ისტორიისა და სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობის აღქმა: MYPLACE-ის ახალი პუბლიკაცია

2011-2015 წლებში CRRC-საქართველო მონაწილეობდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტში “MYPLACE: მეხსიერება, ახალგაზრდობა, პოლიტიკური მემკვიდრეობა და სამოქალაქო ჩართულობა”. თოთხმეტი ქვეყნის (იხ. რუკა) თექვსმეტი აკადემიური პარტნიორი იკვლევდა ევროპაში ახალგაზრდების ჩართულობისა თუ ნაკლები ჩართულობის ფორმებსა და მიზეზებს.
 
 
 
 
პალგრეივის გამომცემლობამ ახლახანს გამოსცა პროექტ MYPLACE-ის ფარგლებში დაწერილი სტატიები ერთ წიგნად “ევროპაში ახალგაზრდების ჩართულობის გააზრება: გამოკითხვიდან ეთნოგრაფიამდე”. პროექტ MYPLACE-ის ხელმძღვანელი მკვლევრები ჰილარი პილკინგტონი, გარი პოლოკი და რენატა ფრანკი წიგნის რედაქტორები არიან. ამ წიგნის თავი “ისტორიის საფრთხე და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა: წარმოდგენები და პრაქტიკა თელავში” განიხილავს ახალგაზრდების წარმოდგენებს ისტორიის შესახებ და “ისტორიის გამოყენების” ფორმებს საქართველოს ქალაქ თელავის მაგალითზე. წიგნის ამ თავის ავტორები CRRC-საქართველოს თანამშრომლები არიან: თამარ ხოშტარია, მარიამ კობალაძე და თინათინ ზურაბიშვილი.

სტატია აჩვენებს, რომ ერთი მხრივ, დიდი ემპირიული მონაცემებია, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა, ახალგაზრდების ჩათვლით, ამბობენ, რომ ისტორია და ტრადიციები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად არსებობს მონაცემები, რომელიც ადასტურებს, რომ ეს “მნიშვნელოვნება” თითქმის არ სცილდება სიტყვებს და ისტორიულ ღონისძიებებში მონაწილეობის ყველაზე მარტივ და პასიურ ფორმას, მუზეუმებში სიარულსაც კი არავინ მისდევს.

სტატია ცდილობს, ახსნას ეს შეუსაბამობა და ნიმუშად იყენებს არქიტექტურული რეაბილიტაციის პროექტს თელავის ისტორიულ ცენტრში, რომლის განხორციელებაც 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყო და რომელსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა მოსახლეობაში. მოსახლეობის ნაწილისთვის, მათ შორის ახალგაზრდებისთვის, პროექტი საფრთხეს უქმნიდა ისტორიულ ძეგლებს არასწორი არქიტექტურული მენეჯმენტის გამო. რესპონდენტებს ხშირად მიაჩნდათ, რომ რეკონსტრუქციის სამუშაოების შედეგად ქალაქის ისტორია “დაზიანდებოდა” ან დაიკარგებოდა. ამასთან, ისტორიის დავიწყება ხშირად აღიქმებოდა, როგორც სახელმწიფოს დაღმასვლის ინდიკატორი. მოჰყვა თუ არა ასეთ დამოკიდებულებას უფრო მეტი სამოქალაქო ჩართულობა?

არა, არ მოჰყოლია. ამან საშუალება მისცა ავტორებს, გამოეტანათ დასკვნა, რომ ეს იყო “ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირების თვალსაზრისით. ახალგაზრდა რესპონდენტები ამბობენ, რომ პოლიტიკაში ნაკლებად არიან ჩართული და უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ღონისძიებების მიმართ მაშინაც კი, როცა უკმაყოფილოები არიან საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებით.” (გვ. 311)

პოლიტიკაში ნაკლები ჩართულობის მიზეზების საფუძვლიან კვლევას დამატებითი ძალისხმევა სჭირდება. მანამდე კი მსურველებს შეუძლიათ, წაიკითხონ ეს და სხვა სტატიები MYPLACE-ის მიერ გამოცემულ წიგნში, რომელიც ხელმისაწვდომია აქ.

გაზიარება