გაჭირვებულ შინამეურნეობებში მცხოვრები ადამიანების განცხადებით, მათ ვალი უფრო ხშირად აქვთ

CRRC-ის 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 46% აცხადებს, რომ პირადი ვალი აქვს. ზოგადად, ვალის ქონა თავისთავად ცუდი არ არის, რადგანაც მას შეუძლია, ბიძგი მისცეს ადამიანის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. თუმცა, კავკასიის ბარომეტრი 2017-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში ვალს საბაზისო ხარჯების დასაფარად იღებს.

პირადი ვალის კითხვასთან ერთად კავკასიის ბარომეტრი 2017-ის გამოკითხვაში შინამეურნეობების მიერ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საკვების შესაძენად და კომუნალური გადასახადების გადასახდელად ფულის სესხების შესახებაც დაისვა კითხვები. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მათი შინამეურნეობები ფულს საკვების შესაძენად სესხულობენ, უფრო ხშირად ადასტურებენ პირადი ვალის ქონას. ანალოგიური სიტუაციაა იმ ადამიანებთანაც, რომლებიც ამბობენ, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მათი შინამეურნეობები ფულს კომუნალური გადასახადების გადასახდელად სესხულობდნენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინდივიდუალური და შინამეურნეობის დონის ინფორმაციის გასაზომად გამოყენებული ცვლადების ერთმანეთთან შედარებას მეთოდოლოგიური შეზღუდვები აქვს. ამიტომაც შედეგების განხილვისას ფრთხილად უნდა ვიყოთ.


შენიშვნა: კითხვებისთვის „ბოლო 6 თვის მანძილზე რამდენჯერ მოუწია თქვენს ოჯახს ფულის სესხება საკვების შესაძენად/კომუნალური გადასახადების გადასახდელად?“ პასუხისვარიანტებიდაჯგუფდაშემდეგნაირად: „ყოველკვირეულად“, „ყოველთვიურად“ და „ყოველ მეორე თვეს“ გაერთიანდა კატეგორიაში „ყოველ მეორე თვეს“. პასუხის ვარიანტები: „სხვა“ და „არ ვიცი“ (მთლიანობაში 3%-ზე ნაკლები) ბლოგში გამოყენებულ დიაგრამებზე ნაჩვენები არ არის. 

კავკასიის ბარომეტრის კიდევ ერთი შეკითხვა რესპონდენტებს სთხოვს,მათი შინამეურნეობა მოათავსონ 10-საფეხურიან კიბეზე, რომელიც ქვეყანაში მცხოვრები ყველა შინამეურნეობის ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს. უკვე განხილული მაგალითების მსგავსად, ისინი, ვინც საკუთარ თავს „კიბის“ დაბალ საფეხურებს მიაკუთვნებენ, უფრო ხშირად აცხადებენ, რომ პირადი ვალები აქვთ. საინტერესოა, რომ იმ შინამეურნეობების მესამედს, რომელიც საკუთარ თავს ეკონომიკური მდგომარეობის უფრო მაღალ საფეხურზე ათავსებს, აგრეთვე აქვს პირადი ვალი.


შენიშვნა: კითხვისთვის „წარმოიდგინოთ, რომ არსებობს საქართველოს ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი 10-საფეხურიანი კიბე. ამ „კიბის“ პირველი საფეხური შეესაბამება საზოგადოებაში არსებულ ყველაზე დაბალ ეკონომიკურ მდგომარეობას, ხოლო მე-10 საფეხური შეესაბამება ყველაზე მაღალ ეკონომიკურ მდგომარეობას. თქვენი აზრით, ამ კიბის რომელ საფეხურზე დგას თქვენი ოჯახი ამჟამად?” გამოყენებული იყო 10-ბალიანი სკალა. ამ დიაგრამაზე ეს სკალა შეიცვალა 3-ბალიანი სკალით, სადაც კოდები ‘1’, ‘2’, ‘3’, და ‘4’ დაჯგუფდა კატეგორიაში „დაბალი“ კოდები ‘5’ და ‘6’ გაერთიანდა კატეგორიაში „საშუალო“ და კოდები ‘7’, ‘ 8’, ‘9’, და‘10’ – კატეგორიაში „მაღალი“. 

ადამიანები, რომლებიც გაჭირვებულ შინამეურნეობებში ცხოვრობენ, უფრო ხშირად აცხადებენ, რომ პირადი ვალი აქვთ, ვიდრე ისინი, ვინც შეძლებულ შინამეურნეობებში. თუმცა, შეძლებულ შინამეურნეობებში მცხოვრებნიც არ არინ მთლიანად თავისუფალი ვალისგან.

CRRC-ის 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის შედეგების უკეთ გასაცნობად ეწვიეთ CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის პორტალს.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები