უკან
სამშაბათი | 27 ოქტომბერი. 2015
CRRC-საქართველო აკეთებს განცხადებას გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 2015 წლის 26 ოქტომბრის-1 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა მასალა სათაურით „იცნობდეთ გამყალბებლებს!“ (გვ. 12). მასალის ავტორი ჯაბა ხუბუა ამტკიცებს, რომ CRRC-საქართველოს მიერ საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გაყალბებულია, CRRC-საქართველოს ყველა თანამშრომელი კი - გამყალბებელი.

„ასავალ-დასავალმა“ დაარღვია საბაზისო ჟურნალისტური სტანდარტები და ზიანი მიაყენა ჩვენი ორგანიზაციის რეპუტაციას. კერძოდ:
- სრულიად უსაფუძვლოდ ცილი დასწამა ორგანიზაციას და მის თანამშორმლებს გამოკითხვების შედეგების გაყალბებაში,
- ცრუ ინფორმაცია გაავრცელა ორგანიზაციის დამფუძნებლების შესახებ,
- არ დაიცვა ბალანსი და CRRC-საქართველოს არ მისცა საშუალება, წარმოედგინა თავისი პოზიცია.

ვაცხადებთ, რომ ეს მასალა ზიანს აყენებს ჩვენი ორგანიზაციის ღირსებას და საქმიან რეპუტაციას. CRRC-საქართველოს მუშაობის პრინციპები საჯარო და გამჭვირვალეა. გაზეთი „ასავალ-დასავალი“ არასდროს დაგვკავშირებია კვლევის ან ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ან გადასამოწმებლად. გარდა ამისა, CRRC-საქართველოს და მის თანამშრომლებს არასდროს ჰქონიათ კავშირი რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. რაც შეეხება ორგანიზაციის დამფუძნებლებს, ეს ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია როგორც საჯარო რეესტრში, ასევე ორგანიზაციის ვებგვერდზე.

მოვითხოვთ, რომ გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ აღიაროს ეს დარღვევები, გამოაქვეყნოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 26 ოქტომბრის-1 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებული მასალა მცდარ ინფორმაციას ავრცელებს და ბოდიში მოუხადოს CRRC-საქართველოს ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის.