სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში

მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.

საქართველოში არსებული ბევრი პოლიტიკური ინსტიტუტის მიმართ ნდობის დონე 2012 წლის შემდეგ საგრძნობლად დაეცა. ყველაზე მეტად ნდობის დონემ აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ იკლო 2012 წელს 49%-დან 2015 წელს 21%-მდე. ასევე, 2011 წელთან შედარებით, ნდობის დონე შემცირდა ადგილობრივი მთავრობისა და პრეზიდენტის მიმართ, თუმცა, პრეზიდენტის შემთხვევაში, 2013 წლის შემდეგ მის მიმართ ნდობა 10 პროცენტით კვლავ გაიზარდა. CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, მხარდაჭერა კოალიცია ქართული ოცნების მიმართ იკლებს. კოალიცია ქართული ოცნება საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენს და მთავრობას აყალიბებს. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი საკმაოდ დაშორდა მმართველ პარტიას და ხშირად მათი კრიტიკის ქვეშ ყვება. თავად პრეზიდენტსაც არაერთხელ გაუკრიტიკებია კოალიცია ქართული ოცნება და მისი ლიდერები. ნაწილობრივ ამით შეიძლება აიხსნას პრეზიდენტის მიმართ ნდობის ზრდა და აღმასრულებელი მთავრობის მიმართ ნდობის კლება 2013 და 2015 წლებში, თუმცა, მეტი კვლევაა საჭირო ამ საკითხთან მიმართებაში.

შენიშვნა: დიაგრამაზე პასუხის ვარიანტები „სრულად ვენდობი“ და „უფრო ვენდობი“ გაერთიანებულია. ნაჩვენებია მხოლოდ მათი წილი, ვინც ნდობას გამოხატავს სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ.

მსგავსი სურათია პოლიციისა და განათლების სისტემის მიმართ ნდობასთან დაკავშირებით 2011 წლის შემდეგ. თუმცა, ნდობის დონე ამ შემთხვევაში დრამატულად არ იკლებს. გამონაკლისია ჯანდაცვის სისტემა – 2012 წლიდან მის მიმართ ნდობა 16 პროცენტით გაიზარდა. ეს შეიძლება, იყოს 2013 წელს საქართველოსშრომის, ჯანმრთელობისადასოციალურიდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საყოველთაო დაზღვევის პროგრამის შედეგი. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის საქმიანობა უმაღლესად შეფასდა NDI-ის საზოგადოების აზრის გამოკითხვაში. ნდობა ჯარის მიმართ მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. სასამართლოს მიმართ ნდობის დონე 2012 წლიდან შედარებით გაიზარდა.

გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ნდობის დონე ადგილობრივი და აღმასრულებელი მთავრობის, პარლამენტის, განათლების სისტემის და პოლიციის მიმართ საქართველოში შემცირდა, პრეზიდენტისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ კი გაიზარდა. ნდობა ჯარის მიმართ კვლავ მაღალია.

გთხოვთ, ამ საკითხზე მეტი მონაცემები იხილოთ აქ.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები