ვინ ფიქრობს, რომ საქართველო წარმატებით გაუმკლავდა კორონავირუსის პანდემიას?

[ეს სტატია დაიბეჭდა OC Media-თან თანამშრომლობით მათ ონლაინ პლატფორმაზე: Caucasus Data Blog. სტატიის ავტორია გივი სილაგაძე, CRRC საქართველოს მკვლევარი. სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები მხოლოდ ავტორებს ეკუთვნის და არ წარმოადგენს CRRC-საქართველოს ან რომელიმე სხვა მხარის მოსაზრებებს]

თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.

მას შემდეგ, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 260,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 3,300-ზე მეტი ფატალურად დასრულდა. მნიშვნელოვნად იზარალა საქართველოს ეკონომიკამაც, რომელიც 2020 წელს 1994 წლის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა.

შესაბამისად, საინტერესოა, რამდენად წარმატებულად აფასებს მოსახლეობა საქართველოს მიერ პანდემიასთან გამკლავებას?

2020 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვა იძლევა იმის საშუალებას, რომ ვნახოთ მოსახლეობის შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად წარმატებით გაუმკლავდა საქართველო პანდემიას და გავაანალიზოთ, ვინ როგორი შეფასება გააკეთა. მონაცემების მიხედვით, შეფასებებში მკაფიო პარტიული განსხვავებები იკვეთება. ხოლო, რაც შეეხება სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფს, მათი შეფასებები მხოლოდ მცირედით განსხვავდება.

ერთი მხრივ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (56%) ამბობს, რომ საქართველო პანდემიას კარგად (11%) ან გარკვეულწილად კარგად (45%) გაუმკლავდა. მეორე მხრივ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (38%) მიიჩნევს, რომ ქვეყანა ცუდად (14%) ან გარკვეულწილად ცუდად (24%) გაუმკლავდა პანდემიას.

ქვეყნის მიერ პანდემიასთან გამკლავების შესახებ მოსახლეობის შეფასებები სხვადასხვა სოციალურ თუ დემოგრაფიულ ცვლადს უკავშირდება, მათ შორის, ფორმალური განათლების დონეს, ასაკს და იმას, დაკარგა თუ არა ვინმემ სამსახური შინამეურნეობაში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში.

მონაცემების მიხედვით, დაბალი ფორმალური განათლების მქონე რესპონდენტებთან შედარებით, 8 პროცენტული ერთეულით უფრო მეტადაა მოსალოდნელი, რომ ისინი, ვისაც ფორმალური განათლების შედარებით მაღალი დონე აქვს, უარყოფითად აფასებდნენ საქართველოს მიერ პანდემიასთან გამკლავებას. ასევე, (10 პროცენტული ერთეულით) ნაკლებად სავარაუდოა, რომ 35-დან 55 წლამდე ასაკის მოსახლეობა წარმატებულად თვლიდეს ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ვიდრე უფრო ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფი (18-35 წ.).

რეგრესიული ანალიზის მიხედვით, რესპონდენტების შეფასებები სტატისტიკურად არ განსხვავდება ისეთი სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით, როგორიცაა: დევნილის სტატუსი, ეთნიკური ჯგუფი, დასაქმება, დასახლების ტიპი, სქესი, ეკონომიკური კეთილდღეობადა ის ფაქტი, შინამეურნეობაში ვინმეს დაუდასტურდა თუ არა კორონავირუსი.

თუმცა, შეფასებებში თვალსაჩინო განსხვავებებია პარტიული კუთვნილების თვალსაზრისით. მონაცემების მიხედვით, უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები წარმატებულად აფასებდნენ ქვეყნის მიერ კორონავირუსის საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებს, ვიდრე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები ან ისინი, ვინც ვერცერთ პარტიასთან ვერ ახდენს იდენტიფიცირებას. უფრო კონკრეტულად, 45 პროცენტული ერთეულით უფრო მეტადაა მოსალოდნელი, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დადებითად აფასებდნენ ქვეყნის მიერ პანდემიასთან გამკლავებას, ვიდრე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები. ასევე, 27 პროცენტული ერთეულით უფრო მეტად სავარაუდოა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები წარმატებულად მიიჩნევდნენ პანდემიასთან გამკლავებას, ვიდრე ისინი, ვინც არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს.

ქვეყნის პასუხს პანდემიაზე განსხვავებულად აფასებენ ისინიც, ვინც პანდემიის პარალელურად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი განიცადა. მაგალითად, რესპონდენტები, რომელთა შინამეურნეობაშიც ვინმემ სამსახური დაკარგა ბოლო 12 თვის მანძილზე, უფრო ნაკლებად (18 პროცენტით) ამბობენ, რომ ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა პანდემიას, ვიდრე ისინი, ვისაც სამსახური არ დაუკარგავს.

ასევე, საინტერესოა, რომ სხვადასხვა პარტიების მიმართ სიმპათია და ბოლო 12 თვის მანძილზე სამსახურის დაკარგვა რესპონდენტებში სხვადასხვაგვარ ურთიერთქმედებას იწვევს. ოპოზიციის მხარდამჭერების შემთხვევაში, შეფასებები ქვეყნის მიერ პანდემიასთან გამკლავების შესახებ მსგავსია იმის მიუხედავად, ბოლო 12 თვის მანძილზე შინამეურნეობაში ვინმემ დაკარგა თუ არა სამსახური. ხოლო, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისა და არაპარტიულების შემთხვევაში, ოჯახის წევრის მიერ სამსახურის დაკარგვა უფრო ნეგატიურ შეფასებებთანაა ასოცირებული.

„ქართული ოცნების“ ის მხარდამჭერები, რომლებმაც ბოლო 12 თვის მანძილზე სამსახური დაკარგეს, 18 პროცენტული ერთეულით უფრო ნაკლებად ამბობენ, რომ საქართველო წარმატებით გაუმკლავდა პანდემიას, ვიდრე „ქართული ოცნების“ ის მხარდამჭერები, რომელთაც მსგავსი ეკონომიკური სირთულე არ განუცდია. ასევე, 18 პროცენტული ერთეულით უფრო ნაკლებად მოსალოდნელია, რომ არაპარტიული რესპონდენტები,რომელთა ოჯახის წევრმაც ბოლო 12 თვის განმავლობაში სამსახური დაკარგა, დადებით შეფასებას აფიქსირებდნენ, ვიდრე არაპარტიული რესპონდენტები, რომელთა ოჯახის წევრსაც სამსახური არ დაუკარგავს. რაც შეეხება ოპოზიციის მხარდამჭერებს, მათი შეფასებები ქვეყნის მიერ პანდემიასთან გამკლავების შესახებ დიდად არ განსხვავდება იმის მიუხედავად, შინამეურნეობაში ვინმემ დაკარგა თუ არა სამსახური ბოლო 12 თვის მანძილზე.

მონაცემები აჩვენებს, რომ სხვა ფაქტორების გათვალისწინების შემდეგაც კი, პარტიული იდენტიფიკაცია საკმაოდ მჭიდროდაა ასოცირებული რესპონდენტების შეფასებებთან. ანალიზის შედეგად შეუძლებელია ცალსახა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადასტურება იმის შესახებ, განსხვავებულ შეფასებებს პარტიული კუთვნილება განაპირობებს თუ პირიქით. თუმცა, ანალიზი, ნებისმიერ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაც წინა კვლევების დროს გამოიკვეთა – ქართველ ამომრჩეველში პოლიტიკური პოლარიზაცია ვლინდება არა განსხვავებულ იდეოლოგიურ ღირებულებებში ან საჯარო პოლიტიკის ალტერნატიულ ხედვებში, არამედ წარსული მოვლენებისა და პროცესების განსხვავებულად შეფასებაში. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, ხაზს უსვამს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ლიდერობის საჭიროებას, რომელიც მწვავე კრიზისების დროს, დაპირისპირებისა და დაყოფის ნაცვლად, კონსოლიდაციაზე გააკეთებდა აქცენტს.

შენიშვნა: ზემოთ მოცემული ანალიზი ეყრდნობა ლოგისტიკურ რეგრესიულ ანალიზს, სადაც დამოკიდებული ცვლადია პასუხი კითხვაზე: „თქვენი აზრით, ჩვენი ქვეყანა კორონავირუსის პანდემიას კარგად გაუმკლავდა, გარკვეულწილად კარგად, გარკვეულწილად ცუდად თუ ცუდად გაუმკლავდა?“ (კარგად ან ცუდად), ხოლო დამოუკიდებელი ცვლადებია: ასაკობრივი ჯგუფი (18-34, 35-54, 55+), სქესი (მდედრობითი ან მამრობითი), განათლების დონე (საშუალო/საშუალოზე დაბალი ან საშუალოზე მაღალი), დასახლების ტიპი (დედაქალაქი, სხვა ქალაქი, სოფელი), ეკონომიკური კეთილდღეობა (ინდექსი. 12-დან რამდენ საყოფაცხოვრებო ნივთს ფლობს შინამეურნეობა), დაკარგა თუ არა ვინმემ სამსახური ოჯახში ბოლო ერთი წლის მანძილზე, პარტიული კუთვნილება („ქართული ოცნება“, უარი პასუხზე, არცერთი პარტია/არ ვიცი, სხვა პარტიები), დაუდასტურდა თუ არა კორონავირუსი ვინმეს შინამეურნეობაში, ეთნიკური ჯგუფი (ეთნიკურად ქართველი ან ეთნიკურად არაქართველი), დასაქმება (მუშაობს თუ არა), დევნილის სტატუსი. ანალიზი განხორციელდა დამოკიდებულების აღმწერი ცვლადებით და მათ გარეშეც; მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ დაფიქსირებულა. ბლოგში წარმოდგენილი მონაცემები ეფუძნება ანალიზს, რომელშიც ჩართული იყო დამოკიდებულებების აღმწერი ცვლადები. ბლოგში გამოყენებული მონაცემები ხელმისაწვდომია აქ.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები