უკან
სამშაბათი | 24 მარტი, 2015

სამეზობლოები და მეზობლები საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში

სოფელსა თუ ქალაქში ცხოვრებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს - განსხვავდება ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება, წვდომა საზოგადოებრივ სიკეთეებზე, სერვისებსა და ინფორმაციაზე. ამ ბლოგპოსტის მიზანია, აჩვენოს, თუ როგორი კავშირი აქვთ ქალაქებისა და სოფლების მაცხოვრებლებს მეზობლებთან.ბლოგი იყენებს CRRC-საქართველოს მიერ 2014 წელს ჩატარებულ გამოკითხვას „მოხალისეობა და სამოქალაქო მონაწილეობა საქართველოში“, რომელიც დაფინანსებული იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ.

ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი დასახლების სხვადასხვა ტიპს შორის მოცემულ სამეზობლოში ადამიანების ცხოვრების ხანგრძლივობაა. არსებული მონაცემების თანახმად, დედაქალაქსა და სხვა ურბანულ დასახლებებში მაცხოვრებელთა მიერ სამეზობლოს შეცვლა უფრო მოსალოდნელია, ვიდრე სოფლებში. იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ამჟამინდელ სამეზობლოში ექვს წელზე მცირე ხანია, ცხოვრობენ, უფრო მეტია დედაქალაქში (27%), ვიდრე ურბანულ (15%) და სოფლის (8%) ტიპის დასახლებებში.


ურბანულ გარემოში ცხოვრება სოციალური ქცევის ტრადიციული ფორმების ცვლილებას იწვევს. კერძოდ, არსებული მონაცემებით, მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც დედაქალაქის მიღმა ცხოვრობს, აცხადებს, რომ საკუთარი სამეზობლოს ყველა ოჯახს იცნობს მაშინ, როდესაც დედაქალაქის შემთხვევაში ანალოგიური მაჩვენებელი 34 პროცენტია. მაშინაც კი, თუ შედარებას სამეზობლოში ცხოვრების ხანგრძლივობის მიხედვით გავაკეთებთ, საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, დედაქალაქში იმ ადამიანების რაოდენობა კვლავ გაცილებით მცირეა, ვინც ყველა მეზობელს იცნობს.

 


შენიშვნა: გრაფიკი ასახავს მხოლოდ ორი უკიდურესი ჯგუფის მონაცემებს - მათი,ვინც მოცემულ სამეზობლოში 5 ან ნაკლები წლის განმავლობაში ცხოვრობენ და მათი, ვინც სამეზობლოში 45 წელზე მეტ ხანს ცხოვრობენ. ინფორმაცია რესპოდენტების შესახებ, რომლებიც თავის სამეზობლოში 6-დან 45 წლის ჩათვლით ცხოვრობენ,დიაგრამაზე წარმოდგენილი არ არის.

დედაქალაქს გარეთ მაცხოვრებლებთან შედარებით, თბილისელები საკუთარ მეზობლებთან უფრო იშვიათად ურთიერთობენ. მაშინ, როდესაც სოფლის მოსახელობის 79% ამბობს, რომ საკუთარ მეზობლებს ყოველდღიურად ესაუბრება, ურბანული დასახლებების მცხოვრებთა 63% და თბილისელების მხოლოდ 44% აცხადებს იმავეს.


ეზობლებთან ჩართულობის დაბალი დონე დედაქალაქში შეიძლება, დაკავშირებული იყოს იმ გარემოებასთან, რომ თბილისის მცხოვრებთა დაახლოებით ერთი მესამედი ამჟამინდელ სამეზობლოში ბოლო 5 წლის განმავლობაში გადმოვიდა. თუმცა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო ახსნაა. თქვენს რას ფიქრობთ?

მეზობლებთან და სოციალურ ინტერაქციასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესასწავლად შეგიძლიათ ისარგებლოთ CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის გვერდით.