უკან
სამშაბათი | 21 თებერვალი. 2023
„საგარეო საფრთხეების აღქმა საქართველოში“ - CRRC-საქართველომ საზოგადოებას კვლევის შედეგები გააცნო

21 თებერვალს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) საზოგადოებას წარუდგინა ახალი კვლევა  „საგარეო საფრთხეების აღქმა საქართველოში“.

 

CRRC-საქართველოს დირექტორმა კობა თურმანიძემ კვლევის პრეზენტაციაზე აღნიშნა: „საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეა. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ამ თემის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, შეგვესწავლა საზოგადოებრივი აზრი უკრაინაში მიმდინარე ომის, რუსეთიდან მომდინარე პოტენციური სამხედრო საფრთხეებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პერსპექტივის შესახებ.“

 

როგორც კვლევამ აჩვენა,  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს (42%) უფრო მეტად სჯერათ, რომ დათმობებზე წასვლით საქართველოს რუსეთთან შესაძლო ომის თავიდან აცილება შეუძლია, და, ასევე, უკრაინასაც შეეძლო ომის არიდება (46%), ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერებს. ამ უკანაკნელთა შორის მხოლოდ 31% ფიქრობს ანალოგიურად საქართველოს და 28% - უკრაინასთან მიმართებაში. ამასთანავე, ოპოზიციის მომხრეთა განწყობები შედარებით ადვილად იცვლება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით  მიღებული ინფორმაციის ზეგავლენით: ოპოზიციის ის მხარდამჭერები, რომლებიც იღებენ ინფორმაციას მიმდინარე ომში უკრაინის დანაკარგების შესახებ, უფრო მეტად უჭერენ მხარს რუსეთთან დათმობებს, ვიდრე ოპოზიციის ის მხარდამჭერები, ვისაც ასეთი ინფორმაცია არ მიუღიათ. მსგავსი ეფექტი არ შეინიშნება მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და პარტიების მიმართ მიუმხრობელ ადამიანებში.

 

პრეზენტაციაზე კვლევის ავტორმა გიორგი ბაბუნაშვილმა  საკვანძო მიგნებები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ გამოკითხულ  „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მხარდამჭერების დაახლოებით ერთნაირი რაოდენობა საერთოდ არ მიიჩნევს მოსალოდნელად ომს საქართველოში. მისივე თქმით, საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმის თაობაზე, უნდა წავიდეს თუ არა საქართველო დათმობებზე რუსეთთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. კერძოდ, გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი (60%) რუსეთის აგრესიის დასაშოშმინებლად დასავლური მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიებისა და დამოუკიდებლობის დათმობას არ ემხრობა.

 

აღნიშნული კვლევისთვის მონაცემები CRRC-საქართველომ 2022 წლის აგვისტოსა და სექტემბერში შეაგროვა. გამოკითხვის ფარგლებში სულ 1,523 ინტერვიუ ჩატარდა საქართველოს ზრდასრულ (18+) მოსახლეობასთან. კვლევას ფინანსური მხარდამჭერა გაუწია  დემოკრატიის ეროვნულმა ფონდმა (NED). 

კვლევის სრული ანგარიში ქართულ და ინგლისურ ენებზე აქ შეგიძლიათ ნახოთ.