სამოქალაქო საზოგადოების სფეროს წარმომადგენელთა ბლოგი 7 | რა ღირს აქტივიზმი დღეს საქართველოში: ქალი აქტივისტების ყოველდღიური ბრძოლა
ავტორი: გვანცა მიქაუტაძე და თამარ ჭუმბურიძე, ორგანიზაცია „ქალები ცვლილებებისთვის“
„დღეს რას მომიფიქრებენ?“ – ამ კითხვით იწყება არაერთი ქართველი ქალი აქტივისტის დილა. ეს აღარ არის მხოლოდ შიში კონკრეტული თავდასხმის ან შეურაცხყოფის გამო; ეს არის მუდმივი მოლოდინი იმისა, რომ ზეწოლის ახალი ფორმა ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდეს. ბოლო წლებში საქართველოში შექმნილმა პოლიტიკურმა გარემომ ქალი უფლებადამცველები და აქტივისტები განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დააყენა.
2023 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა, სამოქალაქო საზოგადოება მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე გახდა. მიუხედავად რეპრესიებისა, პროტესტი არ შეჩერებულა – უკვე ერთ წელზე მეტია მოქალაქეები რუსთაველზე და მის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა ფორმით, აპროტესტებენ ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ რეალობას. ამ უწყვეტ პროცესში ქალი აქტივისტები ერთ-ერთ ყველაზე ხილულ, თუმცა, დაუცველ ჯგუფად იქცნენ.
„აგენტობის“ სტიგმა – ახალი იარაღი ქალების წინააღმდეგ
2025 წელს ჩატარებული კვლევა „უფლებადამცველი და აქტივისტი ქალების გამოწვევები საქართველოში“ ცხადყოფს, რომ დღეს ქალებზე ზეწოლის მთავარი ფორმა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სექსისტური თავდასხმებით. წამყვან იარაღად იქცა ე.წ. „აგენტობის“ სტიგმა – იარლიყი, რომელიც ერთდროულად ლახავს ქალების რეპუტაციას და მათ საზოგადოებისთვის საფრთხედ წარმოაჩენს.
როგორც რესპონდენტები აღწერენ, „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ ქუჩაში უცნობები მათ ხმამაღლა მიმართავენ: „აგენტი ხარ“, „უცხოეთიდან ფულს იღებ“, „სახელმწიფოს მტერი ხარ“. ერთ-ერთი აქტივისტი ამბობს: „უსიამოვნოა, როცა ადამიანს სძულხარ ცრუ წარმოდგენების გამო… არწმუნებენ, რომ მილიონერი ხარ და უცხოეთიდან გერიცხება თანხები.“
სტიგმა აქტიურად გამოიყენება ონლაინ სივრცეშიც, სადაც ტროლები და ბოტები ქალებს არა მხოლოდ „აგენტებად“ მოიხსენიებენ, არამედ შეურაცხყოფას აყენებენ მათ გარეგნობას, „ქალობასა“ და „დედობას“. რეგიონში მცხოვრები ერთ-ერთი აქტივისტი იხსენებს:
„სოციალურ ქსელებში ჩემს სურათს დაატარებდენ და წერდნენ – ‘ბიჭია თუ გოგო?’. ამას ახლა ირონიით ვუყურებ, მაგრამ როცა პირველად მოხდა, ძალიან მტკივნეული იყო“.
როცა ზეწოლა ოჯახშიც აღწევს
კვლევა ცხადყოფს, რომ ზეწოლა ხშირად სცდება თავად აქტივისტებს და მათ ოჯახებსაც ეხება. ოჯახის წევრებს ემუქრებიან, აშინებენ და პროფესიულ პრობლემებს უქმნიან. ერთ-ერთი რესპონდენტი იხსენებს, რომ მისი მშობლის მიმართ სახელმწიფო სამსახურში მტრული დამოკიდებულება იყო მხოლოდ იმის გამო, რომ შვილი საჯაროდ გამოხატავდა კრიტიკულ პოზიციას ახალი კანონების მიმართ.
აქტივიზმის ფასი ქალებისთვის
მუდმივმა მუქარამ, ონლაინ ბულინგმა და დაუცველობის განცდამ, რომელიც ქალი აქტივისტების ბოლოდროინდელ რეალობას აღწერს, მძიმე კვალი დატოვა მათ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. კვლევის მიხედვით, ისინი განიცდიან მუდმივ შფოთვას, უძილობას, ენერგიის ნაკლებობას და სტრესთან დაკავშირებულ სხვა სიმპტომებს. ერთ-ერთი ქალი თავის გამოცდილებას ასე აღწერს: „ღამე ვერ ვიძინებ, მახსენდება ქუჩის სურათები, ხმაური, პოლიციის ფორმები. თითქოს ისევ იქ ვარ.“
ამ მდგომარეობას ამძაფრებს ისიც, რომ ძალადობის, მუქარისა და ონლაინ ბულინგის შემთხვევები უმეტესად გამოუძიებელი რჩება, რაც ქალებში მუდმივი საფრთხისა და დაუცველობის განცდას აძლიერებს.
მარტოობა და სოციალური იზოლაცია
აქტივიზმი ქალებს ხშირად სოციალური კავშირების დაკარგვად უჯდებათ. პოლიტიკური პოზიცია და განსხვავებული იდეოლოგია ოჯახურ და მეგობრულ ურთიერთობებში დაძაბულობას იწვევს. ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს: „ახლობელი ადამიანების 70% დავკარგე ჩემი პოლიტიკური პოზიციის გამო, ოჯახი მეწინააღმდეგებოდა…“
ეს გამოცდილებები აჩენს მარტოობისა და დანაშაულის განცდას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს აქტივისტი ქალების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.
სიმტკიცე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა
მიუხედავად ყველაფრისა, კვლევამ აჩვენა ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამ: არც ერთი ქალი, რომელთანაც ინტერვიუ ჩატარდა საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებს. მათთვის აქტივიზმი თავისუფლებისთვის ბრძოლის ფორმაა, ხოლო კოლექტიური პროტესტი — ფსიქოლოგიური მდგრადობის წყარო.
როგორც ერთ-ერთი აქტივისტი ამბობს: „თავიდან შიში მქონდა, ახლა კი სიმტკიცე. პროტესტმა გამაძლიერა. ეს ჩემი შინაგანი სტაბილურობის წყარო გახდა.“
ქალი აქტივისტების გამოცდილებები გვახსენებს, რომ მათი ხმა და უსაფრთხოება მხოლოდ მათი პირადი საქმე არ არის. მათი სიმტკიცე დემოკრატიული პროცესების მდგრადობის წინაპირობაა. მათი ხმა არა მხოლოდ ქალების უფლებებს, არამედ მთელი საზოგადოების მომავალს იცავს. მათი უსაფრთხოება კი ჩვენი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საზომია.
კვლევის შესახებ
აღნიშნული კვლევა ჩატარდა CRRC-საქართველოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების კვლევის უნარების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. კვლევა ორგანიზაციის „ქალები ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა გვანცა მიქაუტაძემ და თამარ ჭუმბურიძემ 2025 წლის აგვისტოში ჩაატარეს. კვლევა მოიცავს სიღრმისეულ ინტერვიუებს თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ 14 აქტივისტ ქალთან.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ მის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ან CRRC-საქართველოს ოფიციალურ პოზიციას.






