სამოქალაქო საზოგადოების სფეროს წარმომადგენელთა ბლოგი 4 | ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 60+ ასაკის ქალების საჭიროებების ანალიზი
ავტორი: თინათინ ჭელიშვილი, საინიციატივო ჯგუფი „ახალგაზრდები ზესტაფონისთვის“
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საპენსიო ასაკს მიღწეული ქალების მხარდაჭერის სისტემებისა და საჭიროებების შესწავლამ ნათლად აჩვენა, რომ 60+ ასაკის ქალები სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგანან. ეს სირთულეები ხშირად უხილავია და იშვიათად ხვდება საჯარო განხილვის ცენტრში, თუმცა, პირდაპირ და მტკივნეულად აისახება ამ ქალების ყოველდღიურ ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე.
კვლევა აჩვენებს, რომ ქალების გამოცდილება ერთ კონკრეტულ პრობლემას არ უკავშირდება. სოციალური ურთიერთობები, ჯანდაცვაზე წვდომა და ეკონომიკური მდგომარეობა ერთმანეთზე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და ერთიან სისტემურ სურათს ჰქმნის.
სხვებთან ერთად, მაგრამ მაინც მარტო
კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა დიდი ნაწილი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სადაც ოჯახის წევრებს შორის კომუნიკაციის აშკარა დეფიციტი არ შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ 60+ ასაკის ქალები ფიზიკურად იზოლაციაში არ არიან, მარტოობის განცდა ხშირად ემოციურ დონეზე იჩენს თავს. ქალები შეიძლება აქტიურად ურთიერთობდნენ ახლობლებთან, მაგრამ მაინც უჭირთ მათთან საკუთარი ემოციური მდგომარეობის გაზიარება.
კვლევა ცხადჰყოფს, რომ სოციალური ურთიერთობების არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს ემოციურ კეთილდღეობას. თუმცა, საოჯახო საქმეებში ჩართულობა, შვილებისა და შვილიშვილების დახმარება, მათთვის საკუთარი ღირებულებისა და მნიშვნელობის განცდას აძლიერებს. მნიშვნელოვან დამცავ ფაქტორად ქალები ასახელებენ განცდას, რომ ისინი კვლავ „საჭიროები“ არიან ოჯახისთვის.
კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახის გარეთ რესპონდენტები ნაკლებად არიან ჩართულნი სხვა საქმიანობებში. სიტუაციას ართულებს კულტურულ და საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართულობის შეზღუდული შესაძლებლობები. ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და ფინანსური რესურსების ნაკლებობა ზრდის სოციალური იზოლაციის რისკს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სოფლებში ცხოვრობს.
ჯანმრთელობაზე ზრუნვა – აუცილებელი, თუმცა ხშირად მიუწვდომელი
ჯანდაცვის საკითხები კვლევის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე მიმართულებად გამოიკვეთა. 60+ ასაკის ქალებისთვის აუცილებელი მედიკამენტების მაღალი ფასი ერთ-ერთ მთავარ ბარიერს წარმოადგენს. მიუხედავად არსებული სახელმწიფო პროგრამებისა, ქალები აღნიშნავენ, რომ დახმარება ხშირად მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს მათ საჭიროებებს.
ფინანსური შეზღუდვების გამო, ბევრი ქალი იძულებულია, მიიღოს მხოლოდ ის მედიკამენტები, რომლებიც უფასოდ ან შედარებით იაფ ფასად არის ხელმისაწვდომი, რაც მკურნალობის ეფექტიანობაზე პირდაპირ აისახება. გარდა ამისა, პროფილაქტიკურ გამოკვლევებზე წვდომა შეზღუდულია როგორც ფასის, ისე ტრანსპორტირების სირთულიდან გამომდინარე.
პენსია, ვალი და მძიმე შრომა
ეკონომიკური მდგომარეობა ქალების ყოველდღიურობას განსაკუთრებულად ამძიმებს. კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმეტესობისთვის შემოსავლის ერთადერთი სტაბილური წყარო პენსიაა. ეს თანხა კი წინასწარ გაწერილ ხარჯებზე – საკვებზე, კომუნალურ გადასახადებსა და მედიკამენტებზე იხარჯება.
ქალებისთვის ერთადერთ გამოსავლად ვალის აღება რჩება, როგორც ბანკებში (საპენსიო სესხები), ისე ადგილობრივ მაღაზიებში. ზოგიერთ შემთხვევაში ქალები სოფლის მეურნეობაშიც არიან ჩართულნი, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროდ შეიძლება იქცეს, თუმცა, ეს შემოსავალი სეზონურია და არასტაბილური. ხშირ შემთხვევაში გადარჩენისთვის საჭირო ხარჯები მიღებულ შემოსავალს აღემატება.
ქალების ყოველდღიური ცხოვრება ხასიათდება ინტენსიური საოჯახო და სოფლის მეურნეობის შრომით, რაც ხშირად ფიზიკურ გადაღლასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. მიუხედავად ამისა, საოჯახო შრომა ქალების მხრიდან იშვიათად აღიქმება, როგორც დამატებითი ტვირთი: მათთვის ეს ბუნებრივი მოვალეობაა და საკუთარი ღირებულებისა და თვითშეფასების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
ღირსეული სიბერე სისტემურ პასუხს მოითხოვს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 60+ ასაკის ქალების გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ მათი წინაშე არსებული გამოწვევები ერთმანეთთან კავშირშია. სოციალური ურთიერთობები, ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესაძლებლობები და ეკონომიკური მდგომარეობა ერთმანეთზე პირდაპირ ზემოქმედებს და ქალების კეთილდღეობას ერთობლივად განსაზღვრავს.
არსებული სოციალური, ჯანდაცვისა და ეკონომიკური მხარდაჭერის მექანიზმები ქალების რეალურ საჭიროებებს სრულად ვერ პასუხობს, რის გამოც ბევრი პრობლემა ინდივიდუალურ დონეზე გადაუჭრელი რჩება. ქალების მონათხრობი გვახსენებს, რომ ეს სირთულეები მხოლოდ პირადი გამოცდილებები არ არის. ისინი ასახავს უფრო ფართო სოციალურ რეალობას, რომელსაც საქართველოში ბევრი 60+ ასაკის ქალი იზიარებს.
ამ გამოცდილებების გააზრება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის მდგომარეობის დასანახად, არამედ იმის გასაგებადაც, თუ რატომ არის საჭირო უფრო თანმიმდევრული, გენდერულად მგრძნობიარე და სისტემური მიდგომა, რომელიც 60+ ასაკის ქალების ღირსეულ ცხოვრებას რეალურ პრიორიტეტად აქცევს.
კვლევის შესახებ
აღნიშნული კვლევა გახორციელდა CRRC-საქართველოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების კვლევის უნარების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. კვლევა ჩაატარეს ორგანიზაცია „ახალგაზრდები ზესტაფონისთვის“ წარმომადგენლებმა თინათინ ჭელიშვილმა და ნათია გოგიშვილმა 2025 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში. სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, ათ 60+ ასაკის ქალთან.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ მის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ან CRRC-საქართველოს ოფიციალურ პოზიციას.






