დამოუკიდებელ მკვლევართა ბლოგი 1 | მშობლობა რიცხვებში: როგორ ნაწილდება ზრუნვა დედებსა და მამებს შორის საქართველოში

ავტორი: იზა კასრელიშვილი, კანონის უზენაესობის ცენტრი

ვინ ზრუნავს ბავშვებზე საქართველოში — და რამდენ დროს უთმობენ მშობლები ამ შრომას ყოველდღიურად?

საქართველოს დროის გამოყენების კვლევის (GTUS 2020–2021) მონაცემები მკაფიო სურათს გვაძლევს: დედები ბავშვზე ზრუნვაზე ხუთჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე მამები. მაშინ, როდესაც დედების 80% ყოველდღიურად მონაწილეობს ზრუნვის აქტივობებში, იგივე მხოლოდ 37.6% მამებზე ითქმის. განსხვავება არა მხოლოდ დროის მოცულობაში, არამედ ზრუნვის ტიპებშიც ვლინდება.

მამობრივი ჩართულობის გამოვლინებები

GTUS-ის მონაცემებით, მამების ჩართულობა თითქმის მთლიანად თამაშსა და დასვენებას უკავშირდება. ისინი შვილებთან ერთად კითხულობენ, საუბრობენ ან თამაშობენ, თუმცა ნაკლებად მონაწილეობენ ისეთ აქტივობებში, როგორებიცაა კვება, ძილის რეჟიმის კონტროლი, საშინაო დავალებებში დახმარება ან ემოციური მხარდაჭერა.

დედები, თავის მხრივ, ზრუნვის სრულ სპექტრს ფარავენ — ფიზიკური მოვლა, სწავლება, ზედამხედველობა და ემოციური მხარდაჭერა. ისინი პასუხისმგებელნი არიან არა მხოლოდ ბავშვის საბაზისო საჭიროებებზე, არამედ მის კოგნიტურ და ემოციურ განვითარებაზეც.

ეს უთანასწორობა ადრეული ასაკიდან იჩენს თავს. 0–4 წლის ბავშვებზე ზრუნვისას დედები საშუალოდ კვირაში 17.6 საათს ხარჯავენ ფიზიკურ და ემოციურ მოვლაზე, ხოლო მამები მხოლოდ 3.8 საათს — უმეტესად, თამაშზე. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად მამების ჩართულობა ოდნავ იზრდება, თუმცა კვლავ ძირითადად მსგავს აქტივობებზეა ფოკუსირებული.

არათანაბარი ზრუნვის ტალღის ეფექტი

ზრუნვის არათანაბარი განაწილება მრავალი მიმართულებით აისახება. მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა დამატებითი კვლევა საქართველოს რეალობის უკეთ გასააზრებლად, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ დედების უფრო დიდი დროითი პასუხისმგებლობები ხშირად ნიშნავს ნაკლებ შესაძლებლობებს დასვენებისთვის, პროფესიული განვითარებისა თუ პირადი ზრდისთვის. მამები კი ამ პროცესში კარგავენ იმ ემოციურ სიახლოვესა და ყოველდღიური ურთიერთობის გამოცდილებას, რასაც ბავშვზე აქტიური ზრუნვა იძლევა.

საერთაშორისო კვლევები მიუთითებს, რომ ბავშვები ყველაზე მეტ სარგებელს მაშინ იღებენ, როდესაც ორივე მშობელი აქტიურად არის ჩართული ზრუნვაში — და არა მხოლოდ თამაშში. მშობლებს შორის გაზიარებული ზრუნვა აძლიერებს ოჯახურ კავშირებს, ხელს უწყობს ბავშვების სოციალურ და კოგნიტურ განვითარებას და, ასევე, გენდერულ თანასწორობას როგორც ოჯახში, ისე სამუშაო გარემოში.

მტკიცებულებებიდან ქმედებისკენ

საქართველოში სტრუქტურული და კულტურული ბარიერები კვლავ ზღუდავს მამების ჩართულობას ზრუნვაში. არ არსებობს უშუალოდ მამებისთვის განკუთვნილი შვებულება, ან მოქნილი სამუშაო პოლიტიკა, ხოლო ორ წლამდე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო და მოვლის სერვისები კვლავ მწირია — განსაკუთრებით რეგიონებში. ამასთანავე, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (კაცებიც და ქალებიც) მიიჩნევს, რომ ბავშვზე ზრუნვა ძირითადად დედის პასუხისმგებლობაა, და მამები სოციალური სტიგმის შიშით შესაძლოა თავს არიდებდნენ ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული შვებულების აღებას.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები, ერთი შეხედვით, მკაფიოდ აჩვენებს გენდერულ უთანასწორობას, საჭიროა უფრო სიღრმისეული, კონტექსტზე მორგებული კვლევა იმის გამოსარკვევად, პოლიტიკის რა ინსტრუმენტები — იქნება ეს მშობელთა შვებულების მოდელი თუ თემზე დაფუძნებული ინიციატივები — იქნება ყველაზე ეფექტიანი ზრუნვის დისბალანსის დასაძლევად საქართველოში.

უკვე ცხადია, რომ მამების ჩართულობის გაზრდა მოითხოვს როგორც ცვლილებებს პოლიტიკის დონეზე, ისე სოციალური ნორმების ეტაპობრივ გარდაქმნას. ადრეული ზრუნვის სერვისების გაფართოება, მამებისთვის სპეციალური შვებულების დანერგვა და აქტიური მამობის პოზიტიური მაგალითების წარმოჩენა შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს მშობლის როლის გადაფასების გზაზე.

საბოლოო ჯამში, ეს არ არის მხოლოდ თანასწორობის საკითხი დედებსა და მამებს შორის — ეს არის პირდაპირი ინვესტიცია ბავშვის კეთილდღეობაში. მშობლებს შორის ზრუნვის გაზიარება ნიშნავს, თითოეულ ბავშვს მიეცეს ცხოვრების საუკეთესო შესაძლო დასაწყისი.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები