სამოქალაქო საზოგადოების სფეროს წარმომადგენელთა ბლოგი 1 | ქალების უხილავი შრომა ქმრების მიგრაციის პირობებში: ავარელი ქალების გამოცდილება

სამოქალაქო საზოგადოების სფეროს წარმომადგენელთა ბლოგი 1 | ქალების უხილავი შრომა ქმრების მიგრაციის პირობებში: ავარელი ქალების გამოცდილება

ავტორი: ანა პაჭიკაშვილი, ორგანიზაცია „საქართველოს უდიები“

კაცების შრომითი ემიგრაცია გლობალურად და საქართველოშიც ხშირად ეკონომიკური სარგებლის ჭრილში განიხილება, თუმცა, ნაკლებად ჩანს ის სოციალური ფასი, რომელსაც ამ პროცესში ქალები იხდიან. განსაკუთრებით ეთნიკურად განსხვავებულ და სოფლად მცხოვრებ თემებში ქალების შრომა, ქმრების ემიგრაციის პირობებში, ხშირად, უხილავი რჩება. ეს ბლოგი აღწერს, თუ როგორ იცვლება ავარელი ქალების ცხოვრება ქმრების ემიგრაციის შედეგად.

ორმაგი ტვირთი

ქმრების ემიგრაციის შემდეგ ავარელ ქალებზე გადადის როგორც აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომა (ბავშვებისა და მოხუცების მოვლა, საოჯახო საქმეები), ისე ანაზღაურებადი ფიზიკური შრომა – სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, საქონლის მოვლა, პროდუქციის დამუშავება და რეალიზაცია, სეზონური დღიური სამუშაოები. ავარელი ქალები ხშირად 12–16 საათს მუშაობენ დღეში, რადგან ქმრების მიერ გამოგზავნილი თანხა ოჯახის საჭიროებებს სრულად ვერ ფარავს.

ეკონომიკური პასუხისმგებლობა და შეზღუდული ავტონომია

ქმრების ემიგრაციის შემდეგ ქალები საკუთარ თავზე იღებენ ფინანსების მართვას, ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვასა და ბაზარზე პროდუქციის გაყიდვას – საქმიანობას, რომელიც ტრადიციულად მათ თემში „კაცის როლად“ მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში მათი ავტონომია იზრდება, კვლევა აჩვენებს, რომ პატრიარქალური კონტროლის, თვითშეზღუდვისა და თვითცენზურის ნიშნები კვლავ ძლიერია – ქალები თავს კვლავ ვალდებულად თვლიან ფინანსური გადაწყვეტილებები ქმარს შეუთანხმონ.

უხილავი შრომის ემოციური ფასი

ფიზიკურ და ეკონომიკურ დატვირთვასთან ერთად, მაღალია ემოციური წნეხიც – განსაკუთრებით ახალგაზრდა დედებში. მუნიციპალიტეტში პრაქტიკულად არ არსებობს ბავშვზე ზრუნვის სერვისები, ხოლო პრობლემების გაზიარება ისევ თემის შიგნით ხდება.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქალების პირადი სურვილები და ოცნებები ხშირად დათრგუნულია კულტურულ-ტრადიციული ნორმებით. ავარელ ქალებს უჭირთ პირად მიზნებსა და ინტერესებზე საუბარი და მაშინაც კი, როდესაც ისინი არსებობს, კულტურულ-ტრადიციული ნორმები და თემის მოლოდინები მათ განხორციელებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. ავარელი ქალების ცხოვრება სრულად არის ორიენტირებული ოჯახის გადარჩენასა და სხვებზე ზრუნვაზე, რის შედეგადაც საკუთარი განვითარების, დასვენების ან თვითრეალიზაციის შესაძლებლობები უკანა პლანზე ინაცვლებს.

ავარელი ქალების გამოცდილება ცხადჰყოფს, რომ ქმრების ემიგრაციის პირობებში ისინი ასრულებენ ორმაგ შრომას, რაც მათი ოჯახისა და თემის მდგრადობის საფუძველია, თუმცა, კვლავ უხილავი რჩება პოლიტიკისა და ინსტიტუციური მხარდაჭერის დონეზე.

კვლევის შესახებ

აღნიშნული კვლევა გახორციელდა CRRC-საქართველოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების კვლევის უნარების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. კვლევა ჩაატარა ორგანიზაციის „საქართველოს უდიები“ წარმომადგენელმა ანა პაჭიკაშვილმა 2025 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში. სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ ეთნიკურად ავარულ სოფელში მცხოვრებ 10 სხვადასხვა ასაკის, სოციალური მდგომარეობის მქონე ქალთან, რომელთა ქმრები 1 წელზე მეტია ემიგრაციაში იმყოფებიან.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ მის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ან CRRC-საქართველოს ოფიციალურ პოზიციას.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები