სამუშაო ძალის მომზადების სისტემის შეფასება საქართველოში

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტების სერიის 2013 წლის გაზაფხულის სეზონის მეათე სესიას!

ანა დიაკონიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

”სამუშაო ძალის მომზადების სისტემის შეფასება საქართველოში”
ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 – 6:15

ISET/CRRC, ზანდუკელის ქ. 16, თბილისი

აბსტრაქტი: მოცემული კვლევა დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ და მიზნად ისახავს შეაფასოს თუ რამდენად უწყობს ხელს სამუშაო ძალის განვითარებას საქართველოში არსებული პოლიტიკები და ინსტიტუტები. სამუშაო ძალის განვითარება ერთ-ერთია იმ დარგებიდან, რომლებიც მსოფლიო ბანკის განვითარების ქსელის ინიციატივის „სისტემური მიდგომა უკეთესი საგანმანათლებლო შედეგებისთვის“ (Systems Approach for Better Education Results) შესწავლის საგანს წარმოადგენს. ინიციატივის მთავარი მიზანია შექმნას ისეთი ინსტრუმენტი და რესურსები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ თუ რამდენად ახდენს ამა თუ იმ ქვეყნის განათლებისა და ტრენინგის სისტემა სამუშაო ბაზარზე მოთხოვნადი უნარების გენერირებას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საქართველოში ცხრა სფეროზე (მაგ. სტრატეგია, დაფინანსების ეფექტურობა, ტრენინგ-პროვაიდერთა მრავალფეროვნება და ა.შ.) შეგროვდა ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც თითოეულს მიენიჭა გარკვეული ქულა.საერთო შეფასებით, საქართველო, სტრატეგიული მიმართულებისა და სერვისის/ტრენინგის მიწოდების დარგში შეფასდა როგორც განვითარების „საწყის ეტაპზე“ მყოფი, ხოლო სამუშაო ძალის მომზადების სისტემის ადმინისტრირების კუთხით როგორც გარდამავალი „საწყის ეტაპსა“ და „ჩამოყალიბებულს“ შორის. კვლევაში აქცენტი კეთდება სისტემის ძლიერი (მაგ. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შექმნა) და სუსტი (მაგ. დამსაქმებლებსა და ტრენინგ-პროვაიდერებს შორის თანამშრომლობა) მხარეების ანალიზზე, რის შედეგადაც შესაძლებელია სისტემის გასაუმჯობესებლად საჭირო ნაბიჯების განხილვა. კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებული იქნა დოკუმენტების ანალიზი და ჩაღრმავებული ინტერვიუ საკვანძო ინფორმანტებთან, როგორიცაა მთავრობის წარმომადგენლები, დამსაქმებელთა ასოციაციები, ტრენინგ-პროვაიდერები და დამოუკიდებელი ექსპერტები. კვლევა ჩატარდა მკველვართა ჯგუფის მიერ, მსოფლიო ბანკის ვოშინგტონის ოფისის მეთვალყურეობის ქვეშ.

ანა დიაკონიძე – დოქტორანტი სოციოლოგიის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი კვლევის ინტერესს ამჟამად იმ შიდა თუ საგარეო ფაქტორების კვლევა წარმოადგენს, რომლებიც საქართველოში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ფორმირებას განსაზღვრავენ. მისი ბოლო პუბლიკაციების მთავარი თემა იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეხება. როგორც მოწვეული ლექტორი ანა უძღვება სალექციო კურსს სოციოლოგიასა და სოციალურ პოლიტიკაში თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.
***
„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კრიტიკა. გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: natia@crrccenters.org.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები