რატომ არ უნდათ ქართველებს აცრა?

შენიშვნაეს სტატია დაიბეჭდა OC Media-თან თანამშრომლობით მათ ონლაინ პლატფორმაზეCaucasus Data Blog. სტატიის ავტორია ცისანა ხუნდაძე, CRRC-საქართველოს უფროსი მკვლევარი. სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები მხოლოდ ავტორს ეკუთვნის და არ წარმოადგენს CRRC-საქართველოს ან რომელიმე სხვა მხარის მოსაზრებებს.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო უკვე ორი სახის ვაქცინის გაკეთებაა შესაძლებელი, საზოგადოების დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. კორონავირუსის წინააღმდეგ აცრის მიმართ მზაობა 2020 წლის ივნისსა და დეკემბერშიც არ იყო მაღალი, თუმცა, სავარაუდოდ, ეჭვები ვაქცინაციასთან დაკავშირებით უფრო გაიზრდებოდა მას შემდეგ, რაც 18 მარტს კორონავირუსის წინააღმდეგ ასტრაზენეკას ვაქცინით აცრის შემდეგ მცირე ხანში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. CRRC/NDI-ის 2021 წლის თებერვლის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამ შემთხვევამდეც კი, თებერვალში, ქართველების მხოლოდ მესამედი გამოხატავდა კორონავირუსის წინააღმდეგ აცრის მიმართ მზაობას და თავშეკავების მთავარ მიზეზად ვაქცინის ხარისხს ასახელებდა.

CRRC/NDI-ის 2021 წლის თებერვლის სატელეფონო გამოკითხვის მონაცემების მიხედვით, ქართველების 40% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა ეფექტურია. დანარჩენი გეგმას ან არაეფექტურად თვლის, ან არ იცის. უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ აცრას რაც შეეხება, ქართველების 35%-მა თქვა, რომ აიცრებოდა, ხოლო უმრავლესობამ (53%) აღნიშნა, რომ უარს იტყოდა.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყოყმანის ყველაზე გავრცელებული მიზეზი კორონავირუსის ვაქცინების მიმართ ნდობის ნაკლებობაა. ამასთანავე, ყოველი ხუთი ადამიანიდან, რომელსაც აცრა არ უნდა, ერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ვაქცინაციის გარეშეც გავუმკლავდებით პანდემიას. ზოგი კი აცრისგან თავის შეკავების გადაწყვეტილებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს მიაწერს. გარდა აღნიშნული მიზეზებისა, ვაქცინაციის მიმართ მოყოყმანე ყოველი ოცი ქართველიდან ერთი ამბობს, რომ ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგია ან რომ არ გაიკეთებს, რადგან ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს.

შენიშვნა: კითხვა დაუსვეს მხოლოდ იმ რესპონდენტებს, ვინც არ თქვა, რომ აცრას გაიკეთებდა.

ვინ არის ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ვაქცინაციის მიმართ?

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ქართველების დამოკიდებულების უკეთ გასაგებად რეგრესიული მოდელი შევადგინეთ. რეგრესიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ კაცები 1.3-ჯერ უფრო მეტი ალბათობით ამბობენ, რომ აიცრებიან, ვიდრე ქალები. ასევე, 54 წელზე უფროსი ადამიანები ახალგაზრდებთან შედარებით 1.3-ჯერ უფრო მეტი ალბათობით ამბობენ, რომ აიცრებიან. ამასთანავე, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები 1.5-ჯერ მეტი ალბათობით გამოხატავენ აცრის მიმართ მზაობას, ვიდრე საშუალო ან საშუალო ტექნიკური განათლების მქონე ადამიანები.

რეგრესიულმა ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები 1.5-ჯერ უფრო მეტი ალბათობით ამბობენ, რომ აიცრებიან, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერები, ან ისინი, ვინც არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს.

საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის მთავარ წყაროდ ტელევიზიას ან ინტერნეტს ასახელებენ, უფრო მეტი ალბათობით გამოხატავენ აცრის მიმართ მზაობას, ვიდრე ისინი, ვინც ყველაზე მნიშვნელოვნად სხვა წყაროებს ასახელებენ. 

მნიშვნელოვანი განსხვავებები აცრისგან თავის შეკავების მიზეზებთან დაკავშირებით არ გამოიკვეთა სხვადასხვა ტიპის დასახლებებში მცხოვრებ და განსხვავებული დასაქმების სტატუსის მქონე ადამიანებს შორის.

შენიშვნა: წინამდებარე და შემდეგი დიაგრამები რეგრესიულ მოდელს ეფუძნება. მოდელი მოიცავს შემდეგ ცვლადებს: სქესი (ქალი, კაცი), ასაკობრივი ჯგუფი (18-34, 35-54, 55+), დასახლების ტიპი (დედაქალაქი, სხვა ქალაქები, სოფლები), განათლება (საშუალო ან უფრო დაბალი, საშუალო ტექნიკური, უმაღლესი), დასაქმების სტატუსი (დასაქმებული, დაუსაქმებელი), პარტიის მხარდაჭერა (ქართული ოცნება, ოპოზიცია, არ დაასახელა არცერთი პარტია) და კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის წყარო (ტელევიზორი, ინტერნეტი/ფეისბუქი, სხვა).

რაც შეეხება აცრისგან თავის შეკავების მიზეზებს, რეგრესიული ანალიზი აჩვენებს, რომ ქალები 1.2-ჯერ უფრო ხშირად აყენებენ ეჭვქვეშ ვაქცინის სანდოობას, ვიდრე კაცები. ოპოზიციის მხარდამჭერები კი თითქმის ორჯერ უფრო მეტი ალბათობით ამბობენ, რომ არ ენდობიან ვაქცინის ხარისხს, ვიდრე ქართული ოცნების მხარდამჭერები.

ამასთანავე, ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ ტელევიზია დაასახელეს, უფრო მეტი ალბათობით გამოთქვამდნენ ეჭვს ვაქცინის ხარისხთან დაკავშირებით, ვიდრე ისინი, ვინც ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ ინტერნეტი ან სხვა წყაროები დაასახელა.

არ გამოიკვეთა განსხვავებები სხვადასხვა ასაკის, დასახლების ტიპის, განათლების დონის ან დასაქმების სტატუსის მქონე ადამიანებს შორის.

 

ვინ მიიჩნევს, რომ პანდემიასთან გამკლავება ვაქცინაციის გარეშეც შეგვიძლია?

 

რეგრესიულმა ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ კაცები, ქალებთან შედარებით, 1.5-ჯერ უფრო მეტი ალბათობით ამბობენ, რომ, მათი აზრით, ვაქცინაციის გარეშეც გავუმკლავდებით პანდემიას. ახალგაზრდები კი 1.9-ჯერ უფრო მეტი ალბათობით ამბობენ იმავეს, ვიდრე 54 წელზე უფროსი ადამიანები.

დედაქალაქის მაცხოვრებლები 1.6-ჯერ უფრო მეტი ალბათობით მიიჩნევენ, რომ პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გავუმკლავდებით, ვიდრე სოფელში მცხოვრები ადამიანები. ქართული ოცნების მხარდამჭერები კი თითქმის ორჯერ უფრო მეტი ალბათობით ამბობენ ამას, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერები.

და ბოლოს, ისინი, ვინც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის მთავარ წყაროდ ინტერნეტს ასახელებენ, 1.4-ჯერ უფრო მეტი ალბათობით ამბობენ, რომ პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გავუმკლავდებით, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ ტელევიზიას ასახელებენ.

მნიშვნელოვანი განსხვავებები არ გამოიკვეთა განსხვავებული განათლების დონისა და დასაქმების სტატუსის მქონე ადამიანებს შორის.

 

რეგრესიული ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ როდესაც ზოგადად ვაქცინების მიმართ წინააღმდეგობასთან და ვაქცინაციის პროცესისთვის ალტერნატიული მიზნების მიწერასთან გვაქვს საქმე, განათლება ერთადერთი ფაქტორია, რომელიც ადამიანებში განსხვავებულ მოსაზრებებთანაა დაკავშირებული. საშუალო ან უფრო დაბალი განათლების მქონე ადამიანები 1.9-ჯერ უფრო მეტი ალბათობით არიან ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგი ან ფიქრობენ, რომ ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს, ვიდრე უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები. მნიშვნელოვანი განსხვავებები არ დადგინდა სხვადასხვა ჯგუფებს შორის სქესის, ასაკის, დასახლების ტიპის, დასაქმების სტატუსის, პარტიის მხარდაჭერის და კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის წყაროების მიხედვით.

 

CRRC/NDI-ის 2021 წლის თებერვლის მონაცემებმა აჩვენა, რომ ქართველების უმეტესობა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის ეფექტურობაში დარწმუნებული არ არის და არც იმისთვისაა მზად, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა გაიკეთოს. 

ყველაზე გავრცელებული მიზეზი კორონავირუსის ვაქცინის ხარისხის მიმართ ნდობის სიმცირე და რწმენაა, რომ პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გავუმკლავდებით.

კაცები, ხანდაზმული ადამიანები, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები, ქართული ოცნების მხარდამჭერები და ისინი, ვინც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას პირველ რიგში ინტერნეტიდან იღებენ, უფრო მეტი ალბათობით გამოთქვამენ აცრის მიმართ მზაობას. 

როდესაც საქმე ვაქცინაციის მიმართ მზაობის ნაკლებობის მიზეზს ეხება, ქალები, ოპოზიციის მხარდამჭერები და ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის მთავარ წყაროდ ტელევიზორს ასახელებენ, ყველაზე მეტი ალბათობით გამოთქვამენ ეჭვებს ვაქცინის ხარისხთან დაკავშირებით. მაშინ, როცა კაცები, ახალგაზრდები, დედაქალაქის მაცხოვრებლები, ქართული ოცნების მხარდამჭერები და ისინი, ვინც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის მთავარ წყაროდ ინტერნეტს ასახელებენ, უფრო მეტი ალბათობით ფიქრობენ, რომ პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გავუმკლავდებით.

ამასთანავე, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებთან შედარებით, საშუალო ან უფრო დაბალი განათლების მქონე ადამიანები უფრო მეტი ალბათობით არიან ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგი და ვაქცინაციას ალტერნატიულ მიზნებს მიაწერენ.


სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ადამიანების მოსაზრებების შესახებ დამატებითი მონაცემებისთვის იხილეთ CRRC/NDI-ის 2021 თებერვლის გამოკითხვის მონაცემთა ბაზა CRRC-ის მონაცემთა ანალიზის ონლაინ პლატფორმაზე.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები