უკან
პარასკევი | 30 მაისი. 2014
CRRC საქართველოს პასუხი „ტვ3“-ის განცხადებას

CRRC საქართველო ეხმიანება 23 მაისს „ტვ3“-ის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებას, რომელშიც არხი არ ეთანხმება CRRC საქართველოს მიერ სატელევიზიო მონიტორინგის პირველ ანგარიშში გამოთქმულ მოსაზრებებს. გასათვალისწინებელია, რომ ანგარიში მოიცავს 15 აპრილიდან 2 მაისამდე პერიოდს. შესაბამისად, აფასებს პრაიმტაიმის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში მხოლოდ დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში გასულ სიუჟეტებს.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით CRRC საქართველო ახორციელებს 7 სატელევიზიო არხის საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებების და პრაიმტაიმის პოლიტიკური თოქშოუების მონიტორინგს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის" ფარგლებში.

15 აპრილიდან 2 მაისამდე პერიოდის ამსახველი ანგარიშის მიხედვით, „ტვ3“-ის საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში „სიუჟეტები უმეტესწილად ინფორმაციის მოწოდებით შემოიფარგლებოდა და ნაკლებად იყო ორიენტირებული ანალიტიკაზე“. CRRC საქართველო განმარტავს, რომ ანგარიშში მოცემული შეფასება არ გულისხმობს, რომ „ტვ3“-ის საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში საერთოდ არ გასულა ანალიტიკური სიუჟეტი. ამასთან, ანალიტიკური სიუჟეტები უმეტესად გადაცემის პირველ ნაწილშია წარმოდგენილი, რასაც მოჰყვება შედარებით მცირე ზომის ინფორმაციული ხასიათის სიუჟეტები.

„ტვ3“-ის განცხადება არ ეთანხმებოდა მონიტორინგის ანგარიშში მოცემულ შეფასებას, რომ არხის საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში აღსანიშნავი იყო „განსაკუთრებული დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ“. ანგარიშშივეა მოცემული ამ წინადადების განმარტება: „ამის მიუხედავად, აღსანიშნავია ტვ3-ის დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ. მონიტორინგის პირველი მონაკვეთის დროს რამდენჯერმე იყო კრიტიკული და ზოგჯერ უარყოფითი სიუჟეტი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ.“ და სქოლიოში მითითებულია რამდენიმე მაგალითი (16 აპრილის მესამე სიუჟეტი რუსთავი-თბილისის ავტობანის შესახებ, 21 აპრილის მეექვსე სიუჟეტი ბრუკლინის ინციდენტის შესახებ და 23 აპრილის მეშვიდე სიუჟეტი „სააკაშვილის მორიგი ტყუილი“). 15 აპრილიდან 2 მაისამდე პერიოდში სხვა არხების საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში ყოფილი პრეზიდენტის შესახებ ასეთი სიხშირით სიუჟეტები არ გასულა.

რაც შეეხება პრემიერმინისტრის დადებითი ტონით გაშუქების წილს (31%), რომელსაც „ტვ3“-ის განცხადება უსვამს ხაზს, ამ პერიოდში ყველა არხზე შეინიშნებოდა პრემიერმინისტრისთვის დათმობილი დროის დადებითი ტონით გაშუქების შედარებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელი. ამასთან, 15 აპრილიდან 2 მაისამდე პერიოდში „ტვ3“-ზე პრემიერმინისტრს 24 წუთი დაეთმო და ამ დროის ნახევრის განმავლობაში ღარიბაშვილი პირდაპირ საუბრობდა (სიუჟეტებში თვითონ აკეთებდა კომენტარს). მონიტორინგის გამოცდილებიდან, პირდაპირი საუბრის დროს რესპონდენტების საუბარი ხშირ შემთხვევაში დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ CRRC საქართველოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის მიზანი არ არის რომელიმე მედია კომპანიის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება, მისი ჟურნალისტების დემოტივირება ან, პირიქით, რომელიმე არხის რეკლამირება ან შექება. მონიტორინგის მიზანია, შეაფასოს/დაადგინოს, თუ რამდენად ობიექტურად და დაბალანსებულად აშუქებენ კანდიდატებსა და მათ საარჩევნო პროგრამას მაუწყებლები, რათა ამომრჩეველმა სრული და ობიექტური ინფორმაცია მიიღოს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და შეძლოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება.

CRRC საქართველო დადებითად აფასებს ტელევიზიების დაინტერესებას მონიტორინგის შედეგებით და გამოთქვამს მზადყოფნას, შემდგომშიც უპასუხოს მათ კითხვებს. მონიტორინგის პროექტის ფარგლებში CRRC საქართველო გამოაქვეყნებს კიდევ სამ ანგარიშს და პროექტში ჩართულ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოაწყობს პრესკონფერენციას მონიტორინგის შედეგების შესახებ.