ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებს ენდობა, უფრო აქტიურია

არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ქართულ საზოგადოებაში დიდია. ისინი მუშაობენ საზოგადოებისთვის საჭირბოროტო ბევრ საკითხზე. ამის ფონზე საინტერესოა, თუ რამდენად ენდობიან ადამინები არასამთავრობო ორგანიზაციებს და რამდენად განსხვავდებიან ის ადამიანები, ვინც ენდობა, იმათგან, ვინც არასამთავრობოებს უნდობლობას  უცხადებს. ამ ბლოგში ერთმანეთს ვადარებთ ადამიანებს, ვინც გამოკითხვის დროს თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ენდობა და მათ, ვინც თქვა რომ არ ენდობა ამ ორგანიზაციებს და განვიხილვთ მათ სოციალური და პოლიტიკური აქტივობის ჭრილში.

CRRC-ის გამოკითხვის „კავკასიის ბარომეტრი“ ფარგლებში რესპონდენტები პასუხობენ კითხვას არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნდობასთან დაკავშირებით. 2015 წლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 23% სრულად ან ძირითადად ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს მაშინ, როდესაც მოსახლეობის დაახლოებით იგივე წილი სრულად ან ძირითადად არ ენდობა არასამთავრობოებს. ასევე, მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა (42%) თქვა, რომ ნაწილობრივ ენდობა და ნაწილობრივ არ ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ ადამიანთა წილი, ვინც დააფიქსირა პასუხი „არ ვიცი“ 2012 წელს 31%-დან 2015 წელს 14%-მდე ჩამოვიდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობადობა ბოლო წლებში გაიზარდა. იმ ადამიანთა წილი, ვინც ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეტ-ნაკლებად იგივე დარჩა მაშინ, როცა იმ ადამიანთა წილი, ვინც არ ენდობა, 2012 წელს 9%-იდან 2015 წელს 20%-მდე გაიზარდა.

ის ადამიანები, ვინც ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, სოციალურად და პოლიტიკურად უფრო აქტიურები არიან (ესწრებიან საჯარო შეხვედრებს, მონაწილეობას იღებენ არჩევნებში და ა.შ.) განსხვავებით მათგან, ვინც არ ენდობა არასამთავრობოებს. 2015 წლის გამოკითხვაში მოსახლეების მეოთხედი (25%), ვინც ენდობა არასამთავრობოებს, ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში დაესწრო საჯარო შეხვედრას მნიშვნელოვანი საკითხების ან პრობლემების განსახილველად. მათგან, ვინც არ ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მხოლოდ 15% ამბობს, რომ დაესწრო ასეთ შეხვედრას.

შენიშვნა: პასუხის ვარიანტები „სრულად ვენდობი“ და „ძირითადად ვენდობი“ გაერთიანებულია კატეგორიაში „ენდობა“, ხოლო პასუხის ვარიანტები „ძირითადად არ ვენდობი“ და „საერთოდ არ ვენდობი“ გაერთიანებულია კატეგორიაში „არ ენდობა“.

ადამიანების წილი, ვინც ამბობს, რომ მიიღებდა მონაწილეობას, მომავალ კვირას რომ ტარდებოდეს არჩევნები, უფრო მეტია არასამთავრობობის მიმართ ნდობით გამსჭვალულ პირებში, ვიდრე იმ ადამიანებში, ვინც უნდობლობას უცხადებს ამ ორგანიზაციებს. 2015 წლის გამოკითხვაში მათი 78%, ვინც ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამბობს, რომ „აუცილებლად“ ან „ალბათ“ მიიღებდა მონაწილეობას, მომავალ კვირას რომ ტარდებოდეს არჩევნები მაშინ, როდესაც ეს პროცენტული მაჩვენებელი უფრო დაბალია (69%) იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ენდობიან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება, შევაჯამოთ, რომ ადამიანები, ვინც ენდობიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, სოციალურად უფრო აქტიურები არიან, ვიდრე ისინი, ვინც არასამთავრობოებს არ ენდობიან. ეს გამოიხატება როგორც საჯარო ლექციებზე დასწრებით, ისე არჩევნებში მონაწილეობის მზაობით.

2015 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ ონლაინ ანალიზის პროგრამის გვერდზე.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები