ავტორი: სალომე დუმბაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
შენიშვნა: ეს ბლოგპოსტი ეფუძნება სტატიას, რომელიც მომზადდა Caucasus Analytical Digest (CAD)-ისთვის CRRC-ისა და UN Women-ის ერთობლივი ძალისხმევით და განხორციელდა UN Women-ის პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ (WILD) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით. ბლოგპოსტის ავტორია სალომე დუმბაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) აკადემიური ასისტენტი. ამ პოსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ გამოხატავს CRRC-ის, UN Women-ის, SDC-ის ან რომელიმე დაკავშირებული ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას.
თანაბარი დასაქმების სტატუსი, არათანაბარი დროის განაწილება
გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, დროის გამოყენებაში არსებული გენდერული უთანასწორობა სავარაუდოდ ქალებისა და კაცების განსხვავებული დასაქმების სტატუსით აიხსნება: დაუსაქმებელი ქალები უფრო მეტ დროს აუნაზღაურებელ ზრუნვისა და საოჯახო საქმიანობაზე ხარჯავენ, ხოლო დასაქმებული კაცები ანაზღაურებად შრომაზე. თუმცა, 2020–2021 წლების საქართველოს დროის გამოყენების კვლევის მონაცემები გვაჩვენებს, რომ ეს განსხვავებები ნარჩუნდება კაცებისა და ქალების სრულ განაკვეთზე ანაზღაურებადი შრომის პირობებშიც, რაც აისახება როგორც დროის განაწილებაზე, ისე დროის წნეხის განცდაზე.
გენდერული სხვაობა დროის წნეხის განცდაში
ფსიქოლოგები ქრონიკულ დროის წნეხს აღწერენ, როგორც ცნობიერებას დროის შეზღუდვის შესახებ და ასევე, იმის მუდმივ ემოციურ განცდას, თუ რამდენად გვეჩქარება- მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს მღელვარება, დაძაბულობა და შფოთვა (Denovan et al., 2017). ამგვარ რეჟიმში ცხოვრება ასოცირებულია სტრესის ზრდასთან, შესუსტებულ კონცენტრაციასთან, გაუარესებულ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან (Craig & Brown, 2016; Cha & Papastefanou, 2020; Sussman & Sekuler, 2022; Löchner, Ulrich & Lux, 2024).
სრულ განაკვეთზე დასაქმებულებს შორის თითქმის 45% ქალი ამბობს, რომ ყოველთვის გრძნობს დროის წნეხს, მაშინ როცა ამას კაცების 34% აცხადებს. დანარჩენი (55% ქალი და 66% კაცი ) აცხადებს, რომ დროის წნეხს მხოლოდ ხანდახან ან საერთოდ არ განიცდის.

შესაძლოა, ვინმეს სურვილი გაუჩნდეს და ეს შედეგები ზოგიერთი ქალის „მეტი ემოციური მგრძნობელობით“ ახსნას, მაგრამ მიმდინარე მონაცემები განსხვავებულ კანონზომიერებაზე მიგვითითებს. ერთი შეხდედვით, ქალები მართლაც უფრო ხშირად აცხადებდნენ დროის წნეხის განცდას, თუმცა როცა გავითვალისწინეთ, როგორ ნაწილდება მათი დრო ვალდებულებებსა და განტვირთვას შორის, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გენდერული განსხვავება გაქრა. გამოდის, რომ ქალების მიერ დროის წნეხის უფრო ხშირი განცდა არ ასახავს გენდერულ თავისებურებებს, არამედ დროის მართლაც უთანასწორო განაწილებას გამოხატავს. მიუხედავად იმისა, რომ დროის განაწილება და დროის წნეხის განცდა ერთმანეთთან დაკავშირებულია, აღნიშნული მონაცემების საფუძველზე ვერ დავადგენთ, რომელია მიზეზი და რომელია შედეგი.
როგორ უკავშირდება დროის გამოყენება დროის წნეხს
მონაცემების მიხედვით თანაბარი დასაქმების სტატუსის მიუხედავად, ქალებისა და კაცების დროის გამოყენება, მაინც განსხვავდება:
- სრულ განაკვეთზე დასაქმებული კაცები მეტ დროს უთმობენ განტვირთვასა და ანაზღაურებად სამუშაოს (განსაკუთრებით შაბათ-კვირას) ვიდრე ქალები.
- სრულ განაკვეთზე დასაქმებული ქალები მეტ დროს ხარჯავენ აუნაზღაურებელ საოჯახო საქმეებსა და ზრუნვის შრომაზე ვიდრე კაცები.
- სამუშაო დღეებში ქალები და კაცები მსგავს დროს უთმობენ საკუთარი თავის მოვლას (მაგალითად, ძილსა და კვებას), თუმცა შაბათ-კვირას ქალები ამ საქმიანობაზე ოდნავ მეტ დროს ხარჯავენ.

როცა გავაანალიზეთ, როგორ უკავშირდება დროის წნეხის განცდა დროის გამოყენებას საათებში, გამოიკვეთა განსხვავებული სურათი:
- ქალებში: მეტი განტვირთვის დრო (როგორც სამუშაო დღეებში, ისე შაბათ-კვირას) უკავშირდებოდა დროის წნეხის ნაკლებ განცდას. სტატისტიკურად სარწმუნო კავშირი არ დაფიქსირდა დროის წნეხის განცდასა და სხვა ტიპის ანაზღაურებად, აუნაზღაურებელ ან თავის მოვლასთან დაკავშირებულ საქმიანობას შორის.
- კაცებში: შაბათ-კვირას მეტი განტვირთვის დრო, (გასაკვირად) მეტი ანაზღაურებადი სამუშაო და საკუთარი თავის მოვლა სტატისტიკურად საწრმუნო კავშირში იყო დროის წნეხის ნაკლებ განცდასთან, თუმცა იგივე კანონზომიერება არ გამოვლენილა სამუშაო დღეებში. სამუშაო დღეებში არც ერთი საქმიანობა არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვნად დაკავშირებული დროის წნეხის განცდასთან.
შეჯამება
საქართველოში სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა შორის ქალები ნაკლებ დროს ხარჯავენ განტვირთვაზე და მეტს აუნაზღაურებელ შრომაზე ვიდრე კაცები, რომლებიც თავისმხრივ მეტ დროს უთმობენ როგორც ანაზღაურებად სამუშაოს, ისე განტვირთვას. ეს განსხვავებები ეხმიანება იმასაც, თუ რამდენად ხშირად გრძნობენ ადამიანები დროის წნეხს- რაც მიანიშნებს იმაზე, რომ დროის წნეხის განცდას უფრო მეტად ყოველდღიური ცხოვრების რიტმი აყალიბებს და არა უშუალოდ გენდერული მახასიათებლები.
სრულ განაკვეთზე დასაქმებულ ქალებში მეტი განტვირთვის დრო (როგორც სამუშაო დღეებში, ისე შაბათ-კვირას) უკავშირდებოდა დროის წნეხის ნაკლებ განცდას. კაცებში დროის გამოყენება მნიშვნელოვნი მხოლოდ შაბათ-კვირას იყო: ანაზღაურებად სამუშაოზე, განტვირთვასა და საკუთარი თავის მოვლაზე დახარჯული მეტი დრო უკავშირდებოდა დროის წნეხის ნაკლებ განცდას.
თანაბარი დასაქმების სტატუსი ავტომატურად არ ნიშნავს დროის თანაბარ განაწილებას. რეალური ბალანსი მოითხოვს სამართლიან წვდომას დასვენებაზე, განტვირთვასა და ძალების აღდგენაზე.
კვლევის ბაზა და დანართი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://github.com/sdumbadze/gender-timepressure-appendix
ბიბლიოგრაფია:
Cha, S. and Papastefanou, G. (2020) ‘Understanding the time pressure of working parents: How parents’ childcare time impacts the diurnal organization of activities and the sense of feeling rushed’, Journal of Comparative Family Studies, 51(1), pp. 110–130. doi:10.3138/jcfs.51.1.006.
Craig, L. and Brown, J. E. (2016) ‘Feeling rushed: Gendered time quality, work hours, nonstandard work schedules, and spousal crossover’, Journal of Marriage and Family, 79(1), pp. 225–242. doi:10.1111/jomf.12320.
Denovan, A. and Dagnall, N. (2019) ‘Development and evaluation of the chronic time pressure inventory’, Frontiers in Psychology, 10, 2717. doi:10.3389/fpsyg.2019.02717.
Denovan, A., Dagnall, N., Dhingra, K. and Grogan, S. (2017) ‘Evaluating the Perceived Stress Scale among UK university students: Implications for stress measurement and management’, Studies in Higher Education, 44(1), pp. 120–133. doi:10.1080/03075079.2017.1340445.
Löchner, J., Ulrich, S. M. and Lux, U. (2024) ‘The impact of parents’ stress on parents’ and young childrens’ mental health—Short‐ and long‐term effects of risk and resilience factors in families with children aged 0–3 in a representative sample’, Stress and Health, 40(4). doi:10.1002/smi.3400.
Sussman, R. F. and Sekuler, R. (2022) ‘Feeling rushed? Perceived time pressure impacts executive function and stress’, Acta Psychologica, 229, 103702. doi:10.1016/j.actpsy.2022.103702.









