სამოქალაქო საზოგადოების სფეროს წარმომადგენელთა ბლოგი 6 | ქალ უფლებადამცველებზე ზეწოლის შემთხვევები საქართველოში
ავტორი: ნათია გამხიტაშვილი, ორგანიზაცია „დაქალი“
ბლოგი ეფუძნება 2025 წლის კვლევას „უფლებადამცველი და აქტივისტი ქალების გამოწვევები საქართველოში“ და მიმოიხილავს ქალ უფლებადამცველებზე ზეწოლის სხვადასხვა ფორმებს 2023 წლის თებერვლიდან („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებიდან) 2025 წლის სექტემბრამდე. კვლევა აჩვენებს, რომ ორგანიზაციების დასუსტების და სამოქალაქო სივრციდან განდევნის გარდა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, ქალ უფლებადამცველებს უწევთ ინდივიდუალურ ზეწოლასთან გამკლავებაც.
ზეწოლა, სტიგმა და მუქარა
სიღრმისეული ინტერვიუების დროს, ქალი უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტიის წევრების, ხელისუფლების მომხრე მედიისა და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტების მხრიდან ონლაინ და მედია სივრცეებში უფლებადამცველების წინააღმდეგ აქტიურად მიმდინარეობს პროპაგანდისტული კამპანიები. მათი მეშვეობით მმართველმა პარტიამ საზოგადოებაში ეფექტურად დაამკვიდრა „აგენტის“ სტიგმა, რის შედეგადაც უფლებადამცველების მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარები ისმის როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში.
გარდა „აგენტის“ სტიგმისა, ონლაინ სივრცეში ხშირად ვხვდებით პირად შეურაცხყოფას გენდერული ნიშნით, როდესაც კომენტარები მიმართულია გარეგნობასა და სხეულის ნაწილებზე. ასეთი თავდასხმები განსაკუთრებით მძაფრია არაბინარული და არაჰეტერონორმატიული უფლებადამცველების წინააღმდეგ.
ინტერვიუების დროს ზოგმა ქალ უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები მათ დაემუქრნენ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორებით. მიუხედავად ამისა, კვლევაში მონაწილე უფლებადამცველებს, ჟურნალისტების გამოკლებით, უშუალო ფიზიკური თავდასხმის გამოცდილება არ ჰქონიათ. თუმცა, გარკვეულ პერიოდში მათ მიმართ განხორციელდა მტრული ქმედებები: დაზიანდა და მტრული, ზიზღის გამაღვივებელი შინაარსის წარწერებით, ფოტოებითა და პლაკატებით დაიფარა როგორც ოფისები, ისე თავად უფლებადამცველებისა და მათი ოჯახის წევრების უძრავი და მოძრავი ქონება.
რაც შეეხებათ ჟურნალისტებს, მათ აქციების პროცესში დაუზიანეს აპარატურა, მათზე იძალადეს ფიზიკურად და დაუწესეს ადმინისტრაციული ჯარიმები. აქციების მიღმა, მათ ასევე ჰქონიათ დაკავების მუქარის და სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვის გამოცდილება.
რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირების ნაკლებობა ამძაფრებს დაუცველობის შეგრძნებას ქალ უფლებადამცველებში, რის გამოც ისინი ხშირ შემთხვევაში აღარც მიმართავენ პოლიციას. ინტერვიუების დროს მათ მოიყვანეს არაერთი მაგალითი, როდესაც დანაშაულის შემდეგ პასუხისგებაში არავინ მიცემულა.
სოციალური წნეხი და იზოლაცია
უფლებადამცველებზე გავლენის მოსახდენად, პირდაპირი ზეწოლის გარდა, მმართველი პარტია აქტიურად მიმართავს ისეთ ზომებსაც, რომლებიც სოციალურ წნეხში აქცევს მათ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს. უფლებადამცველები საუბრობენ საჯარო სამსახურიდან მათი ოჯახის წევრების გათავისუფლებასა და მათთვის მტრული გარემოს შექმნაზე. აგრეთვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის მხრიდან, მათი ოჯახის წევრისათვის ნარკოტიკების ჩადების მუქარაზე. ამ მხრივ, განსაკუთრებით პრობლემურია რეგიონები, რამდენადაც რეგიონებში კიდევ უფრო მაღალია მმართველი პარტიის პოლიტიკური და სოციალური კაპიტალი და გავლენები.
ინტერვიუების დროს ქალმა უფლებადამცველებმა ისაუბრეს სოციალური იზოლაციის საკუთარ გამოცდილებებზეც. ხშირია შემთხვევები, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების თუ უფლებადამცველებთან სიახლოვის თანმდევი რისკების გამო უფლებადამცველებმა დაკარგეს ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები. ერთ-ერთმა რესპონდენტმა გაამხილა საკუთარი შიში, რომ მას ვინმე ჩუმად გადაუღებს და ჩანაწერს დეზინფორმაციულად, პროპაგანდისტული მიზნებისათვის გამოიყენებს.
ბრძოლის გაგრძელება თავისუფლებისთვის
მიუხედავად იმისა, რომ ქალი უფლებადამცველები საქართველოში განიცდიან პირდაპირ და ირიბ ზეწოლას – რაც, როგორც აღინიშნა, პროპაგანდისტულ კამპანიებში, საჯარო მუქარებში, საკუთრების დაზიანებაში, სოციალურ წნეხსა (ოჯახი, მეგობრები, საზოგადოება) და სამართალდამცავთა უმოქმედობაში გამოიხატება – უფლებადამცველები განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას. მომეტებული რისკების მიუხედავად, ისინი მაინც იცავენ ადამიანების ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც, ხშირად, უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას მოითხოვს. როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, ისინი საკუთარი საქმიანობით ინარჩუნებენ თავისუფლებას: „ეგეთი არჩევანის [საქმიანობა თუ თავისუფლება] წინაშე უკვე ვიდექი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი საქმიანობა არის ჩვენი თავისუფლება და ის უნდა გავაგრძელოთ“.
კვლევის შესახებ
აღნიშნული კვლევა ჩატარდა CRRC-საქართველოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების კვლევის უნარების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. კვლევა ორგანიზაციის „დაქალი“ წარმომადგენელმა ნათია გამხიტაშვილმა 2025 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები სხვადასხვა საქმიანობის ექვს უფლებადამცველთან.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ მის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ან CRRC-საქართველოს ოფიციალურ პოზიციას.






