მართალია, მოხალისეობის ისტორია ევროპაში ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, მაგრამ დასავლური სახელმწიფოების უმრავლესობაში მოხალისეობის განვითარება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოჩენას უკავშირდება, რაც განაპირობა „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ კრიზისმა და მთავრობების უუნარობამ, საზოგადოების მზარდი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. განსხვავებული ვითარება იყო 1990-იან წლებამდე სოციალისტურ სახელმწიფოებში, სადაც მოქალაქეებს ხშირად აიძულებდნენ „მოხალისეობას“ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციებისათვის. ასეთ დროს ხშირი იყო ადამიანის უფლებების ხელყოფის შემთხვევებიც. იმ დროისთვის, ამ ფენომენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო „საზოგადოებრივი სამსახური“, რაც გულისხმობდა საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავებას და ძირითადად, შაბათ დღეს ტარდებოდა (ამ ფენომენს ქართულად შაბათობა ერქვა). სოციალისტურ სახელმწიფოში მცხოვრებთა უმეტესობისთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება სავალდებულო იყო. ამას ძირითადად პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა და აქტიურად გამოიყენებოდა სახელმწიფოს პროპაგანდაში.
ბოლოდროინდელ კვლევებში საუბარია იმაზე, რომ დღეს ზოგიერთ პოსტსოციალისტურ ქვეყანაში საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება მოხალისეობისადმი შაბათობის მსგავსი ღონისძიებებიდან მიღებული გამოცდილების შედეგია (UNV, 2010GHK, 2010ეკიერტი და ფოა, 2011). მეორეს მხრივ, სხვა კვლევები (UNV and UNDP, 2009) ამტკიცებს, რომ შეუძლებელია, განაზოგადო საზოგადოების დამოკიდებულება იძულებითი „მოხალისეობისადმი“ როგორც მაშინ, ისე დღეს.
დღესდღეობით, იძულებითი მოხალისეობისადმი დამოკიდებულება საქართველოში საკმაოდ არაერთგვაროვანია. წინამდებარე პოსტის მიზანია იმის ნახვა, თუ როგორ იცვლება ეს დამოკიდებულება ასაკის, განათლების დონისა და მოხალისეობის წარსული გამოცდილების მიხედვით. ამის ნახვას შევეცდებით CRRC-საქართველოს გამოკითხვის, მოხალისეობა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში (აპრილი, 2014) მიხედვით, რომელიც დაფინანსდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
ზემოხსენებული (UNV and UNDP 2009) კვლევის მიხედვით, თუკი უფროსი თაობების წარმომადგენლებს უფრო დადებითად ახსოვთ სოციალისტური პერიოდის იძულებითი „მოხალისეობრივი“ შრომის პროგრამები, ახალგაზრდა თაობებს ხშირად უჭირთ იმის გაგება, თუ როგორ შეიძლებოდა, ასეთი პროგრამები მისაღები ყოფილიყო. ამის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდებს, უფროსი თაობების წარმომადგენლებთან შედარებით, ასეთი აქტივობების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ექნებათ. რაც უნდა გასაკვირი იყოს, გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები საკმაოდ ერთგვაროვან დამოკიდებულებას ამჟღავნებენ იძულებითი „მოხალისეობრივი“ შრომის მიმართ. საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა, რომელი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელიც უნდა იყოს, ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, ხელისუფლება მოქალაქეებს შაბათობის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას რომ აძალებდეს. თუმცა, უფროსი თაობის წარმომადგენლებთან შედარებით, ამ მოსაზრებას ნაკლები ახალგაზრდა ეთანხმება.
შენიშვნა: კითხვაზე პასუხების გადასაკოდად გამოყენებული იყო 10-ბალიანი შკალა, პასუხის ვარიანტი კითხვისთვის „ საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა შაბათობა,რომლის დროსაც ყველა ერთად ასუფთავებდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. რას ფიქრობთ დღეს საქართველოში მსგავსი ღონისძიებების შესახებ?“ ორიგინალ შკალაზე კოდი „1“ შეესაბამებოდა მოსაზრებას „კიდევ კარგი, ხელისუფლება მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას არ გვაძალებს“, კოდი „10“ კი შეესაბამებოდა მოსაზრებას „საქართველოში უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, ხელისუფლება მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას რომ გვაძალებდეს“. წინამდებარე ბლოგ პოსტისთვის პასუხის ვარიანტები დაჯგუფდა შემდეგნაირად: კოდები 1-4 გაერთიანდა კატეგორიაში „კიდევ კარგი, ხელისუფლება მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას არ გვაძალებს“. კოდები 5-6 გაერთიანდა კატეგორიაში „არც ვეთანხმები და არც არ ვეთანხმები მოცემულ მოსაზრებებს“. კოდები 7-10 გაერთიანდა კატეგორიაში „საქართველოში უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, ხელისუფლება მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას რომ გვაძალებდეს“. პასუხის ვარიანტები „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ ამოღებულია ანალიზიდან.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ზოგიერთ პოსტსოციალისტურ ქვეყანაში (თუმცა არა საქართველოში) ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები მეტად ერთვებიან მოხალისეობრივ საქმიანობაში საშუალო განათლების მქონე ადამიანებთან შედარებით (UNV and UNDP, 2009GHK, 2010). მოსალოდნელია, რომ მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, უნდა აიძულებდეს თუ არა მთავრობა მოქალაქეებს მოხალისეობრივი სამუშაოს შესრულებას, შეიცვლება განათლების დონის შესაბამისად. მართლაც, CRRC-ის გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ საშუალო ტექნიკური და საშუალო განათლების მქონე ინდივიდებთან შედარებით, უმაღლესი განათლების მქონენი ცოტა ნაკლებად იხრებიან იმ მოსაზრებისკენ, რომ უკეთესი იქნებოდა, მთავრობა მოქალაქეებს შაბათობის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას რომ აძალებდეს.
შენიშვნა: კითხვისათვის „რომელიშეესაბამება თქვენს მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალ საფეხურს?“ პასუხის ვარიანტები დაჯგუფდა შემდეგნაირად: ვარიანტები „დაწყებითიგანათლების გარეშე“, „დაწყებითიგანათლება (დასრულებული ან დაუსრულებელი)“, „არასრულისაშუალო განათლება“ და „სრულისაშუალო განათლება“ გაერთიანდა კატეგორიაში„საშუალო ან უფრო დაბალი“; ვარიანტები „არასრულიუმაღლესი განათლება“, „უმაღლესიგანათლება (ბაკალავრის, მაგისტრის ან სპეციალისტის დიპლომი)“ და „სამეცნიეროხარისხი“ – კატეგორიაში„საშუალოზე მაღალი“.
აღსანიშნავია, და საკმაოდ მოულოდნელიც, რომ ისინი, ვისაც წარსულში ჰქონია მოხალისეობის გამოცდილება (მაგალითად, დაურგავს ხე საკუთარი ნაკვეთის გარეთ ან დაუსუფთავებია საჯარო სივრცე), მეტად ემხრობიან მოსაზრებას, რომ საქართველო უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა, მთავრობა მოქალაქეებს შაბათობის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას რომ აძალებდეს, იმათთან შედარებით, ვისაც მოხალისეობის გამოცდილება არ ჰქონია.
შენიშვნა: ამ პოსტისათვის შექმნილია ახალი ცვლადი შემდეგ კითხვებზე დაყრდნობით: „დარგეთ თუ არა ხე საკუთარი ნაკვეთის ფარგლებს გარეთ?“ და „მიიღეთ თუ არა მონაწილეობა საზოგადო ადგილის, მაგალითად, სადარბაზოს, სკოლის ან ეკლესიის ეზოს დასუფთავებაში?“ პასუხი „დიახ“ ცვლადში ნიშნავს მონაწილეობას წინამდებარე აქტივობებიდან ერთ-ერთში მაინც, პასუხი „არა“ ნიშნავს მონაწილეობას არცერთში.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ბლოგპოსტში წარმოდგენილი გამოკითხვის შედეგები საკმაოდ მოულოდნელია. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, მთავრობა მოქალაქეებს მოხალისეობას რომ აძალებდეს და ეს დამოკიდებულება მხოლოდ მცირედ იცვლება ასაკისა და განათლების დონის მიხედვით. ალბათ ყველაზე მოულოდნელი არის ის, რომ ადამიანები რომელთაც წარსულში ჰქონიათ მოხალისეობის გამოცდილება, ცოტათი მეტად ემხრობიან ამ მოსაზრებას მათთან შედარებით, ვისაც ასეთი გამოცდილება არ ჰქონია და კორელაციაც აჩვენებს, რომ ეს კავშირი სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, თუმცა შედარებით სუსტი.
მეტი ინფორმაციისათვის მოხალისეობაზე სამხრეთ კავკასიაში შეგიძლიათ, იხილოთ პოსტები რა ვიცით მოხალისეობის შესახებ საქართველოში,მოხალისეობა სამხრეთ კავკასიაში და თემის მხარდაჭერა და მოხალისეობა სამხრეთ კავკასიაში. გამოკითხვაზე – მოხალისეობა და სამოქალაქო ჩართულობა საქართველოში – მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ მონაცემთა ონლაინ ანალიზის სისტემას ან გაეცანით კვლევის ანგარიშს მოხალისეობასა და სამოქალაქო ჩართულობაზე.