კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) და Zinc Network-მა საზოგადოებას გააცნო საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. კვლევის მიხედვით, ევროკავშირის წევრობის სურვილი საქართველოს მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფში კონსენსუსის საგანია. საინტერესოა, რომ 2023 წლის იანვარში ევროკავშირის წევრობას გამოკითხულთა 72% ემხრობოდა, ხოლო მარტის თვეში, პროევროპული გამოსვლების პერიოდში, ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა და 81%-ს მიაღწია. კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე პრიორიტეტული პოლარიზაციის დასრულება (26%), სამართლიანი არჩევნებისა (14%) და მიუკერძოებელი სასამართლოს (8%) უზრუნველყოფაა. თუმცა, მოქალაქეთა 43% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად და მხოლოდ 23%-ს სჯერა, რომ ხელისუფლება 12 პუნქტის შესასრულებლად საჭირო რეფორმებს გაატარებს.
კვლევა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული გზავნილებისადმი მოწყვლადობაზეც მიუთითებს. მოსახლეობის 31% ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, ფაქტობრივად, დასავლეთის მიერ პროვოცირებული დაპირისპირება იყო. მოქალაქეთა 38% არ ეთანხმებოდა კონსპირაციულ გზავნილს დასავლეთის მიერ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით, მაგრამ 29% ამ კონსპირაციას სარწმუნოდ მიიჩნევდა.
კვლევა CRRC-საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. Zinc Network USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა 2,757 პირისპირი ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია +/- 2.4%. დამატებით, CRRC-საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს სატელეფონო გამოკითხვის საშუალებით 1,048 რესპონდენტი გამოკითხა. კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარი 2.6%-ია.