[შენიშვნა: ეს სტატია დაიბეჭდა OC Media-თან თანამშრომლობით მათ ონლაინ პლატფორმაზე: Caucasus Data Blog. სტატიის ავტორია ქრისტინა ვაჭარაძე, CRRC საქართველოს პროგრამების დირექტორი. სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები მხოლოდ ავტორს ეკუთვნის და არ წარმოადგენს CRRC საქართველოს ან რომელიმე სხვა მხარის მოსაზრებებს.]
საქართველოსა და სომხეთში 2009 და 2019 წელს ჩატარებულ კვლევებში მოსახლეობას ეკითხებოდნენ, მოიწონებდნენ თუ არა საქმიან ურთიერთობას და ქორწინებას 12 სხვა ეროვნების წარმომადგენელთან. საინტერესოა, რა გამოავლინა კვლევამ. არიან თუ არა ქართველები და სომხები უფრო მეტად ან იქნებ უფრო ნაკლებად ტოლერანტულები სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ?
„კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემების მიხედვით, ქართველები და სომხები უფრო ტოლერანტული არიან სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობის ქონის მიმართ და საკმაოდ მკაცრი, თუკი საქმე სხვა ეროვნების ადამიანთან ქორწინებას ეხება.
“კავკასიის ბარომეტრის“ 2019 წლის მონაცემები გვიჩვენებს, რომ როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში გამოკითხულთა უმეტესობა მოიწონებდა ბიზნეს ურთიერთობებს თითქმის ყველა ეროვნების წარმომადგენელთან, რომელთა შესახებაც გამოკითხვაში ეკითხებოდნენ. გამონაკლისს თურქები და აზერბაიჯანელები წარმოადგენდნენ სომხეთის შემთხვევაში. მათთან საქმიან ურთიერთობას სომხები ნაკლებად იწონებდნენ.
ქართველებისთვის ბიზნეს ურთიერთობები ქართველებთან, უკრაინელებთან, რუსებთან, იტალიელებთან, ამერიკელებთან, აზერბაიჯანელებთან, სომხებთან, ებრაელებთან და თურქებთან უფრო მისაღებია, ვიდრე ქურთებთან, ინდოელებთან, არაბებთან და ირანელებთან.
სომხებიც დაახლოებით ამ ტალღაზე არიან. თუმცა, ისინი ნაკლებად იწონებენ ბიზნეს ურთიერთობებს აზერბაიჯანელებთან, თურქებთან, უკრაინელებთან და ებრაელ ხალხთან.
უცხოელებთან საქმიანი ურთიერთობებისადმი დამოკიდებულება სულ უფრო ნეგატიური ხდება საქართველოსა და სომხეთში. საქართველოში ყველაზე დიდი კლება ქურთებთან და თურქებთან ბიზნეს საქმიანობის მიმართულებით დაფიქსირდა. ამ შემთხვევაში ხალხის დამოკიდებულების მაჩვენებელი, შესაბამისად, 15 და 14 პროცენტით შემცირდა. ასევე, 12 პროცენტით დაიკლო ებრაელებთან, ამერიკელებთან და სომხებთან და 10 პროცენტით იტალიელებთან საქმიანი ურთიერთობის მოწონების მაჩვენებლებმა.
სომხეთში თურქებთან, აზერბაიჯანელებთან, უკრაინელებთან და ებრაელებთან საქმიანი ურთიერთობების მიმართ დადებითი დამოკიდებულება 16, 11, 9 და 8 პროცენტით შემცირდა, დასახელების თანმიმდევრობის მიხედვით. სხვა ეროვნების ადამიანებთან საქმიანი ურთიერთობების მიმართ დამოკიდებულება მსგავსი დარჩა.
ქორწინებისადმი დამოკიდებულება იგივე ტენდენციას მიჰყვება, თუმცა, გაცილებით დაბალი მაჩვენებლებით. ამასთან, ტენდენციები განსხვავებულია საქართველოსა და სომხეთში.
2019 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ 2009 წელთან შედარებით საქართველოში უფრო მეტ ადამიანს აქვს დადებითი შეხედულება ეთნიკურ ქორწინებაზე. ყველაზე დიდი ზრდა შეინიშნება იმ ქალებთან მიმართებაში, რომლებიც აზერბაიჯანელებზე ქორწინდებიან. ამ შემთხვევაში დამოკიდებულებებში ცვლილება 11%-ია, დადებითი დამოკიდებულების ზრდის კუთხით. ამას მოსდევს ქორწინება თურქებთან, რომელიც 10%-ით გაიზარდა და ქურთებთან, რომელიც 7%-ით გაიზარდა.
ამის საპირისპიროდ, სომხები ნაკლებად ამართლებენ სომეხი ქალების ქორწინებას სხვა ეროვნების კაცებთან. დადებითი დამოკიდებულების ყველაზე დიდი ვარდნა ქალების ებრაელებზე ქორწინებისა (11%-ით შემცირდა) და რუსებზე ქორწინების მიმართ (10%-ით შემცირდა) შეინიშნება.
ტენდენცია ყველა ეროვნების მიმართ მსგავსია, ქართველთა და სომეხთა უმეტესობა ამართლებს საქმიან ურთიერთობას ყველა ეროვნების წარმომადგენელთან, რომელთა შესახებ კითხვებიც „კავკასიის ბარომეტრშია“ მოცემული. ამავე დროს, ისინი არ ამართლებენ საკუთარი ეროვნების ქალების ქორწინებას სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან. საქართველოში უფრო პოზიტიური ტენდენცია შეიმჩნევა უცხოელებთან ქორწინების მიმართ, ხოლო საქმიანი პარტნიორობის მხარდაჭერა ოდნავ შემცირებულია. ამის საპირისპიროდ, მონაცემების მიხედვით, სომხები ნაკლებად ტოლერანტული გახდნენ როგორც ბიზნეს პარტნიორობის, ასევე მათი ეროვნების ქალების სხვა ეროვნების წარმომადგენლებზე ქორწინების მიმართ.
ამ სტატიაში წარმოდგენილი მონაცემები ხელმისაწვდომია CRRC საქართველოს მონაცემთა ონლაინ ანალიზის გვერდზე.