უმაღლესი განათლების მქონე პირთა დასაქმება და შემოსავალი საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2005-2016 წლების მონაცემებით, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა რაოდენობა ყოველ სასწავლო წელს დაახლოებით 100 000-ია. როგორც ცნობილია, ზოგადად, უმაღლესი განათლების მქონე პირთა შემოსავალი უფრო მაღალია, ვიდრე მათი შემოსავალი, ვისაც უმაღლესი განათლება არ აქვს. სავარაუდოდ, ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო უნდა იყოს. თუმცა, უმაღლესი განათლების როლი საქართველოს მოსახლეობის პროფესიულ ცხოვრებაში ჯერ-ჯერობით სათანადოდ შესწავლილი არ არის. საინტერესოა, მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს მიღებული სრული უმაღლესი განათლება, მათგან რამდენია დასაქმებული, რა სამსახურეობრივი პოზიციები უკავიათ და როგორია მათი პირადი შემოსავალი. CRRC-ის 2015 წლის კავკასიის ბარომეტრის შედეგების საფუძველზე ამ ბლოგ პოსტში აღწერილია, თუ რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით საქართველოში და რამდენად განსხვავდება უმაღლესი განათლების მქონე პირთა მდგომარეობა იმ ადამიანების მდგომარეობისგან, ვისაც უმაღლესი განათლება არ მიუღია.

კერძოდ, ამ ბლოგ პოსტში განვიხილავთ შემდეგ კითხვებზე მიღებულ პასუხებს:

    • რომელი შეესაბამება თქვენს მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალ საფეხურს?
        • გამოყენებული იყო ბარათი განათლების საფეხურების ჩამონათვალით.
    • რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას?
        • გამოყენებული იყო ბარათი პასუხის შემდეგი ვარიანტებით:
            • ვარ პენსიონერი და არ ვმუშაობ;
            • ვარ სტუდენტი და არ ვმუშაობ;
            • ვარ დიასახლისი და არ ვმუშაობ;
            • ვარ უმუშევარი;  
            • ვმუშაობ სრულ ან ნახევარ განაკვეთზე (მათ შორის – პენსიონერი ან სტუდენტი), სეზონური სამუშაოს ჩათვლით;
            • ვარ თვითდასაქმებული (მათ შორის – პენსიონერი ან სტუდენტი), სეზონური სამუშაოს ჩათვლით;
            • ვარ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და მუშაობა არ შემიძლია;
            • სხვა.
    • ჩამოთვლილთაგან, რომელიუფროშეესაბამებათქვენსსამუშაოს?
        • გამოყენებული იყო ბარათი სამსახურებრივი იერარქიის საფეხურებით.
    • გასულ  თვეში  თქვენს პირად ფულად შემოსავალზე  თუ ვისაუბრებთ,   დაქვითვის   შემდეგ, ამ ბარათზე მოყვანილ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება თქვენი შემოსავალი?
        • გამოყენებული იყო ბარათი შემოსავლის ჯგუფების ჩამონათვალით.
საქართველოს მოსახლეობის 30% აცხადებს, რომ მიღებული აქვს უმაღლესი განათლება (ბაკალავრის, მაგისტრის, სპეციალისტის დიპლომი ან სამეცნიერო ხარისხი). როგორც ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა აჩვენებს, უმაღლესი განათლების არმქონე პირთა 29% ამბობს, რომ დასაქმებულია მაშინ, როდესაც უმაღლესი განათლების მქონე პირთა 49% ამბობს იმავეს.

შენიშვნა: პასუხები კითხვაზე, „რომელი შეესაბამება თქვენს მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალ საფეხურს?“ შემდეგნაირად დაჯგუფდა: პასუხის ვარიანტები „დაწყებითი განათლების გარეშე“, „დაწყებითი განათლება (დასრულებული ან დაუსრულებელი)“, „არასრული საშუალო განათლება“, „სრული საშუალო განათლება“, „საშუალო ტექნიკური / საშუალო სპეციალური განათლება“ და „არასრული უმაღლესი განათლება“ გაერთიანდა კატეგორიაში „უმაღლესი განათლების არმქონე პირები“; პასუხის ვარიანტები: „უმაღლესი განათლება (ბაკალავრის, მაგისტრის ან სპეციალისტის დიპლომი)“ და „სამეცნიერო ხარისხი“ გაერთიანდა კატეგორიაში – „უმაღლესი განათლების მქონე პირები“.

პასუხები კითხვაზე „რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას?“ შემდეგნაირად დაჯგუფდა: პასუხის ვარიანტები: „ვმუშაობ სრულ ან ნახევარ განაკვეთზე (მათ შორის – პენსიონერი ან სტუდენტი), სეზონური სამუშაოს ჩათვლით“ და „ვარ თვითდასაქმებული (მათ შორის – პენსიონერი ან სტუდენტი), სეზონური სამუშაოს ჩათვლით“ გაერთიანდა კატეგორიაში „დასაქმებულები“. ანალიზიდან გამოირიცხა 2%, ვინც უპასუხა „ვარ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და მუშაობა არ შემიძლია“, ან ვისი პასუხიც მოექცა კატეგორიაში „სხვა“. პასუხები „ვარ პენსიონერი და არ ვმუშაობ“, „ვარ სტუდენტი და არ ვმუშაობ“, „ვარ დიასახლისი და არ ვმუშაობ“, „ვარ უმუშევარი“ გაერთიანდა კატეგორიაში „დაუსაქმებლები“; მათ შორის შემთხვევები, სადაც კითხვაზე, „ამჟამად ხართ თუ არა დაინტერესებული სამსახურის პოვნით?“ პასუხი იყო „დიახ“, გაერთიანდა კატეგორიაში „დაუსაქმებლები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამსახურის პოვნით“, ხოლო შემთხვევები, სადაც ამ კითხვაზე პასუხი იყო „არა“, გაერთიანდა კატეგორიაში „დაუსაქმებლები, რომლებიც დაინტერესებული არ არიან სამსახურის პოვნით“.

ისინი, ვინც ამ კითხვებიდან რომელიმეზე უპასუხა „არ ვიცი“ ან „უარი პასუხზე“, გამორიცხული არიან ანალიზიდან. საერთო ჯამში ანალიზიდან გამორიცხულია შემთხვევების 4%.

რაც შეეხება სამსახურებრივ პოზიციებს, უმაღლესი განათლების მქონე პირები, ვინც გამოკითხვის ჩატარების დროს დასაქმებულები იყვნენ, ყველაზე ხშირად მაღალკვალიფიციური სპეციალისტის (მეცნიერი, ჯანდაცვის, განათლების, ბიზნესის, სამართლის, კულტურის და სხვ. სფეროს სპეციალისტი) პოზიციაზე მუშაობდნენ (უმაღლესი განათლების მქონე და დასაქმებულთა 28%); ხოლო უმაღლესი განათლების არმქონე პირები, რომლებიც გამოკითხვის ჩატარების დროს დასაქმებულები იყვნენ, ყველაზე ხშირად პასუხობდნენ, რომ მომსახურების ან სავაჭრო სფეროს მუშაკები (მათ შორის – მომვლელი, ძიძა და ა.შ.) იყვნენ (შესაბამისი ჯგუფის 18%).

თვალში საცემია, რომ რაც უფრო მაღალია შემოსავალი, მით უფრო იზრდება უმაღლესი განათლების მქონე პირთა წილი მათ შორის, ვისაც ასეთი შემოსავალი აქვს – კერძოდ, უმაღლესი განათლების მქონე პირთა თითქმის 2.5-ჯერ მეტს ჰქონდა 600 ლარზე მეტი შემოსავალი გამოკითხვის ჩატარების წინა თვეში. Mann-Whitney-ის ტესტის შედეგები ადასტურებს, რომ განსხვავება უმაღლესი განათლების მქონე პირებისა და უმაღლესი განათლების არმქონე პირების შემოსავლებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანია.

შენიშვნა: პასუხები კითხვაზე: „გასულ თვეში თქვენს პირად ფულად შემოსავალზე თუ ვისაუბრებთ, დაქვითვის შემდეგ, ამ ბარათზე მოყვანილ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება თქვენი შემოსავალი?“ შემდეგნაირად დაჯგუფდა: პასუხის ვარიანტები „601 ლარიდან 1000 ლარამდე“, „1001 ლარიდან 2000 ლარამდე“, „2001 ლარიდან 3000 ლარამდე“ და „3000 ლარზე მეტი“ გაერთიანდა კატეგორიაში – „600 ლარზე მეტი“. პასუხის ვარიანტები „120 ლარამდე“ და „121 ლარიდან 240 ლარამდე“ გაერთიანდა კატეგორიაში „240 ლარამდე“.

ისინი, ვინც უპასუხა, რომ მისი პირადი შემოსავალი 0 ლარი იყო, ან ვინც ამ ორი კითხვიდან რომელიმეზე უპასუხა „არ ვიცი“ ან „უარი პასუხზე“, გამორიცხული არიან ანალიზიდან (საუბარია შემთხვევების 36%-ზე).

ამ ბლოგ პოსტში წარმოდგენილი მონაცემები ადასტურებს, რომ ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, საქართველოშიც უმაღლესი განათლება დადებით როლს თამაშობს დასაქმების თვალსაზრისით. კერძოდ, უმაღლესი განათლების არმქონე პირებთან შედარებით, უმაღლესი განათლების მქონე პირთა უფრო დიდი წილია დასაქმებული. უმაღლესი განათლების მქონე პირთა ყველაზე დიდი ჯგუფი მაღალკვალიფიციური სპეციალისტის თანამდებობაზეა დასაქმებული, ხოლო მათი უმრავლესობა, ვისაც უმაღლესი განათლება არ მიუღია, მომსახურების ან სავაჭრო სფეროს მუშაკია. ასევე აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირთა უფრო დიდი წილი იღებს შედარებით მაღალ შემოსავალს. ყველა შემთხვევაში განსხვავება უმაღლესი განათლების მქონე და უმაღლესი განათლების არმქონე პირებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანია.

განათლების დონესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით CRRC-ის სხვა ბლოგპოსტებს: განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?ნაცნობობა თუ განათლება – რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად?

ასევე, ეწვიეთ CRRC-ის მონაცემთ
ონლაინ ანალიზის ვებგვერდს.

გაზიარება