ზებუნებრივი ძალების საქართველოში თითქმის ყველას სწამს

[შენიშვნა: ეს სტატია დაიბეჭდა OC Media-თან თანამშრომლობით მათ ონლაინ პლატფორმაზე: Caucasus Data Blog. სტატიის ავტორები არიან: ანანო ყიფიანი, CRRC-საქართველოს ანალიტიკოსი და ქრისტინა ვაჭარაძე, CRRC-საქართველოს პროგრამების დირექტორი. სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები მხოლოდ ავტორებს ეკუთვნის და არ წარმოადგენს CRRC-საქართველოს ან რომელიმე სხვა მხარის მოსაზრებებს.]

ქართული ფოლკლორი ბევრს გვიამბობს  დემონებისა და ეშმაკების შესახებ. თუმცა, ყველამ იცის, რომ ეს მხოლოდ საბავშვო მოთხრობებია. მიუხედავად ამისა, 2019 წლის კვლევა რელიგიის შესახებ (ISSP), რომელიც CRRC-საქართველომ ჩაატარა, ცხადჰყოფს, რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანების უმეტესობას ზებუნებრივი ძალების სჯერა.

გამოკითხვაში მოსახლეობას ჰკითხეს, მათი აზრით, შეესაბამება თუ არა სიმართლეს შემდეგი მოსაზრებები:

  • თილისმებს ზოგჯერ იღბალი მოაქვს;
  • მკითხავებს ზოგჯერ მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლიათ;
  • ზოგიერთ მკურნალს ღვთისგან ბოძებული განკურნების ძალა აქვს;
  • ზოდიაქო ან ჰოროსკოპი შეიძლება, გავლენას ახდენდეს ადამიანის მომავალზე.

საერთო ჯამში მოსახლეობის 91% ამბობს, რომ ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან ერთ-ერთი მაინც მართალია. ყველაზე გავრცელებული აღმოჩნდა რწმენა ღვთისგან ბოძებული განკურნების ძალის შესახებ. მოსახლეობის 57% აცხადებდა, რომ ეს სიმართლეს შეესაბამებოდა. ზოდიაქოს ან ჰოროსკოპის (37%), თილისმების (30%) და მკითხავების (20%) რწმენა შედრებით ნაკლები აღმოჩნდა.

გარდა ამ მოსაზრებებისა, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (48%) თვლის, რომ წინაპრებს ზებუნებრივი ძალა აქვთ. მესამედს (35%) არ სჯერა ამის, ხოლო დანარჩენი (16%) ჩამოუყალიბებელია ამ საკითხთან მიმართებაში.

მონაცემთა შემდგომი ანალიზი აჩვენებს, რომ სხვადასხვა სოციალური და დემოგრაფიული ჯგუფების წარმომადგენელებს შორის მცირე განსხვავებებია ცრურწმენასთან მიმართებაში. ადამიანებს უმაღლესი განათლებითა და უმაღლესი განათლების გარეშე ერთნაირად სჯერათ ცრურწმენების. ასევე, არ გამოიკვეთა განსხვავება სოფელში და ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს შორის. უფროსებს და ახალგაზრდებს მსგავსი შეხედულებები აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთადერთი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება უფრო რელიგიურ ადამიანებთან დაკავშირებით გამოვლინდა. გამოჩნდა, რომ ზოგადად რაც უფრო რელიგიურია ადამიანი, მით უფრო სჯერა ზებუნებრივი ძალების.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თითქმის ყველას სჯერა ზებუნებრივი ძალების, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ უმეტესობას მეცნიერების უნდა სჯეროდეს. ადამიანებს ჰკითხეს, რამდენად ეთანხმებოდნენ შემდეგ მოსაზრებას: „ჩვენ გადაჭარბებულად გვჯერა მეცნიერების და არასაკმარისად – რელიგიის“. მოსახლეობის მეოთხედი (25%) დაეთანხმა ამ მოსაზრებას, 29% არც დაეთანხმა და არც არ დაეთანხმა, თითქმის ნახევარი (46%) კი არ დაეთანხმა.

ამრიგად, საქართველოში ადამიანთა უმეტესობას სწამს ზებუნებრივი ძალების, თუმცა, უმრავლესობას მეცნიერებისაც სჯერა.


შენიშვნა: ზემოხსენებული ანალიზი ეყრდნობა რეგრესიულ მოდელს, სადაც დამოკიდებული ცვლადია ზებუნებრივი შეხედულებების რაოდენობა, რომლებისაც რესპონდენტებს სჯერათ. დამოუკიდებელი ცვლადებია: სქესი, ასაკობრივი ჯგუფები, ეთნიკური კუთვნილება, რელიგიური კუთვნილება, დასახლების ტიპი, განათლების დონე და რელიგიურობის ინდექსი. ბლოგში გამოყენებული მონაცემები იხილეთ აქ.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები