ამ ბლოგ პოსტის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო მონაცემები სახელმწიფო შესყიდვებში ქართული კომპანიების მონაწილეობის შესახებ. დღეს განვიხილავთ, თუ როგორ განსხვავდება კომპანიების წარმომადგენლების შეფასებები სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით გამომდინარე იქიდან, მონაწილეობს თუ არა კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში.
გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაციის ძირითად წყაროს კომპანიებისთვის სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების ვებ-გვერდები (17%) და ერთიანი ელექტრონული სისტემა (16%) წარმოადგენს. თუმცა თვალშისაცემი განსხვავებები იკვეთება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე და არამონაწილე კომპანიების შორის იმ თვალსაზრისით, რომ არამონაწილე კომპანიების უმრავლესობა საერთოდ არ ან ვერ იღებს ინფორმაციას გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერების შესახებ.
შენიშვნა: ინტერივუების დროს არ იყო შეზღუდული შესაძლო პასუხების რაოდენობა.
კომპანიების უმრავლესობა (60%) ნდობას უცხადებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. სააგენტოსადმი უნდობლობას კომპანიების მცირე ნაწილი – მხოლოდ 8% – აფიქსირებს, თუმცა, ამავე დროს, კომპანიების თითქმის მესამედის (30%) წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ იციან, ენდობიან თუ არ ენდობიან სააგენტოს. ნიშანდობლივია, რომ იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში, უფრო ხშირად აფიქსირებენ პასუხს „არ ვიცი“, ვიდრე იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ ასეთი გამოცდილება.ასევე მნიშვნელოვანია, რომ იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც მონაწილეობა მიუღიათ სახელმწიფო შესყიდვებში, უფრო ხშირად აფიქსირებენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსადმი ნდობას, რაც, დიდი ალბათობით, იმაზე მეტყველებს, რომ სააგენტოსთან ურთიერთობის მათი გამოცდილება, როგორც წესი, დადებითი იყო.
წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რამდენად აქვთ ან არა აქვთ უპირატესობა სახელმწიფო ტენდერებში კომპანიებს, რომლებსაც გარკვეული კავშირი აქვთ ხელისუფლებასთან, ასევე განსხვავებულია გამომდინარე იქიდან, აქვს თუ არა კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება. სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები, არამონაწილე კომპანიების წარმომადგენლებთან შედარებით, გაცილებით ხშირად არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ტენდერებში ისეთი კომპანიები იმარჯვებენ, რომლებსაც გარკვეული კავშირი აქვთ ხელისუფლებასთან. ამასთან, იმ კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც არ მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში, 2.3-ჯერ უფრო ხშირად უპასუხეს „არ ვიცი“.
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიების 36% მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული ტენდერები ხშირად ერთ კონკრეტულ კომპანიაზეა „მორგებული“ და მის გამარჯვებას ისახავს მიზნად. თუმცა ამავე კომპანიების თითქმის ნახევარი (48%) ამ აზრს არ ეთანხმება. თუ, ერთი მხრივ, შესყიდვებში მონაწილე კომპანიების 27% იზიარებს მოსაზრებას, რომ შემსყიდველის მხრიდან მრავალჯერ ჩაშლილი ტენდერის მიზანი გამარტივებული შესყიდვის გზით ერთ კონკრეტულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებაა, მეორე მხრივ, ასეთი კომპანიების თითქმის ნახევარი (47%) უარყოფს ამ მოსაზრებას.
შენიშვნა: ეს კითხვა დაესვა კომპანიების 17%-ს, რომლებსაც ერთხელ მაინც მიუღია მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში.
როგორც ბლოგ პოსტის ამ ნაწილში წარმოდგენილი მონაცემები მოწმობს, იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც ერთხელ მაინც მიუღიათ მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში, ბევრად უფრო დადებითად აფასებენ სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მუშაობის სხვადასხვა ასპექტს. მათი უმრავლესობა ნდობას უცხადებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მიიჩნევს, რომ ტენდერში გასამარჯვებლად არ არის საჭირო „კავშირები“ ხელისუფლებასთან. იმ კომპანიების წარმომადგენლებს კი, რომლებსაც არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში, უჭირთ აზრის დაფიქსირება ამ საკითხებზე.ამ ბლოგ პოსტში წარმოდგენილი მონაცემები მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მეტად უნდა იზრუნოს კომპანიების ინფორმირებულობის გაზრდაზე სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შესახებ.
ამ თემაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით CRRC-საქართველოს ანგარიშს, სადაც წარმოდგენილია კომპანიების გამოკითხვის შედეგები.