უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის” საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა

ბოლო დროს, ახალ ამბებში სულ უფრო ხშირად გვესმის ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ, რაც ხაზს უსვამს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების აუცილებლობას. 2016 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის (ACCESS) პროექტის ფარგლებში, CRRC-საქართველომ, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო ქვეყანაში არსებული  საქალაქთაშორისო სატრანსპორტო გადაყვანების სფეროსთან დაკავშირებული პრობლემების დადგენა და საკანონმდებლო ბაზის შესწავლა, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციებისა და მოვალეობების გაცნობა, დაინტერესებული მხარეების გამოკვეთა და ამ სფეროს გასაუმჯობესებლად, შესაბამისი რეკომენდაციების შეთავაზება.

კვლევა სახელწოდებით „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ (STOP), მხოლოდ საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მდგომარეობას აანალიზებდა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ხდება იმის აღრიცხვა, თუ რამდენი ავტოსაგზაო შემთხვევაა გამოწვეული სამარშრუტო ტაქსების მიერ, მათი როლი საქალაქთაშორისო გადაყვანების სფეროში მნიშვნელოვანია.

კვლევის მიგნებებს შორის, საინტერესოა მძღოლების ქცევის ანალიზი. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ მძღოლების 63%-მა ტარებისას განახორციელა სახიფათო მანევრი ერთხელ მაინც, როდესაც არ იცოდნენ, რომ მათზე მონიტორინგი ხორციელდებოდა, ხოლო როდესაც ისინი მონიტორინგის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს, სახიფათო მანევრები 66%-ით შემცირდა. იგივე შეიძლება ითქვას ღერძულა ხაზის უკანონოდ გადაკვეთის, ტარების დროს სიგარეტის მოწევისა და ტელეფონზე საუბრის შესახებ. ამ შემთხვევებშიც, მძღოლებში ტარების დროს სახიფათო  ქცევამ საგრძნობლად იკლო, როდესაც მათ იცოდნენ, რომ აკვირდებოდნენ. ნიშანდობლივია, რომ მონიტორინგიდან 2 კვირის შემდეგაც კი, მძღოლები ნაკლებად სახიფათოდ, ან ნაკლებად უყურადღებოდ ატარებდნენ, რაც ანონიმური მონიტორინგის პროგრამის ეფექტურობასა და ხანგრძლივ გავლენაზე მიუთითებს. მონიტორინგის პროგრამასთან ერთად, CRRC-საქართველოსა და ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ შეიმუშავეს სხვა რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს საქალაქთაშორისო გადაადგილების სფეროში უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

კვლევის შედეგების საფუძველზე, შეიქმნა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც CRRC-საქართველომ და ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ საზოგადოებას 30 მარტს, პროექტის დასკვნით შეხვედრაზე წარუდგინეს. მომხსენებლებს შორის იყვნენ CRRC-საქართველოს მკვლევრები, გიორგი ბაბუნაშვილი და დასტინ გილბრეტი, რომელთაც კვლევის მეთოდებზე, მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრეს. ასევე, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი – გელა კვაშილავა, რომელმაც საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე გაამახვილა ყურადღება, და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი – გოგიტა გვენეტაძე, რომელმაც საქართველოს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია მიმოიხილა.

შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, და ავტოსადგურების დირექტორები, რომლებმაც პოლიტიკის დოკუმენტში წარმოდგენილ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას. საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა რეგიონებშიც, მათ შორის ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ კვლევას გაცნობოდნენ.

პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიას ქართულად და ინგლისურად შეგიძლიათ სრულად გაეცნოთ CRRC-საქართველოს ვებ-გვერდზე.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები