30 სექტემბერს, CRRC-საქართველომ ფონდთან – „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ერთად, ჩაატარა კვლევის – „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმოამდგენლები და მედია. კვლევის მიზანია ქვეყანაში არსებული საქალაქთაშორისო სატრანსპორტო გადაყვანების სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის შესწავლა, სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციებისა და მოვალეობების გაცნობა, დაინტერესებული მხარეების გამოკვეთა და ამ სფეროს გასაუმჯობესებლად შესაბამისი რეკომენდაციების შეთავაზება. აღნიშნული კვლევა ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.
CRRC-საქართველოსა და ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენლები დამსწრეების წინაშე ორი მოხსენებით წარდგნენ, მათ შორის: 1. საქალაქთაშორისო გადაადგილება საქართველოში: მძღოლების, ავტოსადგურის ადმინისტრაციისა და მგზავრების შეხედულებები; და 2. საქალაქთაშორისო გადაადგილება საქართველოში: ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ანალიზი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა კი, ისაუბრა საქართველოს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ.
შეხვედრაზე გაკეთდა შემდეგი რეკომენდაციები:
- საქალაქთაშორისო მგზავრთა მიმოსვლაში ჩართული ყველა გადამზიდავისთვის სავალდებულო ლიცენზირების დაწესება;
- საქალაქთაშორისო სატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღება;
- მძღოლების პროფესიული სტანდარტების ამაღლების სისტემის დანერგვა;
- ავტოსადგურების ლიცენზირება და ინფრასტრუქტურის სტანდარტის განსაზღვრა;
- ავტოსადგურების ლიცენზირების მოთხოვნებში მგზავრობის მიმართულებების ისეთი გადანაწილება, რომლის დროსაც ქალაქის შიგნით საქალაქთაშორისო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა მინიმუმამდე შემცირდება;
- შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის მიერ გადამზიდავების მონიტორინგის გამარტივება.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, დამსწრეები საქალაქთაშორისო გადაყვანების მოწესრიგების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ინიციატივით გამოვიდნენ, რომლის მიზანი იქნება არსებული საკანონმდებლო ხარვეზების მოგვარების მხარდაჭერა და ავტოსადგურების შესახებ, საკანონმდებლო წინადადებების წამოყენება, რომელთა მიღებაც, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს ამ სფეროში.
ბოლო ათწლეულში გატარებული ცვლილებები უმთავრესად საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სფეროს დერეგულაციით შემოიფარგლა და ძირითადი ყურადღება საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე გაკეთდა, რომლებიც უმთავრესად ქვეყნის გარეთ მგზავრთა გადაყვანის პროცესს არეგულირებს. შედეგად, საგზაო ტრანსპორტით ქვეყნის შიდა გადაყვანები პრაქტიკულად დაურეგულირებელი აღმოჩნდა და მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაყვანაზე ზრუნვა მხოლოდ ბაზარზე არსებული კონკრეტული კომპანიების და ინდივიდუალური მეწარმეების პირად სურვილზე აღმოჩნდა დამოკიდებული. მსგავსი სიტუაცია ქმნის მგზავრთა გადაყვანის სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების საჭიროებას, რომელიც მიმართული იქნება მგზავრთა უსაფრთხოებისა და კომფორტის ზრდაზე, და მოცემულ სფეროში უფრო ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებაზე.
კვლევაში წარმოდგენილი მოსაზრებები ეკუთვნის CRRC-საქართველოსა და ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”, და არ ასახავს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს. კვლევის შუალედური შედეგების ანგარიშის გასაცნობად, მოგვწერეთ: m.sikharulidze@crrccenters.org