უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოსახლეობაში შემცირდა ცოდნა უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების შესახებ

უკვე სამი წელიწადია, რაც საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ, რაც რამდენიმეწლიანი დიალოგისა და პოლიტიკის რეფორმის შედეგია.  მიუხედავად გასული დროისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო კამპანიის ჩატარებისა, ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ საზოგადოების ცოდნა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების შესახებ დაეცა. ამას მოწმობს 2019 წელს CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასების შესახებ. ამავე პერიოდში გაიზარდა საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში არ შეუშვეს. მხოლოდ 2018 წელს ოთხ ათასზე მეტი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2017 წლის მონაცემებს აღემატება.

შენგენის ზონის ქვეყნებში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებისთვის შემდეგი დოკუმენტების ქონაა საჭირო:

    • ბიომეტრული პასპორტი;
    • ხარჯების დასაფარად საჭირო სახსრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
    • უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
    • შენგენის ზონაში საცხოვრებელი მისამართი (მაგ: სასტუმროს ჯავშანი).

გარდა ამისა, შენგენის ზონაში ყოფნა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს 180 დღის განმავლობაში და უვიზო რეჟიმის ქვეშ მოგზაურებს არ აქვთ მუშაობის უფლება.

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასების კვლევის 2017 და 2019 წლის ტალღებში რესპონდენტებს ჰკითხეს,იციან თუ არა, რა დოკუმენტაციაა საჭირო შენგენის ზონაში უვიზოდ შესასვლელად, რამდენ ხანს შეუძლიათ იქ გაჩერება და აქვთ თუ არა მუშაობის უფლება. მონაცემების მიხედვით, ბიომეტრული პასპორტის ქონისა და შენგენის ზონაში ყოფნის ხანგრძლივობის ცოდნის გარდა, სხვა მოთხოვნების ცოდნის დონე დაეცა. ეს ეხება შენგენის ზონაში საცხოვრებელი მისამართის ქონას, ხარჯების დასაფარად საჭირო სახსრების დამადასტურებელ დოკუმენტაციას და უკან დასაბრუნებელ ბილეთს. ასევე, საგრძნობლად შემცირდა ცოდნა იმის შესახებ, აქვთ თუ არა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ წასულ მოქალაქეებს იქ მუშაობის უფლება.

იმის უკეთ გასაგებად, ვინ უფრო მეტი ან ნაკლები იცის ზემოხსენებული მოთხოვნების შესახებ, შევიმუშავეთ მარტივი დანამატის ინდექსი, რომელიც აღწერს ინდივიდის ზოგად ცოდნას ევროკავშირის მოთხოვნების შესახებ. ზემოხსენებულ კითხვებზე სწორი პასუხები ითვლება ერთ ქულად, რის შედეგადაც მიიღება ცოდნის სკალა 0-დან 6-მდე, სადაც 0 ქულა წარმოადგენს არასწორ პასუხს ყველა კითხვაზე, ხოლო 6 წარმოადგენს სწორ პასუხს ყველა კითხვაზე. საერთო ჯამში, კვლევის ორივე ტალღის დროს, რესპონდენტების 1%-ზე ნაკლებმა გასცა სწორად პასუხი ექვსივე კითხვას, 13%-მა კი ყველა კითხვას არასწორად უპასუხა. ინდექსის საერთო ქულა 2017 წელს 2.6-დან 2019 წელს 2.2-მდე დაეცა.

2019 წელს ინდექსის ქულები დაკავშირებულია სქესთან, ასაკთან, ეთნიკურობასთან, დასაქმების სტატუსთან, განათლების დონესთან და ინტერნეტის მოხმარებასთან. დამატებითი ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ უვიზო რეჟიმის პირობებში აუცილებელი საბუთების შესახებ ცოდნის მხრივ მნიშვნელოვნად არ განსხვავდებიან თბილისის, სხვა ქალაქებისა და სოფლების მაცხოვრებლები. ახალგაზრდებმა, მამაკაცებმა, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებმა, ეთნიკურად ქართველებმა, დასაქმებულებმა და მათ, ვინც რეგულარულად იყენებენ ინტერნეტს, ზოგადად უფრო კარგად იციან შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეგულაციების შესახებ. გაცილებით დიდი განსხვავებაა ეთნიკურ უმცირესობებსა და ეთნიკურ ქართველებს შორის. ეთნიკური უმცირესობების ცოდნის დონის ინდექსი ერთი ქულით ნაკლებია, ვიდრე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის.

ეს ტენდენცია ეთნიკურ უმცირესობებთან ყველა კითხვის შემთხვევაში იკვეთება, გარდა სამოგზაურო დაზღვევის შესახებ კითხვისა. მაგალითად, ეთნიკურ უმცირესობათა მხოლოდ 56%-მა იცოდა ბიომეტრული პასპორტის ქონის საჭიროების შესახებ შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობის დროს მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 81%-ია ეთნიკურად ქართველ რესპონდენტებში. ანალოგიურად, დიდი განსხვავებებია ქართველ და უმცირესობის წარმომადგენელ რესპონდენტებს შორის კითხვებზე, რომლებიც შენგენის ზონის ქვეყნებში მუშაობის უფლებას და ხარჯების დასაფარად საჭირო თანხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ქონას ეხება. ეს მაჩვენებლები 17 და 14 პროცენტით ნაკლებია ეთნიკურად არაქართველრესპონდენტებში, ეთნიკურად ქართველ რესპონდენტებთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ზოგადად ნაკლები იციან უვიზო მიმოსვლის რეგულაციების შესახებ, ცოდნის დონის საერთო მაჩვენებლის ვარდნა ეთნიკურად ქართველ რესპონდენტებში ცოდნის დონის ვარდნითაა გამოწვეული. 2017-დან და 2019 წლამდე ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფებში უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების შესახებ ცოდნის ზრდა დაფიქსირდა. თუმცა, ეთნიკურად ქართველი რესპონდენტების სწორი პასუხები შემცირდა ექვსიდან სამ აუცილებელ დოკუმენტამდე, რაც შენგენის ქვეყნებში მოგზაურობისთვისაა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, ეთნიკურ უმცირესობებში ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან შედარებით ცოდნის დონე უფრო დაბალია, მათი ცოდნის მაჩვენებელი კვლევის ტალღებს შორის გარკვეული პარამეტრებით გაიზარდა. ამის საპირისპიროდ, უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ ინფორმირებულობა შემცირდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობაში.

არსებული მონაცემებით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რატომ ჰქონდათ ეთნიკურად ქართველ რესპონდენტებს უმცირესობებთან შედარებით ცოდნის უფრო მაღალი საბაზისო (2017) მაჩვენებელი, ან რამ განაპირობა ამ მაჩვენებლის ცვლილება ორი წლის განმავლობაში. შესაძლებელია, ეს მოდელი შეესაბამებოდეს იმ ჰიპოთეზას, რომ წინა საინფორმაციო კამპანიები უფრო ეფექტური იყო ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების შემთხვევაში, ვიდრე უმცირესობათა ჯგუფებთან და რომ საზოგადოების ცნობიერების დონე შემცირდა, რადგან ეს საკითხი მოწინავე ახალი ამბების სიიდან ამოვარდა.

უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების საკმაოდ დიდ რაოდენობას ევროკავშირში შესვლაზე უარი უთხრეს, რაც ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებსა და სტრესს უკავშირდება. საგულისხმოა, რომ ეთნიკურად ქართველი საზოგადოების ცოდნა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების შესახებ 2017 წლის შემდეგ შემცირდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საჭიროა ახალი საინფორმაციო კამპანიის განხორციელება.

ასევე, რადგანაც მონაცემებმა აჩვენა, რომ ეთნიკურ უმცირესობებში უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების შესახებ ცოდნის დონე გაცილებით ნაკლებია, ახალი საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვისას საჭიროა ამის გათვალისწინება და სასურველია მეტი ძალისხმევა, რომ ეთნიკური უმცირესობების ჯგუფები უფრო კარგად ჩაერთონ პროცესში.

შენიშნვა: ბლოგში მოცემული მონაცემები ხელმისაწვდომია აქ.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები