მომსახურება

CRRC-საქართველო არის არასამთავრობო, არაკომერციული კვლევითი ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს მონაცემებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ. CRRC-საქართველო სომხეთისა და აზერბაიჯანის ცენტრებთან ერთად ქმნის კვლევითი ცენტრების ქსელს, რომლის მიზანია საზოგადოებრივი მეცნიერებების კვლევებისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზის განვითარება სამხრეთ კავკასიაში.

სამივე ცენტრი დაფუძნდა 2003 წელს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის დაფინანსებით. 2013 წლიდან CRRC-საქართველო და CRRC-სომხეთი საქმიანობას დამოუკიდებელი არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით აგრძელებენ.

CRRC-საქართველოს აქვს მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ათ წელზე მეტი გამოცდილება მკვლევრების, მთავრობების, დონორებისა და კერძო სექტორისათვის საქართველოში და რეგიონში არსებული ტენდენციებისა და მოლოდინების შესახებ. CRRC-საქართველო გთავაზობთ კვლევებს, ანალიზსა და ტრენინგს სანდო მეთოდოლოგიით, რომელიც მოსახლეობის ჯგუფებისა და ქვეყნების შედარების შესაძლებლობას იძლევა.

*პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი – შპს “მონაცემთა დაცვის გუნდი” (ელ.ფოსტა: dptinfo@proton.me; ტელ: 577551193)

კვლევა

CRRC-საქართველოს კვლევის გზამკვლევი

1. შესავალი

1.1. ამ დოკუმენტში წარმოდგენილია კვლევის მეთოდებისა და პროფესიული სტანდარტების მოკლე მიმოხილვა, რომლებსაც ემყარება CRRC–ის კვლევითი საქმიანობა. მისი მიზანია, მოწვეულ მკვლევრებს, დონორებს, კონტრაქტორებს, პარტნიორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გააცნოს, თუ რას და როგორ აკეთებს ორგანიზაცია. CRRC-ის ყველა თანამშრომელი და კონტრაქტორი პასუხისმგებლობას იღებს, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაო შეესაბამება ამ დოკუმენტში აღწერილ სტანდარტებს.

2. CRRC-საქართველოს შესახებ

2.1. CRRC-საქართველო არის არასამთავრობო, არაკომერციული კვლევითი ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს ემპირიულ მონაცემებს ქვეყანაში მიმდინარე სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების შესახებ.

2.2. CRRC–საქართველო ყველა დაინტერესებულ პირს უზრუნველყოფს სპეციალური ლიტერატურით, პროფესიული ტრენინგებით, ჩატარებული კვლევების შედეგებით და მონაცემთა ბაზებით.

2.3. CRRC-საქართველო სომხეთისა და აზერბაიჯანის CRRC-ცენტრებთან ერთად გაერთიანებულია კვლევითი ცენტრების ქსელში, რომელიც საერთო პრინციპებით ხელმძღვანელობს და საერთო მიზნებს ემსახურება.

2.4. CRRC-საქართველოს მიზნებია:

ემპირიულ ფაქტებზე დაყრდნობით გააანალიზოს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები და გამოაქვეყნოს მიღებული შედეგები;
ხელი შეუწყოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში;
დაამკვიდროს საზოგადოებრივი კვლევის პროფესიული სტანდარტები.

2.5. CRRC-საქართველოს მართავს მეურვეთა საბჭო, რომელიც შედგება ქართველი და უცხოელი წევრებისგან.

2.6. CRRC−საქართველოს კვლევით საქმიანობას მეთვალყურეობს საერთაშორისო აკადემიური მრჩეველთა საბჭო, რომელიც შედგება რეგიონის მცოდნე ქართველი და უცხოელი მეცნიერებისგან.

3. ზოგადი პრინციპები

3.1. CRRC-საქართველო მხოლოდ ისეთ კვლევებს ატარებს, რომელთა ხარისხიანად განხორციელების რესურსებიც აქვს და რომელთა შედეგებიც საჯარო ხდება საველე სამუშაოების დასრულებიდან გონივრულ ვადებში.

3.2. CRRC-საქართველო თავის ყველა კვლევაში იცავს საზოგადოებრივი კვლევის ეთიკურ სტანდარტებს (მაგ., AAPOR-ის კოდექსს).

3.3. CRRC-საქართველოს მიაჩნია, რომ კვლევის მეთოდებისა და მიგნებების შესახებ დებატები და მათი კონსტრუქციული კრიტიკა საზოგადოებრივი კვლევების განუყოფელი ნაწილია.

3.4. CRRC-საქართველოს კვლევითი საქმიანობა არაპარტიულია: მისი მიზანი არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოლიტიკოსის ან საჯარო მოხელის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ გამოსვლა.

4. რაოდენობრივი კვლევა

4.1. მასობრივი გამოკითხვის ტიპები

4.1.1. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, CRRC-საქართველო იყენებს მასობრივი გამოკითხვის რამდენიმე ტიპს:

ერთჯერადი გამოკითხვა – ასეთი გამოკითხვა გვაძლევს ინფორმაციას საკვლევი თემის შესახებ გამოკითხვის პერიოდში.
განმეორებითი გამოკითხვა – ერთი და იგივე გამოკითხვა მეორდება გარკვეული პერიოდულობით, თუმცა ყოველი „ტალღისთვის“ რესპონდენტები თავიდან შეირჩევიან. ასეთი გამოკითხვის მიზანია სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ტენდენციების დადგენა.
პანელური გამოკითხვა – ერთი და იგივე გამოკითხვა მეორდება გარკვეული პერიოდულობით და ყოველ „ტალღაში“ ერთი და იგივე რესპონდენტები გამოიკითხებიან. ასეთი გამოკითხვის მიზანია ცვლილებების დადგენა ინდივიდუალურ დონეზე.
ექსპერიმენტული გამოკითხვა – ასეთი გამოკითხვის დროს გამოიყოფა საკონტროლო და ექსპერიმენტული ჯგუფები და ხდება ამ ორი ჯგუფის შედეგების შედარება.

4.1.2. მასობრივი გამოკითხვის ინტერვიუები ტარდება პირისპირ, თვითადმინისტრირებადი კითხვარების მეშვეობით, ტელეფონით ან ინტერნეტით:

  • პირისპირი ინტერვიუს დროს ინტერვიუერი ავსებს კითხვარს რესპონდენტთან საუბრისას, როგორც წესი – რესპონდენტის საცხოვრებელ ადგილას. ინტერვიუს პროცესში რესპონდენტს არ აქვს შეხება კითხვართან. პირისპირი ინტერვიუ დაბეჭდილი კითხვარების (PAPI) ან კომპიუტერის (CAPI) მეშვეობით ტარდება.
  • კომპიუტერული პირისპირი გამოკითხვის დროს ინტერვიუერს მიღებული პასუხები პლანშეტურ კომპიუტერებში ჩატვირთულ სპეციალურ ელექტრონულ ფორმაში შეჰყავს. ინტერვიუს დასრულებისთანავე შეგროვებული მონაცემები მობილური ინტერნეტის მეშვეობით სერვერზე იგზავნება. დაბეჭდილი კითხვარების მეშვეობით. ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით კომპიუტერული გამოკითხვის უპირატესობებია საველე სამუშაოების სისწრაფე და ნაკლები ხარჯი.
  • კომპიუტერული პირისპირი გამოკითხვებისთვის CRRC–საქართველო იყენებს ანდროიდის საოპერაციო სისტემაზე მომუშავე პლანშეტურ კომპიუტერებს და ღია კოდის მქონე პროგრამას – ODK Collect. კომპიუტერული გამოკითხვისას ავტომატურად აღინიშნება ინტერვიუს ჩატარების დრო და ხანგრძლივობა, დაპროგრამებულია კითხვარში არსებული გადასვლები, ასევე შესაძლებელია გეოგრაფიული ინფორმაციის მოპოვება ინტეგრირებული GPS-მოწყობილობის მეშვეობით.
  • თვითადმინისტრირებადი კითხვარების მეშვეობით ჩატარებული გამოკითხვის დროს რესპონდენტი თავად ავსებს კითხვარს ინტერვიუერის თანდასწრებით ან მის გარეშე (მაგალითად, ინტერნეტით). ისევე როგორც პირისპირი გამოკითხვა, ასეთი გამოკითხვაც შესაძლებელია ჩატარდეს დაბეჭდილი კითხვარების (PAPI) ან კომპიუტერის (CAPI) მეშვეობით.
  • ონლაინ გამოკითხვის დროს, როგორც წესი, სპეციფიკური სოციალური ჯგუფების წარმომადგენელთა მოსაზრებები შეისწავლება. რესპონდენტები ავსებენ ონლაინ ფორმებს, რომლებიც სპეციალური კომპიუტერული პროგრამების (Google forms, Surveymonkey, Limesurvey და სხვა) მეშვეობითაა მომზადებული.
  • კომპიუტერული სატელეფონო გამოკითხვა (CATI) ინფორმაციის შეგროვების ყველაზე სწრაფი საშუალებაა. მისი ადმინისტრირება ხდება CRRC-საქართველოს ოფისიდან. ინტერვიუერები აფიქსირებენ რესპონდენტების პასუხებს სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში.

4.2. კითხვარი

4.2.1. კითხვარზე მუშაობის პროცესში CRRC–საქართველო უზრუნველყოფს, რომ დასმული კითხვების მეშვეობით მიღებულ იქნეს სანდო ინფორმაცია შესასწავლი საკითხების შესახებ. კითხვარის შემუშავების დროს ის მჭიდროდ თანამშრომლობს დაინტერესებულ პირებთან.

4.2.2. CRRC-საქართველო თავის კითხვარებში იყენებს როგორც საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ კითხვებს, ასევე ახალ კითხვებს, რომლებსაც თავად შეიმუშავებს.

4.2.3. დიდი ყურადღება ექცევა როგორც თითოეული კითხვის ფორმულირებას, ისე მათ თანმიმდევრობას.

4.2.4. ყველა კითხვას თან ახლავს საჭირო ინსტრუქციები (მაგალითად, რამდენი პასუხის მიღებაა დასაშვები, უნდა წაიკითხოს თუ არა ინტერვიუერმა პასუხის ვარიანტები და სხვა).

4.2.5. საჭიროების შემთხვევაში, კითხვას თან ახლავს შესაბამისი ბარათი, რომელსაც ინტერვიუერი რესპონდენტს აჩვენებს. ბარათზე ჩამოთვლილია პასუხის ვარიანტები.

4.2.6. მონაცემების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია, პირისპირი ინტერვიუს ხანგრძლივობა არ აღემატებოდეს 50 წუთს, ხოლო სატელეფონო ინტერვიუს ხანგრძლივობა – 15 წუთს. ამიტომ კითხვების რაოდენობა შეზღუდულია.

4.2.7. საველე სამუშაოების დაწყებამდე ტარდება საპილოტე გამოკითხვა, რომლის შედეგადაც ვლინდება და სწორდება კითხვარის ხარვეზები. საპილოტე გამოკითხვის დროს ტარდება 30-დან 50-მდე საცდელი ინტერვიუ.

4.3. შერჩევა

4.3.1. CRRC-საქართველო რაოდენობრივ კვლევებში ძირითადად ალბათური შერჩევის პრინციპით ხელმძღვანელობს. თუმცა, კვლევის ამოცანებიდან გამომდინარე, ზოგჯერ იყენებს არაალბათურ პრინციპს, მაგალითად, „თოვლის გუნდის“ მეთოდს.

4.3.2. შერჩევის ჩარჩოდ, უმეტეს შემთხვევაში, გამოიყენება ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო უბნების სია, რომელიც მოიცავს თითოეულ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას და საარჩევნო უბნის საზღვრებს. შერჩევის ჩარჩოში არ შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, სპეციალური საარჩევნო უბნები და მიუვალი დასახლებები.

4.3.3. მოსახლეობის გამოკითხვის მიზნით, CRRC–საქართველო, როგორც წესი, სტრატიფიცირებულ მრავალსაფეხურიან კლასტერულ შერჩევას იყენებს. სამიზნე მოსახლეობა რამდენიმე სტრატად იყოფა – მაგალითად, ქალაქების და სოფლების მოსახლეობა; დასაქმებული და დაუსაქმებელი მოსახლეობა და სხვა. თითოეული სტრატისთვის გამოითვლება შერჩევის ზომა, რომელიც არგამოპასუხების მოსალოდნელ რაოდენობას ითვალისწინებს. მაგალითად, თუ საჭიროა 1000 დასრულებული ინტერვიუს ჩატარება და მოსალოდნელი გამოპასუხება 80%-ია, შერჩევის ზომა (დაგეგმილი კონტაქტების რაოდენობა) 1250 იქნება.

4.3.4. პირველადი შერჩევის ერთეულები საარჩევნო უბნებია, რომლებიც თითოეულ სტრატაში შემთხვევითი წესით, მათი ზომის პროპორციული ალბათობით შეირჩევა. საარჩევნო უბნის ზომა ამ საარჩევნო უბანში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობით განისაზღვრება.

4.3.5. შინამეურნეობები თითოეულ საარჩევნო უბანში ალბათური პრინციპის დაცვით, სამარშრუტო შერჩევით შეირჩევა. შესაბამის ინსტრუქციებთან ერთად, ინტერვიუერებს გადაეცემათ ყოველ საარჩევნო უბანში შესარჩევი შინამეურნეობების რაოდენობა და საწყისი წერტილის მისამართი.

4.3.6. შინამეურნეობაში რესპონდენტის შერჩევაც ალბათურ პრინციპს ეფუძნება. ამისთვის გამოიყენება ლესლი კიშის მიერ შემუშავებული რესპონდენტის ობიექტური შერჩევის მეთოდი, „ბოლო დაბადების დღის“ მეთოდი და სხვა.

4.3.7. შერჩევის ასეთი დიზაინი გამოკითხვის შედეგების განზოგადების საშუალებას იძლევა როგორც მთლიან მოსახლეობაზე, ისე თითოეულ სტრატაზე. უბნები, სადაც ხმას აძლევენ საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ქვედანაყოფები, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები, წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები და მოხუცთა თავშესაფრების მცხოვრებლები. შინამეურნება აერთიანებს ოჯახის წევრებს, რომლებიც ერთ საცხოვრისში ცხოვრობენ დროის უმეტესი ნაწილი და აქვთ საზიარო შემოსავალი და ხარჯები.

4.4. საველე სამუშაოები

4.4.1. ქვეყნის ყველა რეგიონში, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, CRRC-საქართველოს ჰყავს თავისი წარმომადგენელი – საველე სამუშაოების ზედამხედველი, რომელიც ხელმძღვანელობს ინტერვიუერების ქსელს და აკონტროლებს მოცემულ რეგიონში საველე სამუშაოების მიმდინარეობას.

4.4.2. საველე სამუშაოების დაწყებამდე ყველა ზედამხედველი და ინტერვიუერი გადის ინტენსიურ ტრენინგს შინამეურნეობისა და რესპონდენტის შერჩევის, აგრეთვე ინტერვიუს ჩატარების წესების შესახებ.

4.4.3. საველე სამუშაოების მიმდინარეობა ორ დონეზე მოწმდება − ზედამხედველებისა და საველე სამუშაოების მსვლელობაზე პასუხისმგებელი CRRC–საქართველოს თანამშრომლების მიერ.

4.4.4. ზედამხედველების მიერ შევსებული კითხვარების ჩაბარება და შემოწმება რამდენიმე ეტაპად ხდება. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, ინტერვიუერები დამატებით ტრენინგს გადიან და ხელახლა ატარებენ ინტერვიუს.

4.4.5. ზედამხედველები ავსებენ საველე სამუშაოების ანგარიშის ფორმას, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი საველე სამუშაოების პროცესი და ნებისმიერი მოვლენა, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა რესპონდენტების პასუხებზე.

4.4.6. საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ინტერვიუერების და ზედამხედველების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლის მიზნით მოწმდება ჩატარებული ინტერვიუების 5−10%. კვლევის სტანდარტების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩატარებული ინტერვიუები უქმდება და ახალი ინტერვიუები ტარდება.

4.5. მონაცემთა ბაზები

4.5.1. CRRC−საქართველო დაბეჭდილი კითხვარებით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მონაცემთა ბაზაში შეყვანისთვის იყენებს სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამას − CSPro4. ამ პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია ხარისხის კონტროლი და მონაცემთა ბაზის ექსპორტი სხვადასხვა სტატისტიკური პროგრამის შესაბამის ფორმატში.

4.5.2. მონაცემთა შეყვანის ოპერატორებად გამოცდილი და სპეციალურად მომზადებული პირები მუშაობენ, ხოლო პროცესს მონაცემთა შეყვანის ზედამხედველი ხელმძღვანელობს.

4.5.3. დაბეჭდილი კითხვარებით ჩატარებული გამოკითხვის მონაცემთა ბაზის შედგენის პროცესი შემდეგი საფეხურებისგან შედგება:

შეყვანის ფორმის მომზადება − ამ ეტაპზე CSPro-ს მეშვეობით მზადდება მონაცემთა ლექსიკონი (Data dictionary), რომელშიც განისაზღვრება ცვლადების სახელები, მათი სიგრძე, ტიპი, დასაშვები მნიშვნელობები და სხვა მახასიათებლები. ლექსიკონის შედგენის შემდეგ მზადდება შეყვანის ფორმა, რომელშიც პროგრამულადაა მითითებული გადასვლები. შეყვანის ფორმა ზუსტად შეესაბამება კითხვარს.

შეყვანის ფორმის ტესტირება − ამ დროს მოწმდება ფორმისა და კითხვარის შესაბამისობა, ვლინდება და სწორდება ხარვეზები.

ოპერატორების ტრენინგი − შეყვანის ფორმის მომზადებისა და ტესტირების შემდეგ ოპერატორებს უტარდებათ ტრენინგი, თუ როგორ გამოიყენონ პროგრამა, რა ემთხვევაში მიმართონ ზედამხედველს და რომელ კითხვებს მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება. ტრენინგის დროს ოპერატორებს სავარჯიშოდ შეყავთ რამდენიმე კითხვარი.

მონაცემთა ორმაგი შეყვანა − მონაცემთა ბაზის მაღალი ხარისხის მისაღწევად თითოეული კითხვარი ორ ოპერატორს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეჰყავს ბაზაში („ორმაგი ბრმა შეყვანა“). მონაცემთა შეყვანა მიმდინარეობს სპეციალურად მოწყობილ კომპიუტერულ ლაბორატორიაში, რომლის კომპიუტერებიც ქსელშია გაერთიანებული. სამუშაოს უკეთესი ადმინისტრირების მიზნით, მონაცემები გროვდება სერვერულ კომპიუტერზე, საიდანაც შეყვანის ზედამხედველს შეუძლია პერიოდულად შეამოწმოს ნამუშევარი და შეაფასოს პროცესის მიმდინარეობა.

მონაცემთა შედარება და ნედლი ბაზის მომზადება − მონაცემთა შეყვანის პროცესში ხდება ორი ოპერატორის მიერ დამოუკიდებლად შეყვანილი მონაცემების შედარება. ყველა განსხვავება შევსებული კითხვარების მიხედვით სწორდება. ზემოთ აღწერილი პროცედურა უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზის სრულ შესაბამისობას შევსებულ კითხვარებთან.

4.5.4. კომპიუტერული პირისპირი გამოკითხვის დროს XML-ის სტანდარტზე დაფუძნებული ფორმა Microsoft Excel-ში მუშავდება და შემდეგ შესაბამის ფორმატში კონვერტირდება. მომზადებული ფორმა იტვირთება Google-ის სპეციალურ სერვერზე (Google App Engine), რომელიც მონაცემებისა და ფორმების შესანახად გამოიყენება.

4.5.5. როგორც დაბეჭდილი კითხვარების, ისე კომპიუტერებით ჩატარებული გამოკითხვის შემთხვევაში შევსებულ კითხვარებზე ხელი მიუწვდება მხოლოდ უფლებამოსილი მკვლევრების მცირე ჯგუფს. პროცესში სრულადაა უზრუნველყოფილი რესპონდენტების ანონიმურობა.

4.6. მონაცემების შეწონვა

4.6.1. რესპონდენტების პასუხების სამიზნე მოსახლეობაზე განზოგადებისთვის აუცილებელია მონაცემების შეწონვა. წონები სამ კომპონენტს ითვალისწინებს:

ალბათური წონა − რადგან მოსახლეობის სხვადასხვა წარმომადგენელს შერჩევაში მოხვედრის სხვადასხვა ალბათობა აქვს, შერჩევაში მოხვედრილი ყოველი რესპონდენტი სხვადასხვა რაოდენობის ადამიანების მოსაზრებებს წარმოადგენს. ამიტომ თითოეულ რესპონდენტს ენიჭება წონითი კოეფიციენტი, რომელიც შერჩევაში მისი მოხვედრის ალბათობის უკუპროპორციულია.
არგამოპასუხების წონა − წონითი კოეფიციენტები გამოპასუხების დონის გათვალისწინებით კორექტირდება. მაგალითად, თუ გამოპასუხება 80% იყო, თითოეული რესპონდენტის წონითი კოეფიციენტი 1.25-ზე მრავლდება.
დემოგრაფიული წონა − წონითი კოეფიციენტები კიდევ ერთხელ კორექტირდება მოსახლეობის დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით იმ პროპორციით, რა პროპორციითაც შესაბამისი დემოგრაფიული ჯგუფები განაწილებულია მოსახლეობაში.

4.7. კონტენტ-ანალიზი

4.7.1. CRRC−საქართველო იყენებს კონტენტ-ანალიზის მეთოდს მასმედიის ტექსტების შინაარსის შესასწავლად − სატელევიზიო გადაცემების მედიამონიტორინგისთვის.

4.7.2. მედიამონიტორინგის მიზანია მასმედიის მიერ ამა თუ იმ საკითხის გაშუქების შესწავლა, აგრეთვე იმის დადგენა, თუ რამდენად შეესაბამება ეს გაშუქება ჟურნალისტურ სტანდარტებს. მედიამონიტორინგი შეიძლება იყოს როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი.

4.7.3. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, შეირჩევა საკვლევი მედიასეგმენტი (ტელევიზია, ბეჭდური მედია, რადიო, ონლაინ მედია), კონკრეტული მედიასაშუალებები, ანალიზის ერთეულები (საინფორმაციო გამოშვება, საავტორო სვეტი, თოქშოუ, რეკლამა და სხვა) და დგინდება დაკვირვების ობიექტები (პოლიტიკური პარტიები, სამინისტროები და სხვა).

4.7.4. მედიამონიტორინგის დროს ითვლება დაკვირვების თითოეული ობიექტისთვის დათმობილი დრო, განისაზღვრება გაშუქების ტონი (დადებითი, უარყოფითი ან ნეიტრალური), აგრეთვე ფასდება გაშუქების შესაბამისობა ჟურნალისტურ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან.

4.8. რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი

4.8.1. CRRC−საქართველო რაოდენობრივ მონაცემებს აანალიზებს ისეთი სტატისტიკური პროგრამებით, როგორებიცაა SPSS, Stata, R და სხვა.

4.8.2. რაოდენობრივი მონაცემების ანალიზის პირველი ნაბიჯია მიღებული შედეგების სიხშირეების შესწავლა. ეს გვაძლევს ინფორმაციას რესპონდენტებისპასუხების განაწილების შესახებ.

4.8.3. რაოდენობრივი მონაცემების ანალიზის შემდეგი ნაბიჯია კროსტაბულაცია, რომლის მეშვეობითაც შევისწავლით განსხვავებებს დემოგრაფიულ ან სხვა ჯგუფებს შორის, მაგალითად − როგორ განსხვავდება ინტერნეტის მოხმარება დასახლებული პუნქტის ტიპის მიხედვით (სოფლებსა და ქალაქებში). ასეთი ანალიზის შესაძლებლობები ძალიან მრავალფეროვანია.

4.8.4. რაოდენობრივი მონაცემების ანალიზის დროს ხშირად ხდება სკალების შემუშავება. მაგალითად, რამდენიმე ცვლადის მეშვეობით იზომება რესპონდენტის ნდობა ძირითადი პოლიტიკური სუბიექტებისადმი, შემდეგ კი ამ ცვლადების საფუძველზე გამოითვლება ნდობის ინდექსი, რომელიც ნდობის სხვადასხვა ასპექტს ითვალისწინებს.

4.8.5. CRRC−საქართველო აკადემიური პროექტებისთვის მონაცემთა ანალიზის უფრო რთულ ტექნიკებს იყენებს, კერძოდ, რეგრესიას, კლასტერულ ანალიზს, ფაქტორულ ანალიზს და სხვა.

5. თვისებრივი კვლევა

5.1. სიღრმისეული ინტერვიუ და ფოკუს-ჯგუფი

5.1.1. CRRC−საქართველო სიღრმისეულ ინტერვიუებს და ფოკუს-ჯგუფებს იმ შემთხვევაში ატარებს, როდესაც კვლევის საგნის შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მოპოვებაა საჭირო. ეს მეთოდები ხშირად გამოიყენება, როგორც მასობრივი გამოკითხვის კითხვარის შემუშავების პირველი საფეხური. მათ ასევე იყენებენ მასობრივი გამოკითხვის შემდეგ არსებული ინფორმაციული დანაკლისის შესავსებად ან/და რაოდენობრივი კვლევის შედეგების ასახსნელად.

5.1.2. სიღრმისეული ინტერვიუს და ფოკუს-ჯგუფის დროს რესპონდენტს საშუალება აქვს, განავრცოს და დაასაბუთოს საკუთარი შეხედულებები. ამიტომ ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება წინააღმდეგობრივი და მგრძნობიარე საკითხების შესასწავლად, როდესაც მნიშნველოვანია რესპონდენტების თვალსაზრისის მაქსიმალურად სრულად შესწავლა. სიღრმისეული ინტერვიუების და ფოკუს-ჯგუფების საფუძველზე მიღებული შედეგები არ განზოგადდება.

5.1.3. სიღრმისეული ინტერვიუები და ფოკუს-ჯგუფები მოქნილ სადისკუსიო გეგმაზე დაყრდნობით ტარდება. მათი ხანგძლივობა საშუალოდ 90 წუთია.

ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა ოპტიმალური რაოდენობაა 8−10 ადამიანი, რომელთაც CRRC–საქართველო კვლევის თემის შესაბამისად არჩევს. ეს მეთოდი ყველაზე ეფექტურია შესასწავლი საკითხის ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებების შესასწავლად. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა დაყოფა სქესის, ასაკის, განათლების, პროფესიისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.

5.1.4. სიღრმისეული ინტერვიუები და ფოკუს-ჯგუფები აუდიო ან ვიდეოფირზე იწერება რესპონდენტების თანხმობით და იშიფრება შემდგომი ანალიზისთვის. დამატებით, რესპონდენტები ავსებენ დემოგრაფიულ ფორმებს, ხოლო ინტერვიუერი/მოდერატორი ინიშნავს ინფორმაციას თავისი შთაბეჭდილებების შესახებ.

5.1.5. რესპონდენტების კონფიდენციალურობა დაცულია და არ ხდება კონკრეტული მოსაზრების ავტორის იდენტიფიცირება.

5.2. ეთნოგრაფიული კვლევა

5.2.1. ეთნოგრაფიული კვლევის დროს CRRC–საქართველოს მკვლევრები აკვირდებიან კვლევის სუბიექტების ყოველდღიურ ცხოვრებას ან საქმიანობას მათთვის ბუნებრივ არემოში. საველე სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება. კვლევის პროცესში მკვლევარი მაქსიმალურადაა ჩართული სუბიექტების საქმიანობაში და შეძლებისდაგვარად იზიარებს მათი ცხოვრების წესს.

5.2.2. დაკვირვების პროცესში მკვლევარი აწარმოებს საველე ჩანაწერებს, რომლებშიც დეტალურად აღწერს მომხდარ მოვლენებს, კვლევის სუბიექტების რეაქციას, შეფასებებსა და მოლოდინებს.

5.2.3. ეთნოგრაფიული კვლევის დროს ტარდება ფორმალური და არაფორმალური ინტერვიუები, მოიპოვება კვლევის თემასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ფოტო-
და ვიდეომასალა.

5.3. თვისებრივი მონაცემების მოწესრიგება

5.3.1. CRRC−საქართველო კვლევაში ჩართული ყველა რესპონდენტის/სუბიექტის სრულ ანონიმურობას უზრუნველყოფს. ინტერვიუების გაშიფვრის დროს ყოველ რესპონდენტს ფსევდონიმი ენიჭება. ამასთანავე, ყველა ინტერვიუდან იშლება ისეთი ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია რესპონდენტის იდენტიფიცირება (მაგალითად, ზუსტი სამუშაო ადგილი, სასწავლებელი და მისი დამთავრების ზუსტი წელი და სხვა).

5.3.2. CRRC−საქართველო ტრანსკრიპტის მომზადების დროს აღნიშნავს ინტერვიუს ჩაწერისას დაფიქსირებულ ყველა დეტალს, მაგალითად, რესპონდენტის ირონიულ ან ცინიკურ მოსაზრებას.

5.4. თვისებრივი მონაცემების ანალიზი

5.4.1. თვისებრივი მონაცემების ანალიზის დროს ხდება შეგროვებული მასალის აღწერა, ახსნა და სისტემატიზაცია.

5.4.2. უმეტეს შემთხვევაში თვისებრივი მონაცემების ანალიზის დროს ხდება აქტუალური თემების გამოყოფა და რესპონდენტისეული ინტერპრეტაციების სისტემატიზაცია. თუმცა, ზოგიერთი თვისებრივი მიდგომა, მაგალითად, დისკურსის ანალიზი და ნარატივის ანალიზი, შეიძლება არ საჭიროებდეს ამას.

5.4.3. თემების გამოყოფის მიზნით ხდება თვისებრივი მონაცემების კოდირება სხვადასხვა თემატურ კატეგორიად. კოდირება ტექსტში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული ნაწილების გამოყოფას და მათთვის შესაბამისი სახელის მინიჭებას გულისხმობს. ეს მკვლევარს საშუალებას აძლევს, ადვილად მოძებნოს და შეაჯამოს ტექსტში გაფანტული ყველა ნაწილი, რომლებიც ერთ თემას შეეხება, დააკვირდეს კანონზომიერებებს და შემთხვევებს შორის მსგავსებასა და განსხვავებას.

5.4.4. CRRC−საქართველო თვისებრივი მონაცემების კოდირებისა და შემდგომი ანალიზისთვის იყენებს თვისებრივი მონაცემების ანალიზის კომპიუტერულ პროგრამას − QSR NVivo. ეს პროგრამა მკვლევარს საშუალებას აძლევს, მოახდინოს დიდი მოცულობის თვისებრივი მონაცემების (ტექსტის, აუდიო- და ვიდეომასალის) ორგანიზება და კოდირება.

6. კვლევის შედეგების გავრცელება

6.1. მონაცემთა ხელმისაწვდომობა

6.1.2. მონაცემთა ბაზებს თან ერთვის შესაბამისი დოკუმენტაცია – კვლევის მეთოდოლოგია, კითხვარი, ბარათები, საველე სამუშაოების ჩატარების ანგარიში, რათა დაინტერესებულ მკვლევარს ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს კვლევის ინსტრუმენტებისა და საველე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

6.1.3. მონაცემთა ბაზების გამოქვეყნებამდე, ყველა ბაზიდან იშლება ისეთი ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია რესპონდენტის იდენტიფიცირება.

6.2. მონაცემთა ონლაინ ანალიზის პროგრამა (ODA)

6.2.1. CRRC−საქართველო კვლევის შედეგების მაქსიმალურად ფართოდ გავრცელების მიზნით იყენებს მონაცემთა ონლაინანალიზის პროგრამას (ODA), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია არსებული მონაცემების მარტივი ანალიზი და ვიზუალიზაცია. ამ სპეციალური პროგრამის გამოყენება ყველას შეუძლია − ის არ მოითხოვს სტატისტიკური ანალიზის პროგრამების ცოდნას.

6.2.2. მონაცემთა ონლაინ ანალიზის პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია გაანალიზდეს CRRC−საქართველოს მიერ ჩატარებული ძირითადი კვლევების მონაცემები, მაგალითად, „კავკასიის ბარომეტრის“ შედეგები როგორც ცალკეული გამოკითხვებისთვის, ისე ისტორიულ ან რეგიონულ (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ჭრილში.

6.2.3. მონაცემთა ონლაინანალიზის პროგრამაში ატვირთულ მონაცემებს თან ერთვის კითხვის ტექსტი და პასუხის ვარიანტები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ინფორმაცია პასუხის ვარიანტების დაჯგუფების შესახებ.

6.2.4. მონაცემთა ონლაინ ანალიზის პროგრამა აღჭურვილია საძიებო სისტემით, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საკვანძო სიტყვის მეშვეობით იპოვოს მისთვის საინტერესო კითხვა.