გარემოსადცვითი პრობლემები საქართველოში: მოსახლეობის საფიქრალი?

გაეროს სოციალური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის (UNRISD) თანახმად, „გარემო-პირობების გაუარესება უარყოფითად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და არსებობის შესაძლებლობებზე, რასაც დაბინძურებული გარემო და ბუნებრივი რესურსების გამოფიტვა განაპირობებს. ნიადაგის ეროზია, ტყეების გაჩეხვა, ცხოველებისა და მცენარეების გადაშენება ანსახეობების შემცირება აფერხებს მრავალი ადამიანის მწარმოებლურ შესაძლებლობებს.“

საქართველოში, 2009 წლის გარემოს შესახებ ეროვნული მოხსენებისა და 2012-2016 წლებში ეროვნული გარემოსდაცვითი სამოქმედო პროგრამის თანახმად, გახშირებული სტიქიური უბედურებები, ნიადაგის ქიმიური დაბინძურება და პროგრესირებადი გაუდაბნოება, რასაც ძირითადად შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის ტერიტორიებზე შეხვდებით, ადამიანის მიერ ხელოვნურად დაბინძურებულ გარემოზე ნათლად მიუთითებს.


გარემოსდაცვითი პრობლემები სხვადასხვანაირად აისახება როგორც ქალაქად, ისე სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზე. მოსახლეობის აზრის კვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანები განსხვავებულად აფასებენ გარემოსდაცვით პრობლემებს. ამ ბლოგ პოსტში, CRRC/NDI-ს 2015 წლის აგვისტოს გამოკითხვაზე დაყრდნობით, განვიხილავთ გარემოს დაბინძურების საკითხს ადამიანებით დასახლებულ პუნქტებში და ამ პრობლემის სიმწვავეს სხვა საკითხებთან მიმართებაში.

გამოკითხვაში ერთ-ერთი კითხვა იყო შემდეგი: „რა არის კეთილმოწყობასთან/ინფრასქტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენს ქალაქს/სოფელს აწუხებს?“ დაბინძურება იყო მეოთხე ყველაზე ხშირად დასახელებული პრობლემა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გზების, წყლის მიწოდებისა და გაზის მიწოდების შემდეგ. თუმცა ის, თუ რაოდენ ხშირად ასახელებს მოსახლეობა ამ პრობლემას ასევე დამოკიდებულია დასახლების ტიპზე. თუ დაბინძურება დედაქალაქში მთავარ პრობლემად დასახელდა, რასაც თბილისის მოსახლეობის 44% ეთანხმება, ის სოფლის მოსახლეობის მხოლოდ 7%-ს აწუხებს.

შენიშვნა: პასუხები ზუსტად 100%-მდე არ ჯამდება, რადგან რესპონდენტები ასახელებდნენ სამ საკითხს. ამ ბლოგ პოსტში წარმოდგენლი გრაფები აღწერს 5 ყველაზე ხშირად დასახელებულ საკითხს ეროვნულ დონეზე.

ეროვნულ დონეზე ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით, გზებისა და წყლის მიწოდების გაუმჯობესება მოსახლეობის უმთავრეს პრიორიტეტებად სახელდება, დაბინძურება კი კვლავ მეოთხე ადგილზე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მოსახლეობა დაბინძურებას პრიორიტეტებს შორის ასახელებს, სოფლის მოსახლოების მხოლოდ 1% ფიქრობს, რომ დაბინძურება ბიუჯეტის ხარჯვისას პრიორიტეტი უნდა იყოს.

ზოგადად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სოფლის მოსახლეობა სათანადოდ ვერ აღიქვამს დაბინძურებისა და გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობას. ამავდროულად, გოტენბურგის უნივერსიტეტის კვლევა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მავნე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები საქართველოს სავარგულების 35%-ზე უარყოფითად აისახება, რომლის სიმწირე ქვეყანაში ისედაც არსებობს მთიანი ლანდშაფტის გამო.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები