აქამდე გამოქვეყნებულ რამდენიმე ბლოგპოსტში („საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პროკურატურის მიმართ“ და „პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია“) ჩანს, თუ რამდენადაა გაყოფილი მოსახლეობის დამოკიდებულება საქართველოს პროკურატურის მიმართ. 2019 წლის მარტში ჩატარებულ სატელეფონო გამოკითხვაში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში განხორციელდა, CRRC-საქართველომ გამოკითხვის ექპერიმენტი გამოიყენა, რათა გაეგო, რა შემთხვევებში ენდობა ან არ ენდობა საქართველოს მოსახლეობა პროკურატურას.
რესპონდენტთა ერთ ჯგუფს ჰკითხეს, თუ რამდენად ობიექტურად ან არაობიექტურად ახორციელებს პროკურატურა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას ნებისმიერ საქმესთან მიმართებაში (საკონტროლო ჯგუფი). მეორე ჯგუფს კითხვა დაესვა შემდეგნაირად: თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ან არაობიექტურად ახორციელებს პროკურატურა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებენ რიგითი მოქალაქეები? (ექსპერიმენტული ჯგუფი 1). მესამე ჯგუფს კი ჰკითხეს, რამდენად ობიექტურად ან არაობიექტურად ახორციელებს პროკურატურა დაკისრებულ მოვალეობას, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში მოქალაქისა და სახელმწიფოს ინტერესები იკვეთება ერთმანეთთან (ექსპერიმენტული ჯგუფი2). რესპონდენტები თითოეულ ჯგუფში შემთხვევითობის პრინციპით იყვნენ გადანაწილებული.
რესპონდენტებს, რომლებსაც მესამე ტიპის კითხვა დაესვათ იმის შესახებ, თუ რამდენად ობიექტურად ან არაობიექტურად ახორციელებს პროკურატურა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში მოქალაქისა და სახელმწიფოს ინტერესები იკვეთება ერთმანეთთან, ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ, რომ პროკურატურა ამ დროს ობიექტურად მუშაობს. მაშინ, როდესაც დანარჩენ ორ ჯგუფს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ შეიმჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა ეჭვქვეშ აყენებს პროკურატურის საქმიანობას, როდესაც საქმეში სახელმწიფოსა და მოქალაქის ინტერესები იკვეთება.
რიგი სოციო-დემოგრაფიული მახასიათებლები პროგნოზირებს პასუხებს ზემოთ დასმულ კითხვებზე. ახალგაზრდებისგან განსხვავებით, შედარებით ასაკოვანი მოსახლეობა (56+) უფრო ხშირად პასუხობს, რომ პროკურატურა არაობიექტურად ახორციელებს თავის საქმიანობას. გარდა ამისა, ქალები უფრო ხშირად ასახელებენ, რომ პროკურატურა ობიექტურად ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, ვიდრე კაცები.
სატელევიზიო არხების ყურებადობა, რაც პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების მაჩვენებელია, ასევე პროგნოზირებს პასუხებს, თუ რამდენად ობიექტურად მუშაობს პროკურატურა საქართველოში. „რუსთავი2“-ის მაყურებლები (ენმ-ს მომხრეთა მაჩვენებელი) უფრო ხშირად ასახელებენ, რომ პროკურატურა არაობიექტურად ახორციელებს მის საქმიანობას, ვიდრე „იმედის“ მაყურებლები (ქართული ოცნების მომხრეთა მაჩვენებელი).
საერთო ჯამში, საკონტროლო და ექპერიმენტულ ჯგუფებს შორის მოხვედრილ მოსახლეობაში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ შეიმჩნევა. მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ საქართველოს პროკურატურა არაობიექტურად განახორციელებს მის საქმიანობას ნებისმიერ შემთხვევაში. მაგრამ ალბათობა იმისა, რომ მოსახლეობა პროკურატურის საქმიანობას უფრო მეტად არაობიექტურად შეაფასებს, დიდია, როდესაც საქმე სახელმწიფოსა და მოქალაქის ინტერესების გადაკვეთას ეხება.
სატელეფონო გამოკითხვა 2019 წლის 4-19 მარტის პერიოდში ჩატარდა და 815 ადამიანი გამოიკითხა. შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობისთვის. გამოკითხვის ცდომილების საშუალო ზღვარი 2.6%-ია. ბლოგში განხილული შედეგები ყველა ჩატარებულ ინტერვიუს ეფუძნება (815) და მონაცემები შეწონილია ქართულენოვანი მოსახლეობის ძირითადი დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით.გამოკითხვაჩატარდა პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)მიერ ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.
ბლოგპოსტი დაიწერა ევროკავშირის ხელშეწყობით. მასში წარმოდგენილი მოსაზრებები CRRC-საქართველოსა და IDFI-ის პასუხისმგებლობაა და შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.