ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

სტიპენდიის პროგრამა, რომელიც 2009 წელს დაიწყო, გრძელდება 5-9 თვის განმავლობაში და შერჩეულ ახალგაზრდებს სთავაზობს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგზრდა მკვლევარებისათვის შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. პროგრამა ასევე აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად.

ჯონ ამუნდსონი

ჯონ ამუნდსონი CRRC-საქართველოს 2014 წლის მაისში შემოუერთდა “საერთაშორისო სტაჟირების პროგრამის” ფარგლებში. ის არის მაგისტრატურის სტუდენტი ტორონტოს უნივერსიტეტში, მუნკის სკოლის ევროპული, რუსული და ევრაზიული კვლევების ცენტრში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს საინფორმაციო მედიას, საგარეო პოლიტიკას, აღმოსავლეთ ევროპასა და ამერიკას. ჯონი ორი წელი ცხოვრობდა და მუშაობდა ოდესაში, უკრაინაში და სანქტ-პეტერბურგში, რუსეთში.

ოთარ ჯინჭარაძე

ოთარ ჯინჭარაძე პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია. მას, ასევე, მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი. Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბაკალავრის საფეხურზე, განათლება მიღებული აქვს იანოს კოდოლანის უნივერსიტეტში, ბუდაპეშტში, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, ოთარს სამუშაო გამოცდილება დაუგროვდა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის კვლევების განყოფილებაში და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში. ასევე, მან მიიღო საუკეთესო დელეგატის წოდება ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ LEAP-ის სიმულაციურ პროექტში, რომელიც გაიმართა კოსოვოში. ოთარის კვლევითი ინტერესები მოიცავს რუსეთისა და ევროკავშირის აქტივობებზე დაკვირვებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

ნინო ანჩაბაძე

ნინო ანჩაბაძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხს. CRRC- საქართველოს “ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში” ჩართვამდე, უნივერსიტეტში სწავლისას, მას ჩატარებული აქვს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევები, საიდანაც ერთ-ერთი დაიბეჭდა სტუდენტურ სამეცნიერო ჟურნალ „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებებში“. ასევე, მოხალისეობრივად ჩართული იყო საერთაშორისო კვლევით პროექტში – „რელიგიურობა, სულიერება და რწმენა, რომელიც ამართლებს ომს“. მისი კვლევითი  ინტერესები მოიცავს  სოციალური ფსიქოლოგიის საკითხებს.

თეიმურაზ კობახიძე

თეიმურაზ კობახიძეს მიღებული აქვს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი. თეიმურაზი ჩართულია პროევროპულ კამპანიაში – „27+1“,  სადაც ის მკვლევრის პოზიციაზე მუშაობს. კამპანიის ფარგლებში, იგი აქტიურად არის ჩართული ღონისძიებების ორგანიზებაში. მისი კვლევის ინტერესებია: დემოკრატია, პროპაგანდა, ჩინეთის პოლიტიკა და საერთაშორისო უსაფრთხოება. მისი საბაკალავრო ნაშრომი იკვლევს ჩინეთის პოლიტიკას რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს.

ქრისტინე ჯინჭველეიშვილი

ქრისტინე ჯინჭველეიშვილი დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრია. მას ასევე მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში. როგორც ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის სტიპენდიატი, ქრისტინე სწავლობდა საფრანგეთში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში. CRRC-საქართველოს ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში ჩართვამდე, ის აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში და მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობების სხვადასხვა საკითხზე. ქრისტინეს კვლევითი ინტერესები მოიცავს დემოკრატიზაციას, უსაფრთხოების გამოწვევებსა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

ნუცა მეცხვარიშვილი

ნუცა მეცხვარიშვილს მიღებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში. CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, ნუცას კვლევით კომპანია ACT-ში სატელეფონო ინტერვიუერად და ტრანსკრიპტერად მუშაობის გამოცდილება აქვს. იგი მუშაობდა შემდეგ კვლევებზე: ბაზრის კვლევა, კმაყოფილების კვლევა და სხვა. ასევე, უნივერსიტეტში სწავლის დროს ჩართული იყო სხვადასხვა კვლევით პროექტში. მისი კვლევითი ინტერესები ეხება დასაქმებისა და შრომითი უსაფრთხოების საკითხებს.

ნინო თოფჩიშვილი

ნინო თოფჩიშვილს მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ბაკალავრის ხარისხი. CRRC-საქართველოში მოსვლამდე გავლილი აქვს სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ანალიტიკურ დეპარტამენტში. მას უნივერსიტეტის კურსების ფარგლებში შესრულებული აქვს სხვადასხვა კვლევა, უმეტესწილად თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს სოციალურ სტრატიფიკაციას, ეკონომიკურ და სოციალურ უთანასწორობას, მიგრაციას, ურბანულ განვითარებასა და შრომის სოციოლოგიას. მისი საბაკალავრო ნაშრომი შრომის სოციოლოგიის საკითხებს ეხება.

ეკა ჯიქიძე

ეკა ჯიქიძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიაში. ამავე უნივერსიტეტში მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში. CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, იგი მუშაობდა კვლევით პროექტებზე განათლების მიმართულებით. მისი კვლევითი ინტერესები ძირითადად კულტურულ და სოციალურ საკითხებს მოიცავს.