21 თებერვალს საქართველო მშობლიური ენის დღეს აღნიშნავს, თარიღს, რომელიც იუნესკომ „ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების ხელშეწყობის“ მიზნით დააწესა.
საქართველოში თერთმეტი ისეთი ენაა გავრცელებული, რომლებიც იუნესკო-ს თანახმად, გაქრობის საფრთხის წინაშეა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ეთნიკური უმცირესობებისთვის რამდენიმე მცირე ენაზე გაკვეთილები ტარდება.
ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო მცირე ენათა შენარჩუნების აუცილებლობას ხედავს. თუმცა საკითხი, თუ რომელი ენის დაცვა ღირს, როგორც ჩანს, არჩევანის საგანია.
საფრთხეში მყოფი თერთმეტი ენიდან სამი – ქართველურ ენობრივ ოჯახს განეკუთვნება. ორ მათგანზე – მეგრულსა და სვანურზე, ძირითადად დასავლეთ საქართველოში საუბრობენ, ლაზური კი მშობლიური თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირა რეგიონის მაცხოვრებლებისთვისაა. ამ ენებიდან არცერთს აქვს სტანდარტიზებული ლიტერატურული ფორმა, ან – მდიდარი სამწერლობო ტრადიცია.
დღემდე საქართველოში მეგრული და სვანური ენების გავრცელების შესახებ მხოლოდ მიახლოებით იყო ცნობილი, რადგან სახელმწიფო ამ ენებზე მოსაუბრეთა რიცხოვნობას არ ითვლის. 2019 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ გამოკითხვის შედეგები მიგვითითებს, რომ ამ ენებს მოსახლეობა კვლავ იყენებს, სავარაუდოდ – არაფორმალურ სიტუაციებში.
„კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 8% ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო სიტუაციებში მეგრულ ენას იყენებს, სვანურს კი – გაცილებით ნაკლები: საშუალოდ, მოსახლეობის 3% ესაუბრება ოჯახის წევრებს, მეგობრებს ან კოლეგებს ამ ენაზე.
სეპარატიზმის შიში
როგორც აღინიშნა, არც ამ ენაზე მოსაუბრეთა ოფიციალური სტატისტიკა არსებობს. სვანურის და მეგრულის მცოდნეთა რაოდენობა ბოლოს 1926 წელს ჩატარებული მოსახლეობის საბჭოთა აღწერის ფარგლებში შეფასდა.
ენათა გაურკვეველ სტატუსს კარგად აღწერს შემთხვევა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ მცხოვრებს გადახდა თავს. როდესაც ამ პირმა სცადა, 2014 წლის მოსახლეობის აღწერის დროს მშობლიურ ენად მეგრული მიეთითებინა, „რადიო თავისუფლებასთან“ მიცემული განმარტების თანახმად, აღწერაში ჩართულმა პირებმა მას მტკიცე უარი განუცხადეს.
ზოგადად, მსგავს სენტიმენტებს სეპარატიზმის შიშები ამწვავებს. ქართულ საზოგადოებაში კარგა ხანია, გავრცელებულია მოსაზრება, რომ მეგრული (და სვანური) ენების აღიარება ამ რეგიონებში სეპარატისტულ განწყობებს წაახალისებს.
როგორც ჩანს, ეს შეხედულებები ქვეყნის მთავრობის მხრიდან რეგიონული და მცირე ენების ევროპული ქარტიის (ECRML) რატიფიცირებასაც უშლის ხელს. ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ, ქვეყანას შესაძლოა, მეგრული და სვანური ენების აღიარებისა და დაცვის ვალდებულება გაუჩნდეს.
მართალია, ქარტიაში ხაზგასმულია, რომ დოკუმენტი ოფიციალური ენის სტატუსს ეჭვქვეშ არ აყენებს, საქართველოში ზოგიერთი სწორედ ასე ფიქრობს.
ოფიციალური თბილისის შიშს ისიც ამწვავებს, რომ ბოლო პერიოდში, სეპარატისტული აფხაზეთის მთავრობა რეგიონის ქართულ მოსახლეობაში მეგრული ენის გამოყენებას ახალისებს და ამ მიზნით, მეგრულენოვანი ტელეარხიც დააარსა.
ასეთი შიშების მიუხედავად, ცალკე მეგრული ან სვანური პოლიტიკური ერთეულის არსებობას ქვეყანაში ბევრი მომხრე არასდროს ჰყოლია, ამ ენებზე მოსაუბრეთა შორისაც კი.
როდესაც 1920-იან და 1930-იან წლებში, სტალინური კორენიზაციისპოლიტიკის კვალდაკვალ, საქართველოშიც აღმოცენდნენ ე.წ. ავტონომისტური მოძრაობები, საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობამ (თავად მეგრელი ლავრენტი ბერიას ჩათვლით), ეს მცდელობები ძირშივე აღმოფხვრა.
ამჟამად, სამეგრელოს პოლიტიკური ავტონომიის შესახებ მხოლოდ მარგინალური ჯგუფები საუბრობენ. ავტორს სვანეთის პოლიტიკური სტატუსის შესახებ არსებული ინიციატივების შესახებ ცნობები არ გააჩნია.
საქმეში ენის აქტივისტები ერთვებიან
იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ნაკლებად აქტიურია, მეგრული და სვანური ენის შენარჩუნებაზე აქტივისტები ზრუნავენ.
არსებობს ენციკლოპედია „ვიკიპედიის“ მეგრულენოვანი ვერსია, სადაც 10 ათასამდე სტატიაა. სვანურად ქვეყნდება წიგნები და ტარდება ლიტერატურული კონკურსები.
ბოლო ხანს, „მეგრული ენის ასოციაციამ“ მეგრულად ჟურნალის გამოცემაც დაიწყო.
„კავკასიის ბარომეტრის“ შეფასება მიუთითებს, რომ მცირე ქართველურ ენებს ქვეყნის მოსახლეობის 11% იყენებს.
ამასთან, როგორც ახლახანს ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, სამეგრელოს ქალაქებსა და სოფლებში ახალგაზრდები საკუთარ ენობრივ იდენტობას ქართულის სასარგებლოდ ცვლიან. მსგავსი რამ სვანური ენის შემთხვევაშიც ხდება.
ასეთ პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ სვანურისა და მეგრული ენების დაცვაზე უარის თქმა და ზოგადად, მათი არსებობის არაღიარება ამ უნიკალური ენების შენარჩუნებას საფრთხეს უქმნის. თუკი ასეთი მიდგომა შენარჩუნდა, მალე მშობლიური ენის საერთაშორისო დღეზე, მცირე ქართველურ ენებზე მოსაუბრე არცერთი ადამიანი არ იარსებებს.
წინამდებარე სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისაა და არ ასახავს „CRRC-საქართველოს“ ან რომელიმე დაკავშირებული ორგანიზაციის შეხედულებებს.
წინამდებარე სტატიაში გამოყენებულ ადგილთა დასახელებები და ტერმინოლოგია ავტორისეულია და არ ასახავს OC Media-ს რედკოლეგიის მოსაზრებებს