საქონლის მოვლა-პატრონობა საქართველოს სოფლებში: გენდერული განსხვავებები

2017 წლის აგვისტოში CRRC-საქართველომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისთვის (FAO) ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სოფლებში მცხოვრები ოჯახების მიერ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ფლობას და საქონლის მოვლის პრაქტიკას. საქართველოში ოჯახებს ყველაზე ხშირად ძროხები და ხარები ჰყავთ. კვლევაში დასმული კითხვების გარკვეული ნაწილი ეხებოდა ქალებსა და კაცებს შორის საქონლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული საქმეების განაწილებას. სხვა შეკითხვები მიზნად ისახავდა, გაერკვია, არსებობს თუ არა გენდერული განსხვავებები საქონლისა და საქონლის პროდუქტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დროს.

ორივე სქესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღის განმავლობაში დაახლოებით ერთსა და იმავე დროს უთმობენ ცხოველების მოვლას. თუმცა, მამაკაცები უფრო ხშირად აცხადებენ, რომ ცხოველები საძოვრებზე მიჰყავთ და მათ კვებაზე ზრუნავენ, ქალები კი ძირითადად ცხოველებს წველიან. პირუტყვის მოვლა მისი ავადმყოფობის დროს თანაბრადაა განაწილებული ოჯახის მდედრობითი და მამრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის.


შენიშვნა: ბლოგის ანალიზიდან გამოირიცხა შინამეურნეობები, რომლებშიც მხოლოდ მამაკაცი ან ქალი წევრები იყვნენ. პასუხის ვარიანტები „ძირითადად დაქირავებული კაცები“ „ძირითადად დაქირავებული ქალები“ და „დაქირავებული ქალები და კაცები თანაბრად“ გაერთიანდა კატეგორიაში „დაქირავებული პირები.“ 

როგორც კვლევა აჩვენებს, საქონლის ან საქონლისგან წარმოებული პროდუქტების გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს ქალები და კაცები ერთობლივად იღებენ. თუმცა, როდესაც საქმე საქონლის გაყიდვის, ვაქცინაციის ან რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ეხება, მომდევნო ყველაზე გავრცელებული პასუხი იყო: „ძირითადად შინამეურნეობის წევრი კაცები.“

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სოფლებში ცხოველების მოვლასთან დაკავშირებით გენდერული განსხვავებები არსებობს, როცა საქმე გადაწყვეტილებების მიღებას ეხება, ხალხი უმეტესად ამბობს, რომ ქალები და კაცები გადაწყვეტილებებს ერთობლივად იღებენ.

ამ თემის უკეთესად გასაცნობად იხილეთ CRRC-საქართველოს ანგარიში FAO-სთვის. მონაცემების სანახავად ეწვიეთ მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდს.

გაზიარება