩართული იყო ISR-სა და Ars Magna-ს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში, როგორც ასისტენტი. ცისანა, ძირითადად, მუშაობდა სოციალურ და ორგანიზაციულ კვლევებზე. მის კვლევით ინტერესებში შედის მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები და კუტურული საკითხები.

ვაჟა ბურდული

ვაჟა ბურდულმა 2001 წელს დაამთავრა საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტი სამართალმცოდნის კვალიფიკაციით და 2008 წელს მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ამერიკათმცოდნეობის განხრით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან. CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ვაჟა მუშაობდა ჟურნალ „ბიზნეს ნიუსის“ ინგლისური ვერსიის კორექტორად და აგრეთვე, მთარგმნელად სახალხო დამცველის ოფისში, რომელთანაც კვლავაც აგრძელებს თანამშრომლობას. მის კვლევით ინტერესებში შედის საბჭოთა პერიოდის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და საქართველოს უახლესი ისტორია.