დამოუკიდებელ მკვლევართა ბლოგი 2 | როგორ ატარებენ საქართველოში მცხოვრები წყვილები სახლში ერთად დროს – მაშინ როდესაც ქალები საოჯახო შრომით არიან დაკავებულები, კაცები ისვენებენ

ავტორი: მარიამ კვიციანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

2020–2021 წლების საქართველოს დროის გამოყენების კვლევის (Georgia Time Use Survey, GTUS) მონაცემები აჩვენებს, რომ მაშინაც კი, როდესაც წყვილები სახლში ერთად არიან, ქალები დროის უმეტეს ნაწილს უთმობენ აუნაზღაურებელ საოჯახო და მზრუნველობით შრომას, მაშინ როდესაც კაცები ძირითადად დასვენებასთან დაკავშირებულ აქტივობებით არიან დაკავებულები. კვლევა ცხადყოფს, რომ თანაარსებობა (ერთ სივრცეში ყოფნა) არ ნიშნავს თანა-მონაწილეობას — მრავალი ქართველი წყვილისთვის „ერთად გატარებული დრო“ ხშირად ნიშნავს იმას, რომ ქალი მუშაობს, ხოლო კაცი ისვენებს.

უთანასწორო დრო თანაბარ სივრცეში

კვლევაში გაანალიზებულია 1,441 ქართველი წყვილის დროის დღიურები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პერიოდებს, როდესაც ორივე პარტნიორი ერთდროულად იმყოფებოდა სახლში. შედეგები კარგად ნაცნობ სურათს ახალ კონტექსტში წარმოაჩენს.

მაშინაც კი, როდესაც წყვილები სახლში ერთად არიან, ქალები და კაცები ამ „გაზიარებულ დროს“ სრულიად განსხვავებულად ატარებენ.

კაცებისთვის ერთობლივად გატარებული დრო უმეტესად დასვენებას უკავშირდება – სახლში გატარებული საათების თითქმის 45% ეთმობა ტელევიზორის ყურებას, დასვენებას ან პირად აქტივობებს. ქალებისთვის კი ეს დრო ძირითადად საოჯახო და მზრუნველობითი შრომითაა დაკავებული – დაახლოებით 29% საოჯახო საქმეებზე მოდის, ხოლო დამატებით 7% – ზრუნვაზე.

სხვა სიტყვებით, თანაარსებობის მომენტებშიც კი შრომის ტრადიციული განაწილება შენარჩუნებულია. მოსაზრება, თითქოს კაცები ნაკლებად არიან ჩართულნი საოჯახო საქმეებში მხოლოდ იმიტომ, რომ სამუშაოდ სახლიდან ხშირად არიან გასულნი, ვერ უძლებს კრიტიკას მაშინ, როდესაც ორივე პარტნიორი სახლშია.

ერთად ყოფნის“ ილუზია

თუ უფრო ახლოს დავაკვირდებით იმ პერიოდებს, როდესაც ორივე პარტნიორი ერთდროულად იმყოფება სახლში, ყოველდღიური უთანასწორობის მკაფიო სურათი იკვეთება.

მაშინ, როდესაც ქალები ამზადებენ საჭმელს, ალაგებენ სახლს ან ასრულებენ საოჯახო საქმეებს, კაცები ყველაზე ხშირად ისვენებენ – ამ დროის მონაკვეთების 45%-ში ქალების აუნაზღაურებელი შრომა კაცების დასვენებას ემთხვევა. მხოლოდ შემთხვევების 7%-ში აღნიშნავენ კაცები, რომ იმავე დროს ისინი თავადაც საოჯახო საქმიანობაში არიან ჩართულნი.

იგივე ტენდენცია ვლინდება ზრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობებშიც. როდესაც ქალები ჩართულნი არიან აუნაზღაურებელ მზრუნველობით აქტივობებში, კაცები კვლავ ძირითადად დასვენებით ან სოციალურ საქმიანობებში არიან დაკავებულნი. შედეგად იქმნება ის, რასაც მკვლევრები „ერთად ყოფნის ილუზიას“ უწოდებენ – წყვილები შესაძლოა ერთ ოთახში იყვნენ, მაგრამ ამ გაზიარებული დროის გამოცდილება მათთვის არსებითად განსხვავებულია.

პარტნიორთა საქმიანობების ჯვარედინი განაწილება ერთად გატარებული დროის განმავლობაშისქესის მიხედვით (დროის პროცენტული წილი)
ქალის საქმიანობა(…)კაცის საქმიანობა(…)
საოჯახო შრომასხვაზე ზრუნვასოციალიზაციადასვენებასაკუთარ თავზე ზრუნვა
საოჯახო შრომა6.9%2.3%5.5%45.2%28.3%
სხვაზე ზრუნვა2.4%12.3%7.3%39.8%30.7%
სოციალიზაცია3.7%2.0%27.5%41.2%20.9%
დასვენება2.2%1.7%4.5%68.7%18.0%
საკუთარ თავზე ზრუნვა2.2%1.5%3.3%23.4%64.5%

საინტერესოა, რომ ერთადერთი საქმიანობა, სადაც ქალებისა და კაცების დრო ერთმანეთს ემთხვევა, სწორედ დასვენებაა. როდესაც ქალები აღნიშნავენ, რომ ტელევიზორს უყურებენ ან ისვენებენ, შემთხვევების თითქმის 69%-ში მათი პარტნიორებიც იმავეს აკეთებენ. როგორც ჩანს, „ნამდვილი“ ერთად გატარებული დრო უმეტესად მაშინ ჩნდება, როდესაც ორივეს შეუძლია დასვენება – ხშირად მას შემდეგ, რაც ქალებმა უკვე შეასრულეს საოჯახო შრომის ძირითადი ნაწილი.

თანაარსებობა არ ნიშნავს თანამონაწილეობას

ქართული ოჯახი კვლავ იმ ეტაპზეა, სადაც ღრმად ფესვგადგმული გენდერული ნორმები ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად მოქმედებს. ფიზიკური სიახლოვე არ გარდაიქმნება პასუხისმგებლობის გაზიარებად. პირიქით, ის ხშირად ამყარებს ტრადიციულ როლებს: ქალები აგრძელებენ აუნაზღაურებელ შრომას, ხოლო კაცები სარგებლობენ დასვენების დროით.

მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ გენდერული უთანასწორობა მხოლოდ საოჯახო შრომაზე დახარჯული დროის რაოდენობით არ გამოიხატება, არამედ იმითაც, თუ როგორ განიცდიან პარტნიორები ამ დროს ერთად.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

ამ უთანასწორობას უფრო ფართო შედეგები აქვს. ქალების „დროითი სიღარიბე“ – თავისუფალი ან დასვენების დროის ქრონიკული დეფიციტი – ზღუდავს განათლების მიღების, დასაქმებისა და პირადი განვითარების შესაძლებლობებს. ეს გავლენას ახდენს როგორც ოჯახის კეთილდღეობაზე, ისე ქვეყნის საერთო პროდუქტიულობაზე.

მხოლოდ პოლიტის დოკუმენტები ვერ გადაჭრის ამ უთანასწორობას. მიუხედავად იმისა, რომ მამობის შვებულება, საბავშვო მოვლის სერვისები და მოქნილი სამუშაო პირობები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რეალური ცვლილება დამოკიდებულია სოციალური ნორმების ტრანსფორმაციაზე, რომლებიც საოჯახო შრომას კვლავ „ქალების საქმედ“ აღიქვამს. იქამდე, სანამ თანაარსებობა არ გადაიქცევა თანა-მონაწილეობად, გენდერული თანასწორობა კერძო სივრცეში მიუწვდომელი დარჩება.

მონაცემების შესახებ: წარმოდგენილი შედეგები ეფუძნება საქართველოს დროის გამოყენების კვლევას (GTUS) და მოიცავს 1,441 წყვილს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ იმყოფებოდნენ სახლში იმ პერიოდში, როდესაც მათი პარტნიორებიც სახლში იყვნენ. კვლევაში გაანალიზებულია ეს ერთობლივი დრო, რათა გამოვლენილიყო აუნაზღაურებელ შრომასა და დასვენებაში არსებული გენდერული პატერნები.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები