2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ქართულმა ოცნებამ პარტიული სიით ხმების 54.97% და საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა მოიპოვა. მაშინდელმა მმართველმა პარტიამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხმების 40.34% მიიღო და ოპოზიციაში გადაინაცვლა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა მოხდა. ამ მოვლენის შემდეგ ორწელიწადნახევარი გავიდა და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებიც ახლოვდება, რომელიც 2016 წლისთვის არის დაგეგმილი. დღევანდელ დღეს პოლიტიკურ არენაზე ერთმანეთს ორი მთავარი პოლიტიკური ძალა ეჯიბრება და ცდილობს ხალხის მხარდაჭერის მოპოვებასა და შენარჩუნებას. პოლიტიკური შეხედულებების შესახებ გამოკითხვის მონაცემები კი აჩვენებს, რომ შესაძლოა, საქართველოს პოლიტიკურ არენაზე ახალი პოლიტიკური ძალების აღმოცენებისთვის ხელსაყრელი ნიადაგი არსებობდეს. წინამდებარე ბლოგპოსტი აღწერს კოალიცია ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ ხალხის დამოკიდებულების დინამიკას 2012 წლის ნოემბრიდან 2014 წლის აგვისტომდე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მონაცემებზე დაყრდნობით. ეს მონაცემები საქართველოში მცხოვრები და ქართულ ენაზე მოსაუბრე ზრდასრული (18+) მოსახლეობის წარმომადგენლობითია ეროვნულ დონეზე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა, არაპირდაპირ გაზომილი პასუხით კითხვაზე „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“, სტაბილური იყო 2012 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც მოსახლეობის 10% ნაციონალურ მოძრაობას თავის პირველ არჩევანად ასახელებდა. 2012 წლის ნოემბერში მოსახლეობის დაახლოებით 30% მიუთითებდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა მოსწონდა და მას შემდეგ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ვანო მერაბიშვილის მოწონების მაჩვენებელმა კი დაიკლო 28%-დან 2012 წლის ნოემბერში 17%-მდე 2013 წლის ივნისში და არ შეცვლილა ამის შემდეგ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიდან გიგა ბოკერია ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად, ხოლო დავით ბაქრაძე ყველაზე მეტად მოწონებული პოლიტიკოსი იყო.
შენიშვნა: დიაგრამა აჩვენებს მხოლოდ „მომწონს“ პასუხებს.
განსხვავებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობისაგან, კოალიცია ქართული ოცნების მიმართ მხარდაჭერა ამ პერიოდის განმავლობაში იცვლებოდა. 2012 წლის ნოემბერში შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პოლიტიკური პარტიის შესახებ კითხვისას მოსახლეობის 63% თავის პირველ არჩევანად კოალიცია ქართულ ოცნებას ასახელებდა. მომდევნო თვეების განმავლობაში ამ რიცხვმა კლება დაიწყო , თუმცა 2013 წლის ნოემბრისთვის კვლავ აიწია. 2014 წლის აპრილში კოალიცია ქართული ოცნების მიმართ მხარდაჭერამ კიდევ უფრო მეტად დაიკლო, პირველ არჩევანად იგი მოსახლეობის 42%-მა დაასახელა.
2012 წლის ნოემბერში პარტიის მიმართ მხარდაჭერის მსგავსად, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერების უმრავლესობის მოწონების მაჩვენებლები 60%-ს აღემატებოდა. 2013 წლის დასაწყისში, ამ მაჩვენებლებმა კლება დაიწყო და 2014 წლის აგვისტოში შესამჩნევად შემცირდა. 2012 და 2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო ყველაზე მოწონებული წარმომადგენელი ქართული ოცნებიდან, თუმცა, 2014 წელს იმ ადამიანთა წილი, ვინც მიუთითებდა, რომ ივანიშვილი მოსწონდა, შემცირდა. 2014 წლის აგვისტოში ქართული ოცნებიდან ყველაზე მეტად მოწონებული ირაკლი ალასანია იყო. მას მოჰყვებოდნენ ირაკლი ღარიბაშვილი და დავით უსუფაშვილი.შენიშვნა: დიაგრამა აჩვენებს მხოლოდ „მომწონს“ პასუხებს. ირაკლი ალასანიას, ირაკლი ღარიბაშვილის და კახა კალაძის შესახებ ეს კითხვა არ დაუსვამთ 2013 წლის ნოემბრამდე.
გასაკვირი არ არის, რომ მონაცემების მიხედვით, კოალიცია ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ მხარდაჭერა ხალხის მიერ მათი საქმიანობის შეფასების მონაცემებს ჰგავს. 2012 წლის ნოემბერში ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას კარგად მოსახლეობის 14% აფასებდა და ეს მონაცემები ამის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, 2012 წლის ნოემბერში მათ საქმიანობას კარგად მოსახლეობის 65% პროცენტი აფასებდა. ეს რიცხვი მუდმივად მცირდებოდა (გარდა 2013 წლის ნოემბრისა) და 2014 წლის აგვისტოში 23% შეადგინა.
კიდევ ერთი შესამჩნევი ტენდენცია ეხება მათ, ვინც „არცერთ პარტიას“ „არ ვიცის“, „უარს პასუხზე“ პასუხობს, როდესაც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტიის შესახებ ეკითხებიან. მოსახლეობის უფრო და უფრო დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ არცერთი არსებული პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს. 2012 წლის ნოემბერში ამ ადამიანებმა 5%, ხოლო 2014 წლის აგვისტოში 30% შეადგინეს. 2012 წლის ნოემბერში მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი აფიქსირებდა ამ კითხვაზე პასუხს „არ ვიცი“ ან „უარი პასუხზე“. 2014 წლის აგვისტოში ამ რიცხვმა 8%-მდე დაიკლო.
ამრიგად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ მხარდაჭერა სტაბილური და შედარებით დაბალი იყო, ხოლო კოალიცია ქართული ოცნების მიმართ მხარდაჭერა თანდათან იკლებდა. 2012 წლის ნოემბრიდან მოყოლებული უფრო ნაკლები ადამიანი ერიდებოდა მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მყოფი პოლიტიკური პარტიის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემას და მეტი ამბობდა, რომ ასეთი პარტია არ არსებობს. შესაძლოა ეს მიგნებები მიუთითებდეს, რომ ქართულ პოლიტიკურ არენაზე ახალი პოლიტიკური პარტიებისათვის გაჩნდა სივრცე? შესაძლოა ეს გაზრდილ პოლიტიკურ ნიჰილიზმზე მიგვანიშნებდეს? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარების ნაწილში ან ჩვენს ფეისბუქის გვერდზე.
უფრო მეტი მონაცემები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვებიდან და დეტალური ინფორმაცია მეთოდოლოგიის შესახებ ხელმისაწვდომია აქ.