ავტორი: ნათია სორდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შენიშვნა: ეს ბლოგი ეფუძნება სტატიას, რომელიც მომზადდა Caucasus Analytical Digest (CAD)-ისთვის CRRC-ისა და UN Women-ის ერთობლივი ძალისხმევით. ბლოგის ავტორია ფსიქოლოგიის დოქტორი ნათია სორდია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებული მკვლევარი. ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ ასახავს CRRC-ის, UN Women-ის ან რომელიმე დაკავშირებული ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას.
თავისუფალი დრო ის დროა, როცა ვისვენებთ, ვეკონტაქტებით მეგობრებს, ვმონაწილეობთ სპორტულ და კლტურულ აქტივობებში, ვიმუხტებით ენერგიით. ერთი შეხედვით, თავისუფალი დროის დაგეგმვა ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ 2020–21 წლებში, საქართველოში ჩატარებული დროის გამოყენების კვლევა (GTUS) აჩვენებს, რომ თავისუფალი დროის შინაარსსა და რაოდენობაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას და ხშირად ამ ფაქტორებს ჩვენი ნების თავისუფლებასთან არაფერი აქვთ საერთო. 5,599 ზრდასრული ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ისეთ მარტივ კითხვაზე, როგორიცაა „ვინ და როგორ ატარებს თავისუფალ დროს საქართველოში?“ პასუხი არცისე მარტივია და სქესის, ასაკის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებას საჭიროებს.
როგორ ატარებენ თავისუფალ დროს ქალები და კაცები საქართველოში?
საშუალოდ, კაცები დღეში დაახლოებით 6 საათსა და 41 წუთს უთმობენ დასვენებას, ხოლო ქალები — დაახლოებით 5 საათსა და 21 წუთს. მსგავსი განსხვავება ფიქსირდება თავისუფალი დროის გატარების ყველა ნაკვლევ ტიპში (სოციალიზაცია, სპორტულ აქტივობებში და კულტურულ აქტივობებში ჩართვა, რაც აქტიურ დასვენებად ითვლება, ხოლო პასიურ დასვენებად ითვლება მედიის მოხმარება და მოსვენება). კვლევაში მხოლოდ ის ზრდასრულები მონაწილეობდნენ, რომელთა სახლშიც არასრულწლოვანი არ ცხოვრობს. მიზანი ზრუნვასთან დაკავშირებული გენდერული მოლოდინების გავლენის კონტროლი იყო. ქალის, როგორც არასრულწლოვანზე მზრუნველის როლის გამორიცხვის შემთხვევაშიც, აღმოჩნდა, რომ ქალებს, კაცებთან შედარებით, ნაკლები თავისუფალი დრო აქვთ.
თავისუფალი დროის მაჩვენებელი სხვადასხვა აქტივობის ტიპისთვის

ცვლის თუ არა სურათს პარტნიორის ყოლა?
კაცებისთვის პარტნიორის ყოლა ზრდის თავისუფალი დროის ჯამურ მაჩვენებელს (დაახლოებით 69 წუთით), თუმცა მცირდება სოციალიზაციისთვის დათმობილი დრო. ქალებისთვის პარტნიორის ყოლა ასოცირდება თავისუფალი დროის ფარგლებში განხორციელებული თითოეული აქტივობისთვის განსაზღვრული დროის შემცირებასთან.
რაში ხარჯავენ თავისუფალ დროს ქალები და კაცები პარტნიორით და პარტნიორის გარეშე?

იცვლება თუ არა სურათი ასაკთან ერთად?
კვლევის მიხედვით, ხანდაზმულ პირებს (66+) უფრო მეტი თავისუფალი დრო აქვთ, ვიდრე ახალგაზრდებს, თუმცა ამ დროის დიდი ნაწილი დასვენების პასიურ ფორმებს ეთმობა და არა აქტიურ დასვენებას.
თავისუფალი დრო და ასაკი

ასაკის გარდა, ჩანს, რომ დასვენების აქტიური და პასიური ფორმების გამოყენებაზე გავლენას საცხოვრებელი ადგილიც ახდენს. სოფლის მოსახლეობა, როგორც ქალები, ისე კაცები, ნაკლები თავისუფალი დროის არსებობაზე მიუთითებენ და იშვიათად არიან ჩართული დასვენების აქტიურ ფორმებში.
თავისუფალი დრო და საცხოვრებელი ადგილი

რატომ არის თავისუფალი დრო ასე მნიშვნელოვანი?
თავისუფალი დროის ქონა არ უნდა განვიხილოთ როგორც ფუფუნების საგანი, რადგან ის ღირსეული ცხოვრების აუცილებელი და ბაზისური ნაწილია. თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში, თავისუფალ დროზე წვდომა და მისი ხარჯვის ფორმები მკვეთრად განსხვავდება სქესის, ასაკისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ჩანს, რომ კაცებს უფრო მეტი თავისუფალი დრო აქვთ, ვიდრე ქალებს; ხანდაზმულებს მეტი თავისუფალი დრო აქვთ, ვიდრე ახალგაზრდებს, თუმცა ამ დროს დასვენების პასიურ ფორმებში ატარებენ (მაგ. მედიის მოხმარება და მოსვენება); სოფლის მაცხოვრებლებს, ქალაქის მაცხოვრებლებთან შედარებით ნაკლები თავისუფალი დრო აქვთ და ეს დრო მეტწილად დასვენების პასიური ფორმებით არის შევსებული.
კვლევის ეს შედეგები აჩვენებს, რომ თავისუფალი დროის ჯამური მაჩვენებელი და ხარისხი მხოლოდ გენდერული სხვაობებით ვერ აიხსნება და საჭიროა უფრო ფართო, სოციალური და ინფრასტრუქტურული განსხვავებების შესწავლა. კითხვები უნდა დავსვათ იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ არის დამოკიდებული ჩვენი დასვენება ჩვენს თავისუფალ ნებაზე? რატომ არ არის თავისუფალი დროის რაოდენობა და ხარისხი დამოუკიდებელი ისეთი სოციო-დემოგრაფიული ფაქტორებისგან, როგორიც სქესი, ასაკი თუ საცხოვრებელი ადგილია?









