2014 წლის 24 ოქტომბერს თელავის მედია კაფეში გაიხსნა თელაველი მოზარდების პოსტერების გამოფენა თემაზე „ისტორია და მახსოვრობა“, რომელიც მომზადდა ევროკავშირის MYPLACE პროექტის ფარგლებში. საქართველოში ამ პროექტს ახორციელებს CRRC-საქართველო 2011 წლიდან; პროექტის ისტორიული კომპონენტის პარტნიორი იყო YMCA-თელავი, რომელმაც კოორდინაცია გაუწია მოზარდების გამოფენას.
გამოფენაზე წარმოდგენილი პოსტერები და მასალები ასახავდა, თუ როგორ აღიქვამენ მოზარდები საქართველოს და თელავის უახლესი ისტორიის იმ მოვლენებს, რომლებიც, თავად მოზარდების აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო – აფხაზეთის ომი და თელავის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო ახალგაზრდების მიერ შეგროვებული მასალები თელავში მდებარე ერთ-ერთი მიტოვებული ეკლესიის, გორიჯვარის შესახებ, რომელიც უცნობი მიზეზების გამო არ მოხვდა რეაბილიტაციის პროგრამაში.
პოსტერების გამოფენა 26 ოქტომბრამდე გაგრძელდა.