ნაცნობობა თუ განათლება – რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად?

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის პირველი პოსტი.

რა ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან პირობად კარგი სამსახურის საშოვნელად ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა? CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, რომ საქართველოში ასეთ პირობად ყველაზე ხშირად ნაცნობობა (30%) და განათლება (28%) სახელდება. ეს შედეგები შეესაბამება სხვადასხვა ქვეყანაში სოციალურ კაპიტალზე ჩატარებული კვლევების მიგნებებს, რომლის მიხედვითაც სოციალური კავშირები უზრუნველყოფს ადამიანებს უკეთესი შესაძლებლობებით შრომით ბაზარზე (ლინი, 1999მოუვი, 2003მაკდონალდი და ელდერი, 2006). ასევე იმ კვლევების მიგნებებს, რომელიც სწავლობს განათლების მნიშვნელობას შრომით ბაზარზე და ასკვნის, რომ განათლება მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც ინდივიდების დასაქმების შესაძლებლობებსა და კარგად ანაზღაურებადი სამსახურის შოვნის შანსებს ზრდის (კილკულენი, 1972აპლეტონი, სიმონი და სხვ., 2003სმიტი და მაკკოი, 2009). CRRC-ის წინა პოსტი, კარგი სამსახურის შოვნა საქართველოში, აანალიზებს ურთიერთობას სოციალურ კავშირებსა და კარგი სამსახურის საშოვნელად დასახელებულ მნიშვნელოვან პირობებს შორის და ასკვნის, რომ ნაკლები სოციალური კავშრების მქონე ქართველები შესაძლოა, მეტად ფიქრობდნენ, რომ ნაცნობობა ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა კარგი სამსახურის საშოვნელად. წინამდებარე პოსტის მიზანი კი იმის ნახვაა, თუ როგორ იცვლება მოსაზრებები კარგი სამსახურის საშოვნელად მნიშვნელოვან პირობებთან დაკავშირებით განათლების დონისა და დასაქმების სტატუსის მიხედვით და იმის დადგენა, თუ ვინ უფრო მეტად ფიქრობს, რომ განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა კარგი სამსახურის საშოვნელად.

2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემები აჩვენებს, რომ ეს მოსაზრებები თითქმის არ განსხვავდება განათლების დონის მიხედვით. ერთადერთი შესამჩნევი განსხვავება პროფესიონალიზმის/სამუშაო გამოცდილების, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი პირობის აღქმას უკავშირდება. თუკი უმაღლესი განათლების მქონეთა 17% მიიჩნევს, რომ ესაა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კარგი სამსახურის საშოვნელად, საშუალო ან უფრო დაბალი განათლების მქონეთა მხოლოდ 8% ფიქრობს იგივეს.


შენიშვნა: კითხვისათვის „რომელი შეესაბამება თქვენს მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალ საფეხურს?“ პასუხის ვარიანტები დაჯგუფდა შემდეგნაირად: ვარიანტები „დაწყებითი განათლების გარეშე“, „დაწყებითი განათლება (დასრულებული ან დაუსრულებელი)“, „არასრული საშუალო განათლება“ და „სრული საშუალო განათლება“ დაჯგუფდა ერთად კატეგორიაში „საშუალო ან უფრო დაბალი“; ვარიანტები „არასრული უმაღლესი განათლება“, „უმაღლესი განათლება (ბაკალავრის, მაგისტრის ან სპეციალისტის დიპლომი)“ და „სამეცნიერო ხარისხი“ დაჯგუფდა ერთად კატეგორიაში „საშუალოზე მაღალი“.

კითხვისათვის „რომელი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშნელოვნად საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად?“ იშვიათად დასახელებული პასუხის ვარიანტები – „ასაკი“, „გარეგნობა“, „ნიჭი“, „საჭირო ხალხის პატივისცემა“ და „სხვა“ დაჯგუფდა კატეგორიაში „სხვა“.

თუკი კარგი სამსახურის საშოვნელად მნიშვნელოვან პირობებთან დაკავშირებული მოსაზრებები თითქმის არ განსხვავდება განათლების დონის მიხედვით, ასეთი განსხვავებები შეიმჩნევა დასაქმების სტატუსის მიხედვით, კერძოდ, იმ ინდივიდთა მოსაზრებებს შორის, რომლებიც თავს თვითდასაქმებულად, დასაქმებულად და უმუშევრად მიიჩნევენ. უფრო ზუსტად, დასაქმებულთა 34% მიიჩნევს, რომ განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა კარგი სამსახურის საშოვნელად მაშინ, როცა ამავე ჯგუფის წარმომადგენლების 25% ნაცნობობას ასახელებს. ამის საპირისპიროდ, თვითდასაქმებულები უფრო იშვიათად ასახელებენ განათლებას (20%), ვიდრე ნაცნობობას (33%). ყველაზე ხშირად კი ნაცნობობა (40%) სახელდება იმ ინდივიდებს შორის, რომლებიც თავს უმუშევრად მიიჩნევენ.


შენიშვნა: კითხვისათვის „რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას?“ პასუხის ვარიანტები „ვარ სტუდენტი და არ ვმუშაობ“, „ვარ ინვალიდი/უნარშეზღუდული და მუშაობა არ შემიძლია“, „სხვა“, „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ დაჯგუფდა კატეგორიაში „სხვა“.

ამგვარად, პოსტმა აჩვენა, რომ თუკი განათლების დონის მიხედვით თითქმის არ იცვლება მოსაზრებები იმასთან დაკავშრებით, თუ რა პირობებია ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად, ეს მოსაზრებები იცვლება დასაქმების სტატუსის მიხედვით. ისინი, ვინც თავს დასაქმებულად მიიჩნევენ, უფრო ხშირად ფიქრობენ, რომ განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია კარგი სამსახურის საშოვნელად მაშინ, როცა თვითდასაქმებულები და უმუშევრები უფრო ხშირად ნაცნობობას ასახელებენ.

CRRC-ის გამოკითხვებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ CRRC-ის ვებგვერდს ან მოიძიეთ მონაცემები მონაცემთა ონლაინ ანალიზის სისტემის გამოყენებით.

ნინო ზუბაშვილი

გაზიარება

მსგავსი სიახლეები