საქართველოს მოსახლეობისთვის მთავარ სატკივრად კვლავ ეკონომიკა რჩება. სამომხმარებლო ფასის ინდექსის და დოლარის ლართან გაცვლის კურსის ზრდასთან ერთად, ბოლო წლების განმავლობაში შინამეურნეობების საშუალო ხარჯებიც გაიზარდა. ამასთანავე, უახლესი მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს აქვს რაიმე დანაზოგი. შინამეურნეობის საშუალო ხარჯების გაზრდასთან ერთად, საინტერესოა, რაში ხარჯავს ხალხი ფულს საქართველოში. CRRC-NDI-ის ბოლო, 2019 წლის ზაფხულის კვლევაში დაისვა კითხვები ოჯახის ხარჯებთან დაკავშირებით, რაც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ რაში ხარჯავენ ფულს საქართველოში და ვინ უფრო მეტს ხარჯავს გარკვეული სახის პროდუქტებსა და მომსახურებაში.
საქართველოში ოჯახების უმეტესობა ხარჯავს ყველაფერს, რასაც გამოიმუშავებს. ყველაზე დიდ ყოველთვიურ ხარჯებზე საუბრისას, მოწინავე პოზიციები ყოველდღიურმა საჭიროებებმა დაიკავა და მხოლოდ მცირე ნაწილმა დაასახელა დასვენებასთან დაკავშირებული ხარჯები. საკვები და კომუნალური მომსახურების გადასახადი ორჯერ უფრო ხშირად დასახელდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ხარჯი. ეს, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მესამე ადგილზე წამლებთან დაკავშირებული ხარჯები აღმოჩნდა – მოსახლეობის მესამედზე მეტმა ის ოჯახის ყველაზე დიდ ყოველთვიურ ხარჯებს შორის დაასახელა. საინტერესოა, რომ ადამიანების უმნიშვნელო, მაგრამ მაინც გარკვეულმა რაოდენობამ ყველაზე დიდ ხარჯად მოგზაურობასთან, ვარჯიშთან და გართობასთან დაკავშირებული ხარჯები დაასახელა.
შენიშვნა: რესპონდენტებს შეეძლოთ სამი პასუხის დასახელება.
იმის გასაგებად, თუ როგორ განსხვავდება ოჯახის ხარჯები სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფებში, შევიმუშავეთ რეგრესიული მოდელი. მოდელში გამოვიყენეთ შემდეგი ცვლადები: სქესი (მამრობითი, მდედრობითი), ასაკობრივი ჯგუფი (18-34, 35-54, 55+), დასახლების ტიპი (დედაქალაქი, დიდი ქალაქები, პატარა ქალაქები, სოფლები), ეთნიკური ანკლავის სტატუსი (უმეტესად ქართული დასახლებები, უმეტესად უმცირესობათა დასახლებები) და სხვადასხვა ნივთების ფლობის ჯამური ინდექსი, რომელიც კეთილდღეობის გავრცელებული საზომია.
მონაცემები გვიჩვენებს, რომ საკვები და კომუნალური მომსახურება ყოველთვის ხარჯების სათავეში ექცევა, მიუხედავად ადამიანის სქესისა, ასაკისა, დასახლების ტიპისა თუ ეკონომიკური მდგომარეობისა. გარდა ამისა, რეგრესიულმა მოდელმა აჩვენა, რომ გარკვეული დემოგრაფიული ცვლადები გამოსადეგია იმის წინასწარმეტყველებისთვის, თუ ვის უფრო მეტად ექნება გარკვეული ტიპის ხარჯები. მაგალითად, უფრო დაბალია ალბათობა, რომ ადამიანებმა, რომლებიც დედაქალაქში ცხოვრობენ, სესხი/განვადება/იპოთეკა დაასახელონ ყველაზე დიდ ხარჯებს შორის იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც პატარა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს. 55 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები და ისინი, ვინც შედარებით დაბალ ეკონომიკურ საფეხურზეა, ბევრად უფრო ნაკლები ალბათობით დაასახელებენ ამ ხარჯს უფრო ახალგაზრდა ან უფრო მაღალი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ადამიანებთან შედარებით. ასევე, ქართულ დასახლებებთან შედარებით, უმცირესობათა დასახლებებში მცხოვრები ადამიანები უფრო მცირე ალბათობით დაასახელებენ სესხს ოჯახის ყველაზე დიდ ყოველთვიურ ხარჯებში.
ამის მსგავსად, გარკვეულ განსხვავებებს განათლებასთან დაკავშირებულ ხარჯებთან მიმართებაშიც ვხვდებით. 55 წლის და უფროსი ადამიანები და კაცები მცირედით ნაკლები ალბათობით ასახელებენ განათლებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, უფრო ახალგაზრდებთან და ქალებთან შედარებით. ასევე, უფრო მაღალი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ოჯახებში უფრო მოსალოდნელია, რომ განათლებასთან დაკავშირებული ხარჯები ოჯახის ყველაზე დიდ ყოველთვიურ ხარჯად დაასახელონ.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი წამლებთან დაკავშირებული ხარჯებია. ის რიგით მესამე ყველაზე ხშირად დასახელებულია, რაც თავის მხრივ, ბევრ რამეზე მიანიშნებს: მოსახლეობის მესამედი საკვებზეც იმდენს ხარჯავს, რასაც წამლებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ წამლები მათი ხარჯების ისეთივე დიდი ნაწილია, როგორც საკვები, თუ არა მეტი. სხვადასხვა ჯგუფებს შორის საინტერესო განსხვავებები გვხვდება წამლებთან დაკავშირებული ხარჯების თვალსაზრისით. პატარა ქალაქებში და სოფლებში მცხოვრები ადამიანები უფრო მეტი ალბათობით ასახელებენ წამლებს თავიანთ უდიდეს ხარჯებში, ვიდრე ისინი, ვინც დედაქალაქში ცხოვრობს.ამასთანავე, უმცირესობათა დასახლებები მცირედით უფრო ნაკლები ალბათობით ახსენებენ ამ ხარჯს, ქართულ დასახლებებთან შედარებით. ამის მსგავსად, ახალგაზრდები სამჯერ უფრო ნაკლები ალბათობით ასახელებენ წამლებს ყველაზე დიდ ხარჯებში, ვიდრე 56 წლის და უფროსი ადამიანები. ოჯახში ნივთების ფლობის ჯამური ინდექსი აჩვენებს, რომ მოსახლეობა, რომელსაც უფრო ცოტა ნივთი აქვს, უფრო მეტი ალბათობით ამბობს, რომ წამლები ერთ-ერთი უდიდესი ხარჯია, ვიდრე ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტი ნივთი აქვთ. ეს განსხვავება ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვითაც შენარჩუნებულია, მაშინაც კი, როდესაც განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებს ვაანალიზებთ. ყველა ასაკობრივ ჯგუფში, უფრო მაღალი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ადამიანები ნაკლებად ხშირად ასახელებენ წამლებს,ვიდრე დაბალი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ადამიანები. ამრიგად, ხნიერი ადამიანები და ადამიანები უარესი ეკონომიკური მდგომარეობით უფრო მეტი ალბათობით ასახელებენ წამლებს ოჯახის უდიდეს ყოველთვიურ ხარჯებში. საინტერესოა, რომ წამლებისგან განსხვავებით, მსგავსი ტენდენცია არ შეინიშნება სამედიცინო მომსახურების ხარჯებთან დაკავშირებით.
მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში ყველა დემოგრაფიულ ჯგუფში, ოჯახის ყველაზე დიდ ყოველთვიურ ხარჯებში მთავარ ადგილს საარსებო ხარჯები იკავებს. საჭმელი, კომუნალური მომსახურება და წამლები მოწინავე ხარჯებს წარმოადგენს ახალგაზრდებისთვის და ხანდაზმულებისთვის, მდიდრებისთვის და ღარიბებისთვის, კაცებისთვის და ქალებისთვის, ქალაქში და სოფელში მცხოვრები მოსახლეობისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფს შორის გარკვეული განსხვავებებია ხარჯების თვალსაზრისით. ხნიერ ადამიანებს ნაკლები ალბათობით აქვს სესხთან ან განათლებასთან დაკავშირებული ხარჯები. ეკონომიკურად უკეთესი მდგომარეობის მქონე ადამიანები კი უფრო დიდი ალბათობით ასახელებენ ამ ხარჯებს. მეტიც, ხნიერი ხალხი და ადამიანები უფრო ცუდი ეკონომიკური მდგომარეობით უფრო მეტი ალბათობით ასახელებენ წამლებთან დაკავშირებულ ხარჯებს, ვიდრე ახალგაზრდები და უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ადამიანები. ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნებას ინარჩუნებს მაშინაც კი, როცა ასაკს ვაკონტროლებთ: მდიდარი ადამიანები უფრო ნაკლები ალბათობით ასახელებენ წამლებს ღარიბებთან შედარებით, მიუხედავად მათი ასაკისა.
შენიშვნა: ეს ბლოგი ლოგისტიკურ რეგრესიულ ანალიზს ეფუძნება. დამოკიდებული ცვლადი იყო ბინომინალური ცვლადი: ოჯახის ყველაზე დიდ ყოველთვიურ ხარჯებში საკვების, კომუნალური მომსახურების ღირებულების, წამლების, სამედიცინო მომსახურების ან სესხის დასახელება წინააღმდეგ ამ ხარჯების არდასახელებისა. დამოუკიდებელი ცვლადები იყო: სქესი, ასაკობრივი ჯგუფი, დასახლების ტიპი, ეთნიკური ანკლავის სტატუსი და სხვადასხვა ნივთის ფლობის ჯამური ინდექსი. წინამდებარე ანალიზისთვის გამოყენებული მონაცემები ხელმისაწვდომია აქ. რეპლიკაციის კოდის ნახვა შესაძლებელია აქ.