PrIME – პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით

ქვეყანა:
საქართველო
დონორი:
ევროკავშირი
თარიღი:
03.2018
-
05.2020
ბიუჯეტი:
$55,199.00

PrIME – “პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით” ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით. PrIME-ის მიზანია საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდა, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

პროექტის სპეციფიური მიზნები ორად იყოფა:

    1. საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა (შიდა დამოუკიდებლობა) პროკურატურის სტრატეგიის შესრულების, საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფისთვის;
    1. ინსტიტუციებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა: საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიასა და ფართო საზოგადოებას შორის ისე, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს პროკურატურაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ.

პროექტის მიხედვით შემოთავაზებულია ყოვლისმომცველი მიდგომა, რომლის ფარგლებშიც IDFI და მისი პარტნიორები ოთხი ძირითადი მიმართულებით იმუშავებენ: მონიტორინგი, ჟურნალისტური გამოძიება, შესაძლებლობების გაძლიერება, და ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება. მონიტორინგის სრული პროცესი საბაზისო კვლევიდან პოლიტიკის რეკომენდაციებამდე მიმართულია პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდისკენ და პროკურატურაში მიმდინარე პროცესებში საზოგადოების ჩართულობისა და მათი ინფორმირებულობისკენ. ეს პროცესი მოემსახურება საზოგადოების ჩართულობისა და მასთან დიალოგის გარეშე სამართალდამცავი სისტემების რეფორმირებისა და სხვადასხვა პოლიტიკის განხორციელების კულტურის ცვლილებას.

პროექტის ფარგლებში CRRC-საქართველო ატარებს ქვეყნის სრულწლოვანი მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვებს, რომელიც დაკავშირებულია “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების ვიდეოების/ფილმების გამოქვეყნებასთან.

პროექტის დასასრულს ჩატარდება საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითი გამოკითხვა პროკურატურასა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სატელეფონო გამოკითხვის პირველი ტალღა სტუდია მონიტორისა და რადიო თავისუფლების ფილმთან დაკავშირებით “როგორ დავიმორჩილოთ მოსამართლე”, რომელიც 2018 წლის ნოემბერში ჩატარდა.

სატელეფონო გამოკითხვის მეორე ტალღა სტუდია მონიტორისა და რადიო თავისუფლების ფილმთან დაკავშირებით “მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში”, რომელიც 2019 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა.

სატელეფონო გამოკითხვის მესამე ტალღა სტუდია მონიტორისა და რადიო თავისუფლების ფილმთან დაკავშირებით “8 წელი სამართლის ძიებაში”, რომელიც 2019 წლის მარტში ჩატარდა. სატელეფონო გამოკითხვა მოიცავდა ექსპერიმენტს, რომლის შედეგები აღწერილია ბლოგში “გამოკითხვის ექსპერიმენტი: საქართველოს მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ფიქრობს, რომ პროკურატურა არაობიექტურად ახორციელებს მისთვის დაკისრებულ უფლებამოსილებას“.

სატელეფონო გამოკითხვის მეოთხე ტალღა სტუდია მონიტორისა და რადიო თავისუფლების ფილმთან დაკავშირებით “გამარჯვებულის სამართალი, რომელიც 2020 წლის მარტში ჩატარდა.

საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა, რომელიც წარმომადგენლობითია საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობისთვის. გამოკითხვა ეხება საქართველოს მოსახლეობის შეფასებასა და დამოკიდებულებას პროკურატურისა და პროკურორების მიმართ, მოსახლეობის ცოდნის შესწავლას პროკურატურის მიზნებისა და საქმიანობის შესახებ, პროკურატურასთან მოსახლეობის ურთიერთობის გამოცდილებასა და პროკურატურის საკომუნიკაციო არხების გამოყენებასა და შეფასებას. თავდაპირველად დაგეგმილი იყო გამოკითხვის პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარება (CAPI), თუმცა, კოვიდ-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და შეზღუდვების გამო შეიცვალა გამოკითხვის მეთოდი და ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვა. საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები შეჯამებულია ქართულ ენაზე მომზადებულ ანგარიშში.

მასალები

2 მბაიტი
გაზიარება