საქართველოს მოსახლეობის წარმოდგენები პროკურატურაზე

 

2020 წლის 19 იანვარს, „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდებსა და ფეისბუქ გვერდებზე ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში განთავსდა ფილმი: „გამარჯვებულთა სამართალი“. იგი ეხებოდა 2011 წელს სახელმწიფოს მიერ ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილისთვის ქონების, კერძოდ კი ბრენდული საათების მაღაზია „ალბატროსის“, ჩამორთმევას და პროკურატურის მიმართ ამ საქმის გამოუძიებლობის ბრალდებას.

2020 წლის 4-დან  23 მარტამდე პერიოდში CRRC-საქართველომ სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა იმისათვის, რომ გაეგო საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ და ასევე დაედგინა, მოსახლეობის რა ნაწილმა ნახა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ ფილმი. გამოკითხვაში ყურადღება გამახვილებული იყო შემდეგ საკითხებზე:

  • რამდენად ენდობა ან არ ენდობა ხალხი პროკურატურას,
  • მოსახლეობის აზრით, რამდენად ხშირია საქართველოში პროკურორების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და მოსამართლეებთან გარიგება მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად,
  • რამდენად მოახერხა მთავრობამ სამართლიანობის აღდგენა ჩამორთმეულ ქონებებთან დაკავშირებით.

გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის მხოლოდ 2%-მა დაადასტურა, რომ ნახა ფილმი „გამარჯვებულთა სამართალი“.  მათ შორის, უმრავლესობას არ ახსოვდა, სად ნახა ფილმი. დანარჩენმა რესპონდენტებმა ფილმს „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდზე ან ფეისბუქ გვერდზე უყურეს და ჟურნალისტური გამოძიება დამაჯერებლად ან ნაწილობრივ დამაჯერებლად მიიჩნიეს.

რაც შეეხება პროკურატურას, საქართველოში საზოგადოებრივი აზრი მის მიმართ ნდობისკენ იხრება. მოსახლეობის ნახევარზე მეტი (57%) აცხადებს, რომ ენდობა პროკურატურას (19% სრულად ენდობა და 38% უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა მას), 26% კი არ ენდობა მას. მოსახლეობის 17%-მა ამ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა. პროკურატურის მიმართ ნდობის მაჩვენებელი 2018 წლის შედეგებისგან დიდად არ განსხვავდება. თუმცა,  2018 და 2019 წლებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაზრდილია.


შენიშვნა: შეკითხვა 4-ბალიანი სკალიდან 2-ბალიან სკალად დაჯგუფდა. პასუხის ვარიანტები „ძალიან ვენდობი“ და „უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი“ გაერთიანდა პასუხის ვარიანტში „ვენდობი“; ხოლო „საერთოდ არ ვენდობი“ და „უფრო არ ვენდობი, ვიდრე ვენდობი“ – პასუხის ვარიანტში „არ ვენდობი“.

თუმცა, როცა საქმე პროკურატურის მიერ ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული სამართლებრივი დევნის განხორციელებას ეხება, მოსახლეობის აზრი იყოფა. მეოთხედზე ოდნავ მეტი (28%) აცხადებს, რომ პროკურატურა ობიექტურად ახორციელებს ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ დევნას და თითქმის იგივე წილი (26%) ფიქრობს, რომ პროკურატურა ასეთ საქმეებზე დევნას არაობიექტურად ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ უმრავლესობას (43%) ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რესპონდენტებსჰკითხეს, მათიაზრით, საქართველოშიპროკურორებისმიერძალაუფლებისბოროტადგამოყენებაკონკრეტულსაქმეზემუშაობისასხშირადხდება, იშვიათადთუარასდროს. უმრავლესობამ (36%) განაცხადა, რომ ქვეყანაში ასეთი რამ იშვიათად ხდება;  მეოთხედი (20%) ფიქრობს, რომ პროკურორების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ხშირად ხდება, ხოლო დანარჩენ რესპონდენტებს (31%) კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ.

მსგავსი სკალის გამოყენებით გამოკითხვაში დაისვა კითხვა საქართველოში პროკურორების გარიგებაზე მთავრობის წარმომადგენლებთან მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად. საგულისხმოა, რომ უმრავლესობას (39%) კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილიდან 29% აცხადებს, რომ  საქართველოში პროკურორებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის გარიგება მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად იშვიათად ხდება; 20%-ს მიაჩნია, რომ ასეთი გარიგებები ქვეყანაში ხშირად ხდება, ხოლო 12% აცხადებს, რომ პროკურორებსა და მთავრობას შორის გარიგება არასდროს ხდება.

კითხვები, რომლებიც პროკურორების მიერ ძალის ბოროტად გამოყენებასა და პროკურორების მოსამართლეებთან გარიგებას ეხებოდა, 2018 წლის გამოკითხვაშიც ფიგურირებდა. პროკურორების მიერ ძალის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი მცირედით შეცვლილია. 2018 წელთან შედარებით, 2020 წელს უფრო ნაკლები ადამიანი მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ ძალის ბოროტად გამოყენება ქვეყანაში ხშირად ხდება. ასევე უფრო ნაკლები ადამიანი ამბობს, რომ ეს იშვიათად ხდება. 2018 წელთან შედარებით, ოდნავ გაიზარდა იმ ადამიანთა წილი, ვინც აცხადებს, რომ პროკურორების მიერ ძალის ბოროტად გამოყენება საქართველოში არასდროს ხდება. აღსანიშნავია, ისიც, რომ 2018 წელთან შედარებით საკმაოდ გაზრდილია იმ ადამიანთა წილი, ვისაც ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება პროკურორების გარიგებას მოსამართლეებთან, 2018 წელთან შედარებით შედეგები დიდად არ შეცვლილა. მცირედით შემცირდა იმ ადამიანთა წილი, ვინც ამბობს, რომ პროკურორების გარიგება მოსამართლეებთან მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად ხშირად ხდება და მცირედით გაიზარდა იმ ადამიანთა წილი, ვისაც კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რესპონდენტებს ჰკითხეს, რამდენად თავისუფალია ან არ არის თავისუფალი მსხვილი ბიზნესი პოლიტიკური გავლენებისგან საქართველოში. შედეგების მიხედვით, 42% მიიჩნევს, რომ მსხვილი ბიზნესი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია, 33% საპირისპიროს აცხადებს და  მეოთხედს (25%) კითხვაზე პასუხი არ აქვს.

გამოკითხვის დროს რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს „სამართლიანობის აღდგენის“ პროცესზეც, რომელიც 2012 წელს ქართულმა ოცნებამ წამოიწყო. პროცესი სხვა ამოცანებთან ერთად ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებასაც გულისხმობდა. რესპონდენტთა უმრავლესობამ (36%) განაცხადა, რომ ეს ამოცანა არ შესრულდა; დაახლოებით მეოთხედმა (27%) თქვა, რომ ეს ამოცანა შესრულდა, ხოლო 36%-ს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

ამრიგად, საერთო ჯამში, საზოგადოება გაყოფილია პროკურატურის მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით ან ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს. საქართველოს მოსახლეობაში განსხვავებული დამოკიდებულებაა საქართველოს პროკურატურის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი ენდობა პროკურატურას, მეოთხედზე მეტი ფიქრობს, რომ ის არაობიექტურად ახორციელებს ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ სამართლებრივ დევნას. ამასთანავე, უმრავლესობამ საერთოდ არ იცის, რამდენად ობიექტურად ან არაობიექტურად ახორცილებს პროკურატურა ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ სამართლებრივ დევნას. მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა ასევე არ იცის, ხშირად, იშვიათად თუ არასდროს ხდება პროკურორების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, პროკურორების გარიგება მოსამართლეებთან ან მთავრობის წარმომადგენლებთან მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად. მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი მიიჩნევს, რომ ეს ხშირად ან იშვიათად ხდება, ხოლო დაახლოებით მეათედი – რომ ეს არასდროს ხდება.

შენიშვნა: გამოკითხვა ჩატარდა პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, CRRC-საქართველოსა (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი (EU). ამ ბლოგში წარმოდგენილი მოსაზრებები CRRC-საქართველოს პასუხისმგებლობაა და შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის, IDFI-სა და სტუდია მონიტორის შეხედულებებს.

სატელეფონო გამოკითხვა 4-დან 23 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. მთლიანობაში შეგროვდა 755 დასრულებული ინტერვიუ. შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობისთვის. გამოკითხვის თეორიული ცდომილების ზღვარი 50%-ის სიახლოვეს მყოფი შეფასებებისთვის 3.6%-ია, 75%-იანი და 25%-იანი შეფასებებისთვის – 3.1%, 10%-იანი და 90%-იანი შეფასებებისთვის – 2.1%.


ბლოგში აღწერილი მონაცემები ეფუძნება ყველა დასრულებულ ინტერვიუს (755) იმის მიუხედავად, რესპონდენტებს ნანახი ჰქონდათ „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ ფილმი თუ არა. მონაცემები შეწონილია რესპონდენტების ძირითადი დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები