შიდა მიგრაცია საქართველოში: რა ვიცით მის შესახებ CRRC-ის კავკასიის ბარომეტრის მონაცემების საფუძვლეზე?

არსებული შეფასებების თანახმად, მსოფლიო მასშტაბით შიდა მიგრანტთა რაოდენობა ბევრად აღემატება საერთაშორისო მიგრანტთა რაოდენობას. სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ცოტა მონაცემი არსებობს შიდა მიგრანტების რაოდენობისა და მათი გეოგრაფიული განაწილების შესახებ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევები რეგულარულად აგროვებს ინფორმაციას ქვეყანაში შიდა მიგრაციის შესახებ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კოორდინაციას უწევს მოსახლეობის რეგისტრაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. CRRC-ის კავკასიის ბარომეტრი აგრეთვე გვთავაზობს შიდა მიგრაციის რამდენიმე ინდიკატორს. ამ ბლოგ პოსტში განხილულია ერთ-ერთი ასეთი ინდიკატორი – კერძოდ, საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის რა წილი ცხოვრობდა გამოკითხვის ჩატარების დროს იმავე დასახლებულ პუნქტში, სადაც დაიბადა. წარმოდგენილი იქნება კავკასიის ბარომეტრის ბოლო, 2015 წლის ტალღის შედეგები.

გამოკითხვის ჩატარების დროს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა (49%) განაცხადა, რომ იმავე დასახლებულ პუნქტში ცხოვრობს, სადაც დაიბადა. უაღრესად მცირეა მათი წილი, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიბადა (3%). დანარჩენები შიდა მიგრანტები არიან – მოსახლეობის მეოთხედი (25%) პასუხობს, რომ დაიბადა სხვა დასახლებულ პუნტში, რომელიც საქართველოს იმავე რეგიონში მდებარეობს, ხოლო დაახლოებით მეოთხედი (23%) – სხვა დასახლებულ პუნქტში, რომელიც ქვეყნის სხვა რეგიონში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ინფორმაცია მათი მიგრაციის დეტალების შესახებ (მაგალითად, რა ასაკში მოხდა მიგრაცია, რა იყო მისი მიზეზი და ა.შ.), კავკასიის ბარომეტრი საშუალებას გვაძლევს, დავასკვნათ, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (48%) შიდა მიგრანტია. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასება ძალიან ახლოსაა საქსტატის შეფასებასთან, რომლის თანახმადაც 2014 წელს შიდა მიგრანტების წილი საქართველოს მოსახლეობის 54%-ს შეადგენდა.

განსხვავებები შიდა მიგრანტებსა და დანარჩენ მოსახლეობას შორის დასახლებული პუნქტის ტიპის, ასაკის და, განსკუთრებით, სქესის მიხედვით საკმაოდ შთამბეჭდავია. გასაკვირი არ არის, რომ შიდა მიგრანტთა წილი ყველაზე მაღალია დედაქალაქში – თბილისის მოსახლეობის 65% საქართველოს სხვა დასახლებულ პუნქტებშია დაბადებული. შიდა მიგრანტთა წილი ყველაზე მცირეა სოფლებში, თუმცა სოფლების მოსახლეობის არცთუ მცირე წილი – 41% – არ დაბადებულა იმ სოფელში, სადაც ცხოვრობდა ინტერვიუს ჩატარების დროს.

რაც შეეხება ასაკობრივ განსხვავებებს, შიდა მიგრანტთა წილი უფრო მაღალია მოსახლეობის ყველაზე ასაკოვან ჯგუშფი (60 წელზე უფროსთა 58%), და თანდათან მცირდება ასაკთან ერთად. ჩვენს მიერ გამოყოფილ ასაკობრივ ჯგუფებს შორის არსებული განსხვავებები მცირეა, თუმცა, ეს განსხვავებები სტატისტიკურად მნიშვნელოვანია.

ქალების 62% აცხადებს, რომ არ დაბადებულა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც გამოკითხვის დროს ცხოვრობდა. მამაკაცების ბევრად უფრო მცირე წილი – 34% ამბობს იგივეს. შესაძლოა, ეს განსხვავება აიხსნება იმით, რომ საქართველოში, ტრადიციულად, გათხოვების შემდეგ ქალები მეუღლეების ოჯახში გადადიან საცხოვრებლად და იმ შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში, როცა მეუღლეები სხვადასხვა დასახლებული პუნქტებიდან არიან, სწორედ ქალი იცვლის საცხოვრებელ ადგილს და არა მამაკაცი.

მოსალოდნელია, რომ მათ შორის, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, შიდა მიგრანტთა წილიც შედარებით მაღალი იყოს. კავკასიის ბარომეტრის შედეგები ამ ვარაუდს არ ადასტურებს – არ იკვეთება რამდენადმე თვალშისაცემი განასხვავები შიდა მიგრანტებსა და დანარჩენ მოსახლეობას შორის განათლების დონის მიხედვით.

2015 წლის კავკასიის ბარომეტრის შედეგების წინასწარი ანალიზი გვიჩვენებს, რომ საქართველოში შიდა მიგრანტთა წილი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. ქალები ორჯერ უფრო ხშირად არიან შიდა მიგრანტები, ვიდრე მამაკაცები; განსხვავებები ასაკისა და დასახლებული პუნქტის ტიპის მიხედვით შედარებით მცირეა.

CRRC-ისკავკასიის ბარომეტრისმონაცემები ხელმისაწვდომია მონაცემთა ონლაინ ანალიზის გვერდზე.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები