NDI/CRRC-საქართველოს გამოკითხვის შედეგები, რომელიც 26 და 27 ივლისს გამოქვეყნდა, შეეხება საქართველოს მოსახლეობის შეხედულებებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა დემოკრატია, ეკონომიკა, არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობა, ინფრასტრუქტურა, გენდერი და სხვა.
ლორა თორნტონმა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა და დავით სიჭინავამ, CRRC-საქართველოს საჯარო პოლიტიკის უფროსმა ანალიტიკოსმა, წარადგინეს გამოკითხვის შედეგები, რომლის მიზანია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად დაინტერესებული პირების დახმარება, მათთვის ზუსტი, მიუკერძოებელი და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მონაცემების მიწოდებით. გამოკითხვის შედეგები ხელს შეუწყობს ხალხის საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკისა და მმართველობის განვითარებას. არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა განაცხადა, რომ გამოკითხვები მნიშვნელოვანია მათი საქმიანობისთვის და მხარს უჭერენ შემდგომი გამოკითხვების ჩატარებას.
18 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით 2,261 დასრულებული პირისპირი ინტერვიუს სახით შეგროვებული მონაცემების შედეგები ასახავს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის აზრს, რომელიც წარმომადგენლობითია ეროვნულ დონეზე, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია +/- 2,2 პროცენტი.